იაპონელები ასტეროიდის გრუნტს ქვემეხით მოიპოვებენ

იაპონელები ასტეროიდის გრუნტს ქვემეხით მოიპოვებენ

იაპონიის პრეფექტურა გიფუში წარმატებით განხორციელდა უნიკალური მოწყობილობის გამოცდა, რომელიც კოსმოსურ აპარატ „ხაიაბუსა 2-ს“ დაეხმარება, მოიპოვოს ასტეროიდის გრუნტის ნიმუშები.

მისიის დროს, „ხაიაბუსა 2-მა“ გრუნტი ასტეროიდის ნაწილის სიღრმიდან უნდა მოიპოვოს, რისთვისაც ზონდი აღჭურვილი იქნება სპეციალური ქვემეხით. კოსმოსური სხეულის ზედაპირს აპარატი ჭურვს 100 მეტრი მანძილიდან ესვრის. 2 კილომეტრ-წამი სიჩქარით გასროლილი მასიური ლითონის ჭურვი ასტეროიდზე ხელოვნურ კრატერს შექმნის, რომლის ფსკერშიც იაპონელი მეცნიერები ქანების ძვირფასი ნიმუშების პოვნას ვარაუდობენ.

იაპონიის აეროკოსმოსურ სააგენტოში მოელიან, რომ მიღებული მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დაწვრილებით შეისწავლონ ამ ტიპის კოსმოსური სხეულების ფორმირების ისტორია.

იაპონელ ინჟინრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღწიათ ქვემეხის სროლის მაქსიმალური სიზუსტისთვის – სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ეს ამოცანა უკვე წარმატებითაა გადაწყვეტილი.

„ჩვენ შევძელით, გადაგვეჭრა რამდენიმე პრობლემა, რომლებიც მოწყობილობის დამუშავებასთან იყო დაკავშირებული. გამოცდის დროს ჭურვი ზუსტად მოხვდა მიზანში, თანაც, მოსალოდნელი სიჩქარით“, – აღნიშნა სააგენტოს სპეციალისტმა ტაკანო საიკიმ, რომელიც ქვემეხის შექმნას ხელმძღვანელობდა.

კოსმოსური ზონდის, „ხაიაბუსა 2-ის“ გაშვება 2015 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.