„ვერეს ხეობაში დარღვეული ეკოლოგიური ბალანსი უნდა აღდგეს და აქ უნდა შეიქმნას პატარა, ლამაზი მანჰეტენი“

„ვერეს ხეობაში დარღვეული ეკოლოგიური ბალანსი უნდა აღდგეს და აქ უნდა შეიქმნას პატარა, ლამაზი მანჰეტენი“

გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის მინისტრი ფიქრობს, ხომ არ აჯობებს, რომ გმირთა მოედნის ქვეშ მდებარე გვირაბიც გავხსნათ?! აგულაშვილის თქმით, გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აქ ჯერ კიდევ ხიდი იყო, ვერე თავისუფლად უერთდებოდა მტკვარს.

მართლაც, ძველ თაობას ემახსოვრება, რომ იქ, სადაც ახლა გმირთა მოედანია, მდინარე ვერე ჩამოდიოდა და დაბლა უერთდებოდა მტკვარს. სწორედ ზედ იდო ვერის ხიდი, რომელმაც დაახლოებით ორმოცდაათ წელიწადს იარსება.

ევროპაში მდინარეების გაქრობის, მათი ამოქოლვისა და უფუნქციოდ დატოვების სამსაუკუნოვანი „ტრადიციაა“. ამის ერთ-ერთი ნიმუშია ლონდონი, სადაც 15-მდე გამქრალი მდინარეა, მაგრამ ინგლისელები უკვე კარგად მიხვდნენ, რომ ხელოვნური მდინარის შექმნას ისევ ბუნებრივი მდინარე სჯობს. სამაგიეროდ, ამას ვერ ხვდებოდნენ ქართველები. საუკუნეზე მეტია, მდინარე ვერე ნადგურდებოდა, ვერე სარკოფაგში ექცეოდა, ხოლო ამ მდინარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი - ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში ხვდებოდა.

ამ მწარე გამოცდილების ფონზე სპეციალისტებისთვის კიდევ ახალი თავსატეხი გაჩნდა. მათ აინტერესებთ, საიდან დაიბადა ე.წ. ქართული მანჰეტენიზაციის იდეა? მანჰეტენი ხომ ნიუ-იორკის ხუთიდან ერთი ცათამბჯენების რაიონია, რომელიც მდებარეობს მდინარე ისტსა და ჰუდზონს შორის და მოიცავს თავად მანჰეტენის კუნძულს, სხვა რამდენიმე მცირე კუნძულისა და კონტინენტის მცირე ნაწილის ჩათვლით.

ვერეს ხეობაში პატარა მანჰეტენის მოწყობასა და ბიზნესპალატის მიერ ტრაგედიის ადგილზე სასტუმროებისა და ბიზნესცენტრების გაშენებას ქართველ სპეციალისტთა ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს. მართალია, ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა უნდა დაიწყოს მშენებლობა, მაგრამ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან სუსტი ეროზირებადი და თიხნარი ნიადაგი ისედაც ირღვევა და იქ ვერავითარი დამბა ვერ ჩაჯდება. თუ ჩაჯდა, პირველივე წყლის ნაკადი მას მოარღვევს.

„ეს ცენტრის კიდევ ერთი, დიდი ურბანული და არასწორი დატვირთვაა. ჯერ წარმოიდგინეთ, გმირთა მოედანი რამდენად დამძიმებულია გზებითა და საავტომობილო ნაკადებით, ქვეშ კიდევ გვირაბი გადის... ახლა შემოაგდეს კიდევ ახალი დამამძიმებელი ფაქტორი - პატარა მანჰეტენი. რა არის ეს? თუ არა მაღლივი სახლები, რომელიც უნდა აშენდეს ამ მცირე ტერიტორიაზე. გვეუბნებიან, რომ გააკეთებენ დამბებს, დამცავ ნაგებობებს და ეს სახლები იქნება წყალდიდობისგან დაცული, მაგრამ წარმოიდგინეთ, „მანჰეტენს“ ხომ სჭირდება თავისი გზები, ავტოსადგომები, კომუნიკაციები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაამძიმებს იქაურობას, კი არ გააჯანსაღებს... ფაქტია, რომ მის უკან რომელიღაც, ძალიან დიდი ფინანსური ჯგუფი დგას“, -ასეთია მეცნიერის აზრი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი For.ge-სთან საუბარში მინისტრ გიგლა აგულაშვილის ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, გმირთა მოედნის ქვეშ მდებარე გვირაბი უნდა გაიხსნას და ვერე თავისუფლად შეუერთდეს მტკვარს.

„არის ასეთი ვარიანტი, რომ პირველად შეცდომები იყო დაშვებული, როცა 30-იან წლებში ზოოპარკის შემდეგ გმირთა მოედანზე გაკეთდა გვირაბი. მეორე შეცდომა იყო, რომ ვაკე-საბურთლოს გზაზე 1958 წელს გაკეთდა გვირაბი. სინამდვილეში, აქ უნდა დამონტაჟებულიყო წყალგამტარი ხიდები, ესტაკადა, რომელიც ჩვეულებრივ მაქსიმალურად გაატარებდა წყალს. რაკი ეს არ გაკეთდა, ჩვენ ახლა ქალაქის პარალიზებას ხომ ვერ მოვახდენთ? ვაკე-საბურთალოს გზის მოშლას, ხიდების გაკეთებას დიდი პერიოდი სჭირდება. ტრანსპორტის მხრივაც ქალაქის პარალიზება მოხდება. გამოდის, გმირთმა მოედანმა აღარ უნდა იარსებობს?! დავუშვათ, აქ ყოფილიყო ხიდები, რომელიც გაატარებდა იმ ნაკადს, რომელიც 13 ივნისს წამოვიდა მდინარე ვერეში, მაშინ მივიღებდით სულ სხვა სურათს. ვერე თავისუფლად რომ შეერთებოდა მდინარე მტკვარს, ეს ყველაფერი მტკვარს გადაკეტავდა და პირველ დარტყმას მიიღებდა მტკვარი. მოგეხსენებათ, 500 კუბამეტრი წყალი წამოვიდა, ამდენი ნაშალი, ნატანი მასალა წამოიღო. ვერეს თუნდაც ათი წუთით რომ გადაეკეტა მტკვარი, შეაგუბებდა მტკვარს. ვთქვათ, მტკვარი დიდუბესთან შეგუბდებოდა, მაშინ ამ ჩახერგვის შემდეგ მივიღებდით უფრო დიდ, საშინელ ზარალს, რაც პლეხანოვს, ორთაჭალჰესს გაანგრევდა. მივიღებდით ისეთ ნაკადს, რომ მთელი პლეხანოვი და მთელი ქვედა ნაწილი დაიტბორებოდა. მერე გენახათ მსხვერპლი“, - აღნიშნა მერაბ ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება, ე.წ. პატარა მანჰეტენის პროექტს, მეცნიერი აცხადებს, რომ არ იცის, რაზე აქვთ გამახვილებული ყურადღება ბიზნესპალატის წევრებს, მაგრამ ვერეს ხეობაში, საერთოდ, მშენებლობა აღარ იქნება და, ალბათ, ნაწილობრივ, ეს შესრულდება კიდეც.

„არ ვიცი, უცბად რა აზრი წამოუვიდათ თავში ბიზნესმენებს, მაგის დრო არ იყო. ჯერ ის სიტუაცია უნდა განემუხტათ და მერე დაეწყოთ ამაზე ფიქრი. აქ რომ ყოფილიყო ბიზნესცენტრები, გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა ვერეს ხეობაში, მაგრამ, თუ მანჰეტენის აშენება უნდათ, მაშინ ჯერ უნდა გაკეთდეს ის, რაც აუცილებელია. არის შვიდი ძირითადი შენაკადი მაინც, რამაც გამოიწვია ჩახერგვა. სწორედ აქ უნდა გაკეთდეს დამბები და შეაკავოს ეს ღვარცოფული ნაკადი. პლუს, ვფიქრობ, აუცილებელია ერთი პატარა ჰესი ზევიდან და მეორე ჰესი მაღლივ კორპუსთან, რაც მთლიანად მოხსნის წამოსულ ტალღებს“.

ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი არ იცნობს გიგლა აგულაშვილის მოსაზრებას, თუმცა ვერეს ხეობაში დარღვეული ეკოლოგიური ბალანსი უნდა აღდგეს და აქ უნდა შეიქმნას პატარა, ლამაზი მანჰეტენი, თავისი რეკრიაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით.

მისი თქმით, ბიზნესმენები გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, ჩადონ დიდი ფული ამ პროექტში. მათ მოიწვიეს უცხოელები და დადეს ალტერნატიული პროექტი. შესაბამისად, დამბის აშენების შემთხვევაში, აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. უფრო მეტიც, ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი რამ თბილისში არასდროს განმეორდება.