სკანდალური ვიდეო - ქადაგიძის, ჩერგოლეიშვილის, რამიშვილისა და ბიბილაშვილის შეხვედრის ჩანაწერი

სკანდალური ვიდეო - ქადაგიძის, ჩერგოლეიშვილის, რამიშვილისა და ბიბილაშვილის შეხვედრის ჩანაწერი

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა დაუძაბა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. რა თქმა უნდა, რთული ასახსნელი იყო სებ-ის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობის გამო, ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევა, მითუმეტეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტიც ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას ამის გამო. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს უკანასკნელი შანსს არ უშვებდა ხელიდან, როგორმე დასავლეთთან დაებეზღებინა მმართველი ძალა და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები პირდაპირ მისწრება იყო მათთვის.

აღნიშნულ ვიდეოში კარგად ჩანს, ორიოდე დღის წინ, გიორგი ქადაგიძე როგორ ერთობოდა რესტორან „ხარფუხში“ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ზაზა ბიბილაშვილთან და ლევან რამიშვილთან ერთად.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, სკანდალური აქ არაფერია, და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთთან მეგობრობენ და რესტორნებშიც ერთობიან, თუმცა, ნაციონალური მეგობრობა სულ სხვაა. „ქართული ოცნება“ 3 წელი ხდება რაც ხელისუფლებაში მოვიდა და ნაციონალური ნარჩენების გამო, ძალაუფლების ხელში აღება ხეირიანად ვერ მოუხერხებია - ყოველდღიურად ვხედავთ საბოტაჟის გამოვლინებას ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. გამონაკლისი არც ფინანსური სფეროა, სადაც ბოლო პერიოდში უცნაურად ვითარდება მოვლენები - ლარის კურსის სიმყარე პირდაპირპროპორციულია ქადაგიძის თანამდებობრივი რყევების. როგორც კი ხელისუფლებამ სიმკაცრე გამოიჩინა და სავალუტო ოპერაციების კონტროლზე ალაპარაკდა, ლარის კურსმა იმავე ღამით დაიწყო გამყარება.  

მართალია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აღარ იმყოფება და უკვე, არც ამ ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ შეუცვლელ ლიდერად განიხილება. სააკაშვილმა ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, უამრავჯერ მოახერხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დისკრედიტაცია, თავად ქვეყნის იმიჯის ფასად, რადგან ეს ის შემთხვევაა, როგორც ამბობენ - „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო“.

ძალიან გვსურს ვირწმუნოთ ქადაგიძის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებს და არც ნაციონალებს აქვთ კავშირი ლარის კურსთან, თუმცა უცხოელებისგან განსხვავებით, ჩვენ უფრო ბევრი ვიცით „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და რაზეა წამსვლელი მისი, როგორც ლიდერი, ასევე თითოეული წევრი.