„2008-2014 წლებში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა“, - ასეთ დასკვნას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აკეთებს. მათი შეფასებით, თვითმკვლელობების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 2014 წელს დაფიქსირდა.
უფრო გლობალურად, ყოველწლიურად მსოფლიოში 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. თუკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვერწმუნებით, მასმედია და სოციალური ქსელი ხშირად სუიციდის პროვოცირების გამომწვევი და მკვლელობის თანამონაწილეა. საქართველოში თვითმკვლელობა ხშირად ხვდება სატელევიზიო ახალი ამბების მთავარი გამოშვების პირველ ბლოკში. განსაკუთრებით, ამ მხრივ ნაციონალური არხები აქტიურობენ.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მანანა შარაშიძის შეფასებით, ავსტრიაში ძალიან ხშირად ხდებოდა თვითმკვლელობა მეტროში და მედია ყოველ ასეთ შემთხვევას დეტალურად აღწერდა. 1987 წელს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ავსტრიელი ჟურნალისტები დაარწმუნეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი სუიციდის გაშუქებისას არ იტყოდნენ, რომ თვითმკვლელობა მეტროში მოხდა, სუიციდის შესახებ მომზადებულ მასალას არ უნდა ჰქონოდა მყვირალა სათაური, არ უნდა აღეწერათ თვითმკვლელობის მეთოდი, არ გამოეყენებინათ ძალადობის გამომსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. გარდა ამისა, ასეთი სტატია არ უნდა განთავსებულიყო გაზეთის პირველ და ბოლო გვერდზე. შედეგად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სუიციდის რაოდენობამ იკლო, მეტროში თვითმკვლელობების შემთხვევები კი 75%-ით შემცირდა. ამჟამად ასეთი რეგულაციები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, 2012 წლამდე ძალზე მომატებული იყო სუიციდის ფაქტები, რაც, ნაწილობრივ, ციხეებსა და ციხის გარეთაც შექმნილი უსამართლო ფსიქოზური გარემოთი შეიძლება აიხსნას. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, მამაკაცები ნაკლებად ზოგავენ თავს და თავიანთ გადაწყვეტილებაში უფრო კატეგორიულნი არიან. მამაკაცების თვითმკვლელობისას ხშირია სიმაღლიდან ვარდნა, მდინარეში თავის დახრჩობა, იარაღის გამოყენება, მაშინ, როცა ქალები შედარებით უფრო მსუბუქ ფორმებს იყენებენ - სვამენ აბებს, იჭრიან ვენებს, რაც ზოგჯერ ფატალურად არ მთავრდება და, ცალკეულ შემთხვევაში, მანდილოსნების გადარჩენას ახერხებენ.
„ჩემი აზრით, ქალი უფრო ნაკლებად ცდილობს დაემშვიდობოს სიცოცხლეს, ქალი უფრო ადაპტურია და მკვეთრ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სუიციდის გამოყენებით ქალი ცდილობს, ვიღაც დასაჯოს და ვიღაცამ დაინახოს, თუ რამდენად ცუდად მოექცნენ მას. რეალურად, მას სიცოცხლე კი არ მობეზრდა, არამედ ამ ფორმით ადამიანის დასჯა უნდა. ძირითადად, ეს უფრო პარტნიორთან ურთიერთობის გამოხატულებაა. ახლახანს ვნახე ასეთი შეფასება - „ციხეებში როდის დამთავრდება მკვლელობები“. ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი, თითქოს ციხეებში ძალადობრივი ფაქტების მატებაა. სინამდვილეში, გასულ წლებთან შედარებით, ციხეებში ჩხუბის ან კონფლიქტის შედეგად ადამიანთა მკვლელობები და სუიციდი აშკარად შემცირებულია. ცხადია, თითოეული ასეთი შემთხვევა ტრაგედიაა და ნორმალურმა საზოგადოებამ ასეთ ფაქტებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სტატისტიკის თანხლებით. ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ თითოეული ტრაგედიით და არ უნდა წარმოვაჩინოთ, თითქოს მაინცდამაინც ახლა ხდება კატასტროფა. თუ ასეთი ფაქტების მატებაა, მაშინ ეს დიდ დეპრესიულ ფონზე მიუთითებს, რაც ნამდვილად ასე არაა“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ მკვლელობისგან განსხვავებით, სუიციდი შეიძლება გადამდები იყოს და არა მარტო ხელისუფლებაა ვალდებული, იზრუნოს ადამიანზე, არამედ ჟურნალისტმაც არ უნდა ჩააბას ადამიანი იმ ტკივილში, რომელიც მას სულაც არ ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ყველანი, საზოგადოების წევრები ვართ და ერთმანეთის ტკივილი უნდა გვესმოდეს. განსაკუთრებით, ეს სატელევიზიო მედიას ეხება, რომელმაც არ უნდა გადასდოს და არ დათრგუნოს ადამიანი.
ექსპერტი თვლის, რომ 13 ივნისის ტრაგედია მძიმედ აისახა ჩვენს ფსიქიკაზე და ეკლესიის, ფსიქოლოგების ჩართვა აუცილებელია. საზოგადოებას იმედი უნდა მივცეთ, ოღონდ ტყუილი იმედის მიცემა არანაირ შედეგს არ მოიტანს. უნდა მოხდეს პრევენცია, რომ ადამიანმა თავის თავზე არ მიიღოს და შეძლოს საკუთარი თავის გამიჯვნა ტრაგედიისგან. მაია ნიკოლეიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ქართულ ჯარშიც, მე-8 საპყრობილეშიც თვითმკვლელობის შემთხვევები ყოფილა. მართალია, ჯარისკაცები ახლგაზრდები არიან და მათ ცხოვრებას თითქოს დაღი ჯერ არ უნდა ემჩნეოდეს, მაგრამ მათაც დამძიმებული ბეგრაუნდი აქვთ. ისეთი ოჯახებიდან მოდიან, სადაც მამა ვერ „ქაჩავს“ ამ ცხოვრებას, დედაც დათრგუნულია, ამის შემყურე ბავშვი, რომელიც პირველად მარტო რჩება ცხოვრების წინაშე, ძალზე სუსტია. ისინი ხომ ჯანსაღი გარემოდან არ გამოდიან“.
For.ge-სთან საუბარში ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ 2008-2014 წლებში თვითმკვლელობების რაოდენობა ხუთჯერ გაზრდილიყოს. მისი თქმით, ამ მონაცემების ზუსტად შეკრება არ ხდება. შს სამინისტროს აქვს გარკვეული სტატისტიკა, მაგრამ, რამდენად უტყუარია, ამის თქმა რთულია, რადგან ხშირად „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით ხდება საქმის აღძვრა და ძნელია გარჩევა, იქიდან რამდენია თვითმკვლელობა და რამდენი - მკვლელობა.
„არა მგონია, თვითმკვლელობის სტატისტიკა გაზრდილიყოს. შესაძლოა, რომელიღაც ორგანიზაცია ამას ახლა აღრიცხავს, მაგრამ წინმსწრები აღრიცხვები არ ჰქონდეს გაკეთებული. მაგალითად, 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პოსტ ტრავმული აშლილობა, შესაძლოა, იმ დროს მომხდარიყო პროვოცირება, ბიძგი თვითმკვლელობისთვის. აგვისტოს ომი ამისთვის მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო. თუმცა სუიციდის პრევენცია უნდა მოხდეს. ვთქვათ, ადამიანი დეპრესიულად წევს სახლში, ასეთ შემთხვევაში, მობილური მულტიდისციპლინური ჯგუფების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა. ამ ჯგუფის წევრები (ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი) თავად მიდიან ამ ადამიანთან და მდგომარეობას ადგილზე აფასებენ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად ხდება სტაციონირება. თუ ადამიანს აქვს იმპერატიული ჰალუცინაციები - „ადექი, თავი მოიკალი!“ და სხვა, ამის დროზე აღმოჩენა და მკურნალობა ხდება“, - აცხადებს გიორგი გელეიშვილი და აქვე განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, სუიციდის უფრო „საიმედო“ მეთოდს მიმართავენ მამაკაცები - ტყვია, თავის ჩამოხრჩობა. ასე რომ, შემდგარი სუიციდი უფრო ხშირად კაცების შემთხვევაში ფიქსირდება, თორემ თვითმკვლელობის მცდელობა ქალებში ორჯერ უფრო მეტია. ქალის ბუნება უფრო მიდრეკილია დემონსტრაციული ქცევისადმი და მანდილოსნები მიმართავენ ხერხებს, რომლებიც ნაკლებად გარანტირებულ სიკვდილს განაპირობებს, კაცებს კი დემონსტრატიულობა ნაკლებად ახასიათებთ.