„ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა. 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი - უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა“, - ამ სიტყვების ავტორი, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძეა, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ხარშილაძე ექსპრეზიდენტის ენით საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ სიმართლე დადგინდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოფილი პრემიერის მკვლელობაში და შემდეგ უკვე მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. კერძოდ, გამათბობელი „ნიკალა“ რომელიც გამოძიების მტკიცებით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი გახდა, იმ დღეს საერთოდ არ ჩართულა. გარდა ამისა, საბედისწერო ბინაში არსებულ საწოლზე აღმოჩენილია რამდენიმე ადამიანის დნმ-ის კვალი, მაგრამ ის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვს არ ეკუთვნით.
რატომ ჰქონდა ზურაბ ჟვანიას თავზე ღრმა ჭრილობა, რატომ მიიტანეს ცხედრები საბურთალოს ქუჩაზე, რა მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ და რა დასკვნა დადეს უცხოელმა ექსპერტებმა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გოგლა ჟვანიას ესაუბრა.
„გარდაცვლილ ადამიანს, რომელიც პასუხს ვერ გაგცემს, შეიძლება მიაწერო ნებისმიერი რამ, მითუმეტეს როდესაც მომხდარი ამბის სხვა გარეშე მოწმეები არ არსებობენ“, - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში კობა ხარშილაძის ჩვენებას, რომლის მიხედვით იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ხარშილაძის ჩვენება?
- ჩვენი საზოგადოება ძალიან ადეკვატურად და სწორად აფასებს მოვლენებს. სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება ვერ ახერხებს საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი სურვილი - ყველაფრი ნათელია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველა, ვინც ზურას მკვლელობაში და საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა, დაისჯება. ამას ვსაუბრობ იმ მტკიცებულებიდან გამომდინარე, რომელიც საქმეში არსებობს.
ცალსახად შემიძლია გითხრათ და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - „ნიკალა“, რომელიც თითქოსდა იმ „უბედური შემთხვევის“ მიზეზი გახდა, იმ დღეს საერთოდ არ ჩართულა. როგორ შეიძლებოდა ადამიანები გაგუდულიყვნენ ოთახში, თუ გაგუდვის მიზეზი „ნიკალა“ საერთოდ არ ჩართულა? - ეს ხომ აბსურდია.
რა მტკიცებულების საფუძველზე აცხადებთ, რომ გამათბობელი საერთოდ არ ჩართულა?
- ამას მოწმობს ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია და ასევე, ექსპერტიზის დასკვნები და არა მარტო ქართველი ექსპერტების. რაც შეეხება ხარშილაძეს და ძაძამიას, მათ ერთადერთი რამ მინდა ვურჩიო, თავი დაანებონ სისულელეების ლაპარაკს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რადგან ამ სისულელეების ლაპარაკით თავის მდგომარეობას იმძიმებენ. გაცილებით მძიმე დანაშაულს აღირებენ საკუთარი პირით, ვიდრე აქვთ წაყენებული.
მივყვეთ ხარშილაძის ჩვენების სიზუსტეს, ის ამბობს, რომ იმ ბინაში შესვლა ვერ მოახერხა და ამიტომ გისოსებიდან შევიდა ოთახში. თუმცა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მან ვერ შეძლო გისოსებიდან შესვლა. როგორ ფიქრობთ, რატომ ამტკიცებს ხარშილაძე, რომ ის გისოსებიდან შევიდა?
- ხარშილაძე იტყუება. ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს მოვითხოვე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რადგან გამოძიების მასალებში ძალიან მკაფიოდ იყო მითითებული თუ როგორ შეძვრნენ გისოსებიდან ოთახში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ ვერ შეძლეს იმ გისოსებიდან ოთხაში შესვლა. ბუნებრივია, რომ იმ ოთახში ფანჯრიდან არავინ შესულა და ვერც შეძლებდნენ. მათ ჰქონდათ გასაღები, რომლის საშუალებით შევიდნენ ოთახში და აკეთებდნენ იმას, რა დავალებაც ჰქონდათ.
ხარშილაძე ჩვენების ნაწილში ამბობს, რომ უსუპოვის ცხედარი ჯერ გაიტანეს, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს ბინაში. თავისთავად ჩნდება კითხვა - სად დაიკარგა რაულ უსუფოვის ფეხსაცემლი?
- ძალიან ბევრი ისეთი დეტალია, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. უსუპოვის ფეხსაცმელი დაკარგულია. მეტიც, მას ტანზე აქვს ნაჩხვლეტები. ზურას ტუჩზე აქვს დაზიანებები, თავიდან ვიცოდით, რომ თითქოს ეს დაზიანებები ხელოვნური სუნთქვის შედეგად იყო მიღებული, მაგრამ საქმეში არსებული ვიდეო მასალით დადასტურდა, რომ ზურას თავში აქვს ძალიან ღრმა დაზიანება, რომელიც ტვინამდე ჩადის.
რის შედეგად აქვს მიღებული დაზიანება?
- საკმაოდ ძლიერი დარტყმა აქვს მიყენებული თავის ზედა არეში, ძალიან ღრმა დაზიანებაა. ამ დაზიანების შესახებ არსებობს ექსპერტის დასკვნაც. ნაწილი ამ მასალებისა, სადაც დაზიანებები ჩანს ე.წ. „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა.
როგორ მოხდა ეს ჩანაწერი ინტერნეტში, თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- არ ვიცი, ეს ცალკე საკითხია. ძალიან ბევრი დეტალია, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარი, რითიც დავიწყე, ეს არის გამათბობელი, რომელიც საერთოდ არ ჩართულა და ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა. როდესაც განახლდა საქმის გამოძიება, ძალიან სწრაფად ამოტივტივდა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მაძლევდა იმედს, რომ პროცესი მალე დასრულდებოდა, მაგრამ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, პროცესის გაჯანჯლება მოხდა. მთლიანობაში გამოძიება სწორად მიდის, რომელიც აუცილებლად შედეგიანად დასრულდება.
მათ ვერსიას, რომ გავყვეთ რა სურათიც არ უნდა დახვედროდა ხარშილაძეს, ერთადერთი და პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, უნდა გამოეძახა სასაწრაფო დახმარება. შეიძლება ეს ადამიანები ცოცხლებიც ყოფილიყვნენ და გადარჩენაც შესაძლებელი ყოფილიყო. მან კი, არათუ სასწრაფო არ გამოიძახა, ადგილზე მისული ზურას პირადი ექიმი ბინაში არ შეუშვა და ზურას ცხედარს არ მიაკარეს.
რატომ არ შეუშვეს ექიმი?
- რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა მანიპულაციები და ამ ყველაფრის ინსცენირება. ზედმეტი ხალხის დასწრება და ზედმეტი თვალისთვის რაღაცეების დანახვა არ უნდოდათ. ეგონათ, რომ შეცდომის გარეშე შეძლებდნენ ყველაფრის ინსცენირებას. უამრავი შეცდომა აქვთ დაშვებული იმ სცენარის დადგმის პროცესში. უკვე თვითონვე აღიარებენ ერთი ცხედრის გადაადგილებას, ამ შემთხვევაში - უსუფოვის. ამბობენ, რომ გატანილი იქნა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია გატანილია თუ შემოტანილი. ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ცხედრები იმ ბინაში მიიტანეს.
რამდენადაც ვიცი დაკითხულია მოწმე, რომელმაც ნახა ცხედრების შეტანის პროცესი...
- გიდასტურებთ, რომ ეს ქალაბატონი დაკითხულია. როგორც გითხარით დაკარგულია რაულის ფეხსაცმელი და მათ ვერსიას რომ გავყვეთ, შეუძლებელია გადაადგილების პროცესში დაკარგულიყო. აქ საუბარია გადაადგილებაზე 5 მეტრის მანძილზე. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ სხვაგან მოხდა ეს ამბავი და მერე მოხდა იმ ბინაში ცხედრების შეტანა. გარდა ამისა, ძალიან დასვრილია რაულის ტანსაცმელი. როგორც კი ეს შემთხვევა მოხდა, იმ დღესვე საიდუმლოდ დაიწყეს იმ ჭორების გავრცელება, რაზეც ახლა საუბრობს ხარშილაძე. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებული. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური სახეები და მათი ოჯახის წევრები.
შეგიძლიათ გვითხრათ ვის ჰქონდა დავალებული ამ ინფორმაციის გავრცელება?
- ჯერჯერობით თავს შევიკავებ, ამის დროც მოვა. ხალხმრავალ ადგილებზე თუ შეკრებებზე ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, რაც დადასტურებულია. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ არავის არ გასჩენოდა საქმეში ჩახედვის სურვილი. როდესაც ამ საქმის ქექვა დავიწყე, პირადად ჩემზეც ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მქონდა ზურას საქმის გაცნობის სურვილი. როგორც კი ასეთი ვერსია გავრცელდა, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე.
ამ დრომდე გაურკვეველია ექსჰუმაციის საკითხი. სავარაუდოდ, როდის ჩატარდება გვამის ექსჰუმაცია?
- ექსჰუმაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. დაველოდოთ გამოძიებას, შეიძლება გახდეს საჭირო, შეიძლება არა. თუ საჭირო გახდება გვამის ექსჰუმაცია ჩვენ თანახმა ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რაზეც ხარშილაძე საუბრობდა, ეს საქმის მასალებით არ დასტურდება. რაც შეეხება იმ ბინას, იქ იყო საწოლიც და თეთრეულიც. მეტიც, ვიღაცეები ნაწოლიც არიან და ნაჩხუბრებიც, ამის შესაბამისი კვალი არსებობს.
მაგრამ არა ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი?
- ბუნებრივია, - არა. ძალიან დაბინძურებული ბინა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის დნმ-ია აღმოჩენილი, მაგრამ არც ერთი არ ეკუთვნის ზურას და რაულის.
ამერიკელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ FBI-ის თბილისის ბიუროში განადგურდა ყველა მტკიცებულება, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმესთან იყო დაკავშირებული. თქვენ თუ გაქვთ ეს ინფორმაცია?
- ყველა მტკიცებულება რომ გაენადგურებინათ, ჩვენ დღეს ვერ ვისაუბრებდით დეტალებზე. ბევრი რამ ვერ გათვალეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს. საკმაოდ რთული საქმე იყო თვითონ შემსრულებლისთვისაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც თავად ედოთ საქმის მასალებში და ნანახიც აქვთ, ეს არის შსს-ს ვიდეო-ფირი, რომელშიც ძალიან აშკარად ჩანს ის დაზიანები, რომელიც მიყენებული აქვს ორივეს. როგორც ჩანს, ამ ფირს სერიოზულად არ მოეკიდნენ. ამ ფირს სჭირდებოდა სპეციალური აპარატურით შემოწმება, რომ დადგენიყო ჰქონდათ თუ არა ცხედრებს დაზიანება, რაც მოხდა კიდევაც. ასე რომ, მტკიცებულებები საკმაოდ ბევრია. ვპირდები სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს ამ დანაშაულზე.
ბრალდებულების მოთხოვნით საქმეში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვნენ, რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება მათი ვერდიქტი?
- ამ ადამიანებს სერიოზული გადაწყვეტილება აქვთ მისაღები და დაველოდებით მათ ვერდიქტს.