„ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები აფხაზეთშიც გამოჩნდნენ

„ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები აფხაზეთშიც გამოჩნდნენ

პანკისის ხეობისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვაჰაბიტური მოძრაობა ნაკლებად ორგანიზებულია, თუმცა, ამის მიუხედავად მკვეთრად იმატა ისლამის სარწმუნოების მიმდევართა რიცხვმა, ისინი ეწევიან პროპაგანდას და თანამოაზრეების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობაში ავრცელებენ ლიტერატურას. უმეტეს შემთხვევაში გამუსულმანების ფაქტები დაფიქსირებულია გუდაუთასა და ტყვარჩელის რაიონებში, სადაც ადრეც იყვნენ მუსულმანური სარწმუნოების აფხაზური ოჯახები, რომელთა წინაპრები მოჰაჯირობისას გადაასახლეს და მათ ახლო ნათესაური კონტაქტები ჰქონდათ შენარჩუნებული.

აღსანიშნავია, რომ წლების წინ აფხაზ მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის დიდი ძალისხმევით, სოხუმში (ჩერნომორეცთან) ამოქმედდა მეჩეთი, რომლის წინამძღვარია იმამი, აფხაზეთის მოქალაქე საალ კვარაცხელიაა. კვარაცხელია ადრე მართლმადიდებლური წესით იყო მონათლული, მაგრამ ირანში სასწავლებლად წასვლის შემდეგ ისლამი მიიღო და აფხაზეთში იმამის სასულიერო წოდებით დაბრუნდა.

ქართველი ექსპერტების განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ როგორც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ასევე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ემისრები, რომლებიც წმინდა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების გარდა, აქტიურად ესწრაფვიან ადგილობრივ მოსახლეობაში ისლამის უკიდურესად რეაქციული მიმდინარეობის - ვაჰაბიზმის გავრცელებას.

მათივე განცხადებით, ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე, აფხაზური ეთნოსის წარმომადგენელთა რეპატრიაციის საბაბით, ვლადისლავ არძინბას გარემოცვა ყველანაირად უწყობდა ხელს თურქეთის, სირიის, იორდანიის და სხვა ისლამური ქვეყნების ვაჰაბიტური მიმდევრების მოქალაქეთა შემოყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე.

როგორც კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა შეიფარა სირიიდან დევნილი 100-ზე მეტი ოჯახი, არის მოსაზრება, რომ ამ ადამიანების მეშვეობით მოხდა აფხაზეთში ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის შეტანა, თუმცა რამდენად აქვს სირეიელ აფხაზებს ზეგავლენა აფხაზეთის მომლოცველებზე, ამაზე დეტალური ინფორმაცია მწირია.

„ძალიან მწირი ინფორმაცია გამოდის ოკუპირებული აფხაზეთიდან, შესაბამისად ძალიან ძნელია რეალური სურათის დადგენა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ შამილ ბასაევის ერთ-ერთი მეუღლე იყო აფხაზი ინდირა ჯენია, რომლის ნათესავები ჩართული არიან ამ ისლამურ საკითხებში. საკამოდ მწირია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენი პროცენტი ემხრობა აფხაზეთში ისლამურ სახელმწიფოს, მაგრამ იმ ფონზე, რომ იქ არიან აქტიური მუსლიმები, სავარაუდოდ მიემხრობიან ისლამურ სახელმწიფოს. თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი ეთნიკური აფხაზი არ დაფიქსირებულა ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ მიმართვებში“, - აცხადებს ალეკო კვახაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

„თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებისგან მიღებული ინფორმაციით ფაქტები არ დასტურდება. ნებისმიერ შემთხვევაში, საეჭვოა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებმა ინსტიტუციონალურად ფეხი მოიკიდონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აფხაზეთში ერთდროულად რამდენიმე ინტერესი იკვეთება, მათ შორის რუსული ინტერესი, რომელსაც საკმაოდ დიდი ბერკეტი და ზეგავლენა გააჩნია რეალურ პროცესზე. ასევე, არის თავად აფხაზების და აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესები.

„ძალიან სერიოზული ბრძოლა მიდის რელიგიური ინტერესების რეალიზებისთვის. იცით, რომ აფხაზეთში ამ მიმართულებით უკონტროლოა სიტუაცია, იქ სადაც მეტი გასაქანი აქვს მართულ ჯგუფებს, თავისთავად, ცხადია, მეტი ინტერესია გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობაზე ზემოქმედება და გავლენა მეტი იყოს. ამიტომაც, რისკები იმისა, რომ გამოჩნდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სურთ ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში, შეიძლება მიღწევადი იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები შარშან შემოდგომაზე გამოჩნდნენ. მისივე თქმით, ისინი შემოვიდნენ როგორც ე.წ. მუჯაჰიდები, რომლებიც დაბრუნდნენ სირიიდან ლტოლვილების სახით.

„საკმაოდ რთული სიტუაციაა აფხაზეთში. ჩემი ინფორმაციით მათი წარმომადგენლობა გავრცელდა გუდაუთაში და ოჩამჩირეში. ის ადამიანები, რომლებიც ისლამური ხალიფატის მიმდევრები არიან, ღიად არ მოძრაობენ, მათი იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორაზე მოქმედები ისლამური ხალიფატის მომხრეების.

რუსეთს არანაირად არ აწყობს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორაზე ისლამური ხალიფატის მიმდევრების გააქტიურება, ბუნებრივია, ეს მათ უქმნის დიდი პრობლემას, ვინაიდან ისლამურმა ხალიფატმა პირდაპირ გამუცხადა ომი რუსეთის ფედერაციას. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე შექმნეს თავისი ვილაიეთი და როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში გაუჭირდებათ ანალოგიურის გაკეთება? - რა თქმა უნდა არა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ამასთან, კავკასილოგი ალეკო კვახაძე არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის ტერიტორაზე ისლამისტების გააქტიურება რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.

„ყველას გვახსოვს, სოჭის ოლიმპიადის პარალელურად როგორი იყო რუსული პროპაგანდა, მათ შორის სერგეი ლავროვის დონზე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოსდა ქართული სპეცსასამხურები ამზადებენ გუდაუთაში არსებულ ჯამაათს, გარკვეული რაოდენობის შეიარაღებაც იყო ამოღებული სად და რა ვითარებაში, ამაზე არაფერი არ იყო თქმული.

საერთოდ, ამ სახის პროვოკაციებს უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააბრალოს საქართველოს, რომ საქართველო ახდენს ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ საბაბის ქვეშ შეიძლება უკვე შემდგომი მოქმედებები განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.