სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევები იყო ის მთავარი მიზეზი, რატომაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. ლევან მურუსიძის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა სასამართლოს შესახებ აზრის გამოხატვის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე.
მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობისთვის მთავარია, გაგრძელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწიეს.
რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მართლმსაჯულება და რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ლევან მურუსიძეს, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძეს ესაუბრა.
ბატონო მინდია, რამდენად ეთანხმებით პრემიერის განცხადებას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი? შეიძლება ითქვას, რომ დღეს სასამართლო დომოუკიდებელია?
- უნდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით და თუ თქვენ გაესაუბრებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, დარწმუნებდით, რომ მართლაც სერიოზულმა ამბებმა მოიყარა თავი. პირადად მე გამიჩნდა იმედი, რომ შეიძლება მართლაც რაღაცა გევშველოს. რაც შეეხება ლევან მურისიძეს, რომელიც როგორც თქვენგან გავიგე, პრემიერ-მინისტრს შეხვდა, მისი არაფერი მწამს, იმიტომ, რომ ის არის სრული გაუგებრობა. გაუგებარია საერთოდ როგორ ლაპარაკობს. მურუსიძე, რომ ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს აშკარაა.
ხელის შეშლა რაში გამოიხატება, როგორ უშლის ხელს მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობას?
- ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ამას წინათ იყო ლაპარაკი, რომ სასამართლოში უნდა შემოეღოთ ე.წ. ინსპექტორის თანამდებობა, რომელიც გააადვილდება მოსამართლეების ანგარიშვალდებულების საკითხის მოგვარებას. ეს ინსტიტური ევროპის ბევრ ქვეყანაშია, ძალიან უხეში შედარებით, ეს არის იგივე ომბუდსმენი. როდესაც მურუსიძე და სხვები ამის წინააღმდეგ გამოდიან, ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და რაოდენ აუცილებელია, რომ მის საპირწონედ არსებობდეს ანგარიშვალებულება, აი, ამაზეა ლაპარაკი.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ მისი ინტერესია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა სასამართლოს შესახებ აზრის გამოხატვის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე...
- სასამართლო არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ იგი ქმნის პოლიტიკას. სასამართლო არის პოლიტიკის მკეთებელი ორგანო და თუკი სასამართლო არის პოლიტიკის მკეთებელი ორგანო, მაშინ როგორ აპირებს ეს ხალხი არავითარი შეფასება არ მიეცეს იმას, როგორი პოლიტიკა შექმნა ამ სასამართლომ, კარგი თუ ცუდი? ეს ვერ წარმომიდგენია. სხვა საკითხია ის, რომ სანამ კონკერტული საქმე იხილება, სასურველია, ამ შემთხვევაში თავშეკავებულები ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ ვთქვათ. მაგრამ ის, რომ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა მისცენ შეფასება და თქვან, რომ სასამართლო პოლიტიკა რომელიც ტარდება, კარგია ან ცუდია, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება და ამის შეზღუდვა ან აკრძალვა, მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს შეუძლიათ.
სასამართლო სისტემის რეფორმა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ნინო გვენეტაძეს ღიად დაუპირისპირდა ლევან მურუსიძე და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას, რომლის ინიციატორიც უზენაესი სასამართლოა. პრემიერის განმარტებით, მურუსიძისგან მოისმინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული ის შეხედულებები, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით აქვს. რითი ხსნით მურისიძის პოზიციას სასამართლო სისტემის რეფორმასთან მიმართებაში?
- ბუნებრივია, რომ პირველი პირი ასე უნდა ლაპარაკობდეს. პირველ პირს მართებს ტაქტიანად თქვას, ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე პირადად ვიცნობ რა მურუსიძეს და მისნაირი შეხედულების ადამიანებს, საერთოდ ძნელად წარმოსადგენია მურუსიძის პირიდან რამე სიკეთის მომცემი განცხადების მოსმენა და ამას გეუბნებით ყოველგავრი მორიდების გარეშე. ეს არის ცოდვილი ხალხი, ცოდვაში აქვთ ფეხი ნადგამი და რა უფლებით ლაპარაკობენ, ან რა უფლებით ელაპარაკებიან ვინმეს, ეს ჩემთვის გაუგებარია.
რა უნდა ელაპარაკო მურუსიძეს, რომელსაც ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, რომელსაც არავითარი კავშირი სამართალთან და სამართლიანობასთან არ აქვს. პირდაპირ გეუბნებით, იმდენად ოდიოზური პიროვნებაა მურუსიძე, რომ სერიოზულად ვერ აღვიქვამ მის ვერც ფიგურას და ვერც აზროვნებას. ახლა მე თქვენ გეკითხებით, რატომ აუხირდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ინსპექტორის თანამდებობის შემოღებაზე?
ფაქტია, რომ ეს ინსტიტუტი გახდა გვენეტაძის წინააღმდეგ გალაშქრების ერთ-ერთი მიზეზი....
- რა უნდათ ნინოსგან ვერ გავიგე. მინდა გითხრათ, რომ მისი ოპონენტი ვიყავი. მან თავისი შრომით და ცოდნით მიაღწია ყველაფერს. ესენი ყველანი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არიან დაწინაურებულები. ნინომ მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის დაჩქარებას, რომ დროზე ჩამდგარიყო საქმე კალაპოტში. თუკი ევროპას აქვს რეფორმის უფლება, რატომ არ აქვს ამის უფლება ქართულ მართლმსაჯულებას და როდის შევა ეს მურუსიძის დაღუპულ თავში?!
სწორედ ამაში მდგომარებს ოპონენტების პრეტენზია, რომ მიუღებელია რაიმე სახით სასამართლოს კონტროლი...
- ეს კონტროლი იცით რას ნიშნავს? - ინსპექტორი თუ შენიშნავს რაიმე საეჭვოს იტყვის, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს თვითონ მურუსიძე და მისი საბჭო. ე.ი. ესეც კი არ უნდა მურუსიძეს. არსებობს მოსამართლეების სადისციპლინო კომისია, სადაც ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე მოღვაწეობს, ვკითხე რამდენი მოსამართლის საქმე განიხილა სადისციპლინო კომისიამ–თქო და მითხრა, რომ ორი წელია საქმე არ მოსულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდანო და თუ არ მოვიდა, როგორ უნდა განვიხილითო.
კუბლაშვილმა და მურუსიძემ დაიფიცესო, სანამ ჩვენ ცოცხალი ვართ, ვერ მოესწრებით იმას, რომ ჩვენს მოსამართლეებზე საქმე იყოს აღძრულიო, ამით ყველაფერი გასაგებია. იმისთვის, რომ არ შეიქმნას დოკუმენტი, რომ მათ ცუდი მოსამართლეები ჰყავდათ, საქმეს არ აგზავნიან მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიაში. სხვათა შორის, მეცოდება ეს მოსამართლეები, ყველას უსმენდნენ და რა ქნან იმ საწყლებმა, დაშინებული არიან და სანამ ცოცხლები არიან იკანკალებენ.
აიღეთ სტატისტიკური მონაცემები, მურუსიძის მუშაობის პირობებეში რამდენი განცხადება შევიდა მოსამართლეების წინააღმდეგ და აქიდან რამდენი გადეგზავა სადიციპლინო კომისიას. როგორც გითხარით არც ერთი განცხადება არ არის გადაგზავნილი. ამით ყველაფერი ნათქვამია.
მათ უნდათ, რომ მათ მიერ გაწვრთნილი მექრთამეობაში თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მონობაში გაწვრთნილი მოსამართლეები არავის წინაშე არ იყვნენ ვალდებული.
მექრთამეობა ახსენთ, შესაბამისად მინდა გკითხოთ, ბატონმა ლევან მურუსიძემ გააკეთა განცხადება სასამართლოში კორუფციის რისკებზე. კორუფციის რისკის წინაშე დგას სასამართლო?
– კორუფციის რისკები მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო ნაკლები იქნება კონტროლი მოსამართლეებზე. მურუსიძე თუ ამბობს, რომ არ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ჩასაფრებული იქნება ამაზე, რომ მსგავსი არაფერი მოხდეს, რა თქმა უნდა, გაიზრდება ეს ამბები. კორუფციის რისკი ყოველთვის არის, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს იყოს. კიდეც, რომ გაჩნდეს კორუფციის რისკი, არ ვიცი რითი შეიძლება იყოს ეს ნაკარნახევი. როდესაც იუსტიციის საბჭოში მურუსიძე და მისნაირები არიან და სანამ მოსამართლეებზე ერთხელაც არ აღიძრება დისციპლინური დევნის საკითხი, რა თქმა უნდა, იზრდება კორუფციის რისკი. ამ რისკის შემომქმედი არის თვითონ მურუსიძე. ნეტა თვითონ მურუსიძე მირეკავდეს, იგივე ვეტყოდი, ოღონდ ცოტა უფრო გაბრაზებული.