„ბერძნები რაციონალური და ცივი გონებით რომ მიდგომოდნენ საკითხს, ვერავითარი შეთქმულება მათ წინააღმდეგ ვერ იმუშავებდა“

„ბერძნები რაციონალური და ცივი გონებით რომ მიდგომოდნენ საკითხს, ვერავითარი შეთქმულება მათ წინააღმდეგ ვერ იმუშავებდა“

ციპრასი ევროკავშირს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება. საბერძნეთმა თავის კრედიტორებს ვალის დაფარვის გეგმა უკვე წარუდგინა. გეგმა ითვალისწინებს გადამზიდავ კომპანიებზე გადასახადების გაზრდას, დღგ-ს გადასახადის 23%-მდე აწევას, „სოლიდარობის პენსიის“ 2019 წლამდე გაუქმებას, თავდაცვის ბიუჯეტის 300 მილიონი ევროთი შემცირებას, პორტების პრივატიზაციას და სატელეკომუნიკაციო კომპანიების წილების გაყიდვას, ასევე, მდიდარი კუნძულებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას.

თუკი კვირამდე არ მოხდება შეთანხმება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთის ეკონომიკას კოლაფსი მოელის და ქაოსი დაიწყება, მით უფრო, რომ ბანკები კოლაფსის პირას არიან. მართალია, ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველობა ირწმუნება, რომ საბერძნეთის ბანკებს უკვე თვეებია, ფულით ამარაგებს, მაგრამ მალე მივალთ ეტაპამდე, როცა ეს აღარ იქნება შესაძლებელი.

თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, - „ჩვენ, ყველას, გვეკისრება პასუხისმგებლობა ამ კრიზისზე და ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა მის მოგვარებაზე“.

საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ბერძენი ხალხის გადაწყვეტილება მისაბაძია და ბერძნები არ დაემორჩილნენ დასავლეთის კაბალურ დირექტივებს, ე.წ. „ეკონომიკური მკვლელების“ რეკომენდაციებს, რომლებმაც თავიანთი შენიღბული ფორმებით არაერთი მესამე ქვეყანა გაკოტრებამდე მიიყვანეს. მართალია, საბერძნეთს ისე არ უჭირდა და იქ ყოველწლიური ერთიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა 1.000$-ზე ნაკლები არ ყოფილა, მაგრამ საბერძნეთი უკვე გაღატაკებულია.

მავანმა რელიგიურ პლანში დაინახა საბერძნეთში არსებული უმძიმესი ვითარება და განსაზღვრა, რომ ფანტასტიკურია ბერძენი ხალხის სიმამაცის ნახვა ბრიუსელის პოლიტიკური და ეკონომიკური დამცირების პირისპირ. მათი აზრით, კათოლიკურ-პროტესტანტულ–იუდეურმა ევროპამ და ამერიკამ, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების უპირველესი დამცველნი და დამკანონებელნი არიან, მეორეხარისხოვნად მიიჩნიეს მართლმადიდებელი („ორთოდოქსი“) ბერძენი ერის ინტერესები, ბერძნებს ეროვნული ღირსება შეულახეს, რის გამოც მათგან ღირსეული პასუხი იწვნიეს. ბერძენმა ხალხმა ხმა აღიმაღლა და არ ისურვა, უსიტყვოდ დამორჩილებოდა უმდიდრესი ევროზონის დიქტატს.

„ბერძენი ხალხის გადაწყვეტილების კეთილი შურით შემშურდა“, - აცხადებს სამართლის დოქტორი და პროფესორი გია მეფარიშვილი. მისი თქმით, საბერძნეთში შექმნილი სიტუაცია, დემოკრატიის თვალსაზრისით, სერიოზული გარღვევაა, თუმცა ეკონომიკურად მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება, რადგან ფულის რესურსი ბერძნებს რამდენიმე დღეში ეწურებათ. შესაბამისად, თუ ევროპულ სტრუქტურებთან ახალი ხელშეკრულება და ურთიერთოებები არ იქნება, განსაკუთრებით - გერმანიასთან და ძირითად დონორ ქვეყნებთან, პრობლემა ბერძნებს, ალბათ, არ მოეხსნებათ“.

ბოლო პერიოდში პოპულარულია საბერძნეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიაც. ამ თეორიის ავტორების პოზიცია მეტ-ნაკლებად, გასაგებია ეკონომიკის საკითხების ექსპერტ პაატა აროშიძისთვი. For.ge-სთან საუბარში ის ამბობს, რომ საბერძნეთის პრობლემა ცალკე არ არსებობს და ეს მთლიანად ევროკავშირის პრობლემაა, რადგან ევროკავშირი მოიცავს როგორც მაღალგანვითარებულ ქვეყნებს (დიდ ბრიტანეთს, გერმანიას), ასევე, ისეთ ჩამორჩენილ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი და სხვა. ის, რომ ევროკავშირს ერთიანი მიდგომა გააჩნდა გერმანიისადმი და საბერძნეთისადმი, აპრიორი, ეს უკვე დამღუპველი იყო, რადგან ეკონომიკური განვითარებით, ეს ორი სხვადასხვა ქვეყანა გახლდათ.

„ნაწილობრივ, ვარაუდი, რომ სწორედ ევროკავშირის ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა საბერძნეთი დაღუპვამდე, გასაგებია. პრობლემა, რომელმაც საბერძნეთი მოიცვა, არ არის ერთი, ორი და რამდენიმე თვის წინ ჩასახული. ეს რამდენიმეწლიანი პრობლემაა. თუნდაც ავიღოთ ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობის კრედიტებს იღებდა საბერძნეთი, მას ეს კრედიტები მიეცემოდა, მაგრამ ეს კრედიტი არ იყო გამყარებული მისი გადახდისუნარიანობით. საკმაოდ რთულია ე.წ. შეთქმულების თეორიებზე მსჯელობა. თუ ამას განვიხილავთ რუსეთის საწინააღმდეგო კონტექსტიდან, თეორიულად ყველაფრის არსებობა დასაშვებია, მაგრამ ეკონომიკურ პლატფორმით თუ ვიტყვით, ეს ქვეყანა იღებდა დიდი რაოდენობით კრედიტებს, რომლის გადახდის უნარიც არ გააჩნდა. როდესაც მას გადახდის დრო დაუდგა, ქვეყანამ უარი განაცხადა მის გადახდაზე. ეკონომიკურად, პოლიტიკურად, მორალურად, ეს ფაქტორი გაუმართლებელია. გვახსოვს პერიოდები, როცა საბერძნეთი ითხოვდა თანხებს გარკვეული რაოდენობით და არა მარტო საბერძნეთი, სხვათა შორის, პორტუგალიაც და იტალიაც თავის დროზე ამ დღეში იყო, მაგრამ საბერძნეთმა ეს საკითხი გაიტანა რეფერენდუმზე და ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტა, მხარი არ დაუჭიროს საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას. საბერძნეთმა რომ დატოვოს ევროკავშირი, თვითონ ევროკავშირისთვის იქნება ლახვრის ჩაცემა. პირველ რიგში, ევროკავშირიდან გავლენ განვითარებული ქვეყნები - გერმანია და დიდი ბრიტანეთი, რადგან გერმანელ თუ ინგლისელ ამომრჩეველს საერთოდ არ აინტერესებს საბერძნეთის პრობლემა, მაშინ, როცა გერმანელი პოლიტიკოსი და, ამ შემთხვევაში, მერკელი ვალდებულია, გერმანელი გადამხდელის მიერ გაღებული თანხა მისცეს საბერძნეთს. ამას არც ერთ მთავრობას არ აპატიებს თავისი ხალხი. ამიტომ საბერძნეთის გასვლით და რღვევის დაწყებით, პირველ რიგში, ისარგებლებენ განვითარებული ქვეყნები. გერმანიას არ სურს ლოკომოტივის როლში იყოს და საბერძნეთისთანა ჩამორჩენილი ქვეყნები არჩინოს. ეს იდეა უკვე დიდი ხანია, არსერბობს“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.

რაც შეეხება კრედიტორებისთვის ვალის დაფარვის ციპრასისეულ გეგმას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა ზღვაში წვეთია და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ შესრულდება. ვთქვათ, დღგ-ს განაკვეთი ასწიონ, ან რომელიმე კუნძულს მიანიჭონ თავისუფალი კუნძულის სტატუსი, ეს მხოლოდ საწყისის დეკლარირებაა. თუმცა, ბოლო ორი დღეა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი წელში გამართულია და გარეგნულად არ იგრძნობა, რომ საბერძნეთი განწირულია. საბერძნეთის კრიზისის გათვალისწინებით, ექსპერტი საქართველოში ფულადი გზავნილების 35 %-მდე შემცირებას მოელის, მაგრამ ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან ამის ჩანაცვლება უნდა მოახდინოს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რაციონალური და ცივი გონებით რომ მიდგომოდნენ საკითხს ბერძენი პოლიტიკოსები, ეკონომისტები და ექსპერტები, ვერავითარი შეთქმულება და გარე ფაქტორები მათ წინააღმდეგ ვერ იმუშავებდა. მათ შეეძლოთ, ბევრად უფრო ეკონომიურად ეცხოვრათ და ქართული ანდაზაც არ გამართლდებოდა, „ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო ცემაო“.

„დაწყებული იქიდან, რომ საბერძნეთში სამუშაო დღის ხანგრძლივობა შედარებით მოკლეა და რესტორნებში ნასვამ მდგომარეობაში მასობრივი ხასიათი აქვს ჭურჭლის მტვრევასა თუ თეფშების სროლას, ეს მიანიშნებს არაყაირათიან დამოკიდებულებაზე საკუთარი დოვლათის მიმართ. ადამიანის მარტივ ქცევაშიც ვლინდება ერთგვარი რაციონალიზმი. მართალია, გერმანიასთან შედარებით საბერძნეთის ეკონომიკური განვითარების დონე თითქმის 40%-ით დაბალია, მაგრამ სოციალური შეღავათებით, საპენსიო უზრუნველყოფითა და სხვა რიგი უპირატესობით მისი მდგომარეობა ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა. ეს ციდან არ ცვიოდა“, - აცხადებს ეკონომისტი და საქართველოში საბერძნეთიდან გადმორიცხვების განახევრებას მოელის, ანუ წელიწადში არანაკლებ ასი მილიონ დოლარს მივიღებთ.

ამის საწინააღმდეგოდ, შარშან საქართველოში 204 მილიონი დოლარი გადმორიცხეს საბერძნეთიდან, წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5-6 მილიონით დაბალი იყო მაისის თვის ჩათვლით, ე.ი. სადღაც 40%-ით იყო კლება.