ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, მსოფლიოში კვირის განმავლობაში რამდენიმე ტერაქტი მაინც ხდება, რომლის უმეტესობაზე პასუხისმგებლობას ისლამური ხალიფატი იღებს. რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, ამ დღეებში შეხვედრა შედგა თალიბანსა და ავღანეთის წარმომადგენლებს შორის. როგორც აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, თალიბი მებრძოლები ავღანეთში თავდასხმებს ხშირად ახორციელებენ. ისინი ქვეყანაში ნატო-ს ჯარების არსებობას აპროტესტებენ და ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს ბოლო დროს მომრავლებული ტერაქტების შედეგად? რას ნიშნავს ტერაქტების გახშირება?
- ბოლო პერიოდში მართლაც მომრავლდა ტერაქტები, საფრანგეთისა და იემენის გარდა, ტერაქტები იყო ქაბულშიც, როდესაც ტერორისტებმა პარლამენტი დაიკავეს - ეს იყო ისლამური ხალიფატისა და თალიბანის ერთობლივი სპეცოპერაცია - თალიბანმა და ისლამურმა ხალიფატმა ხელი მოაწერეს ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას და შექმნეს ერთიანი ისლამური ფრონტი ავღანეთში. დარტყმის პირველ ობიექტად აირჩის ნატოს სამშვიდობო მისიის შენაერთები.
ეს ყველაფერი ერთიანობაში ნიშნავს, რომ ისლამურმა ხალიფატმა გაააქტიურა საკუთარი მოქმედება. ცოტა ხნის წინ აბუ ბაქრმა გამოაცხადა ჰიჯრას დასრულება. ჰიჯრა არის ისლამური ხალიფატის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრინციპი - ყველა მუსლიმანი უნდა ჩასულიყო ისლამური ხალიფატის ტერიტორიაზე და იქ თავისი მოვალეობა შეესრულებინა - ყოფილიყო მეომარი ან, თავისი სპეციალობის მიხედვით, წვლილი შეეტანა ისლამური ხალიფატის სახელმწიფოში.
აბუ ბაქრის მოწოდებით, მუსლიმანები აღარ უნდა ჩავიდნენ ისლამური ხალიფატში და სადაც იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე უნდა განახორციელონ ის ქმედებები, რაც ევალებათ, ანუ ებრძოლონ ურჯულოებს.
ანუ, ამით მოხდა ისლამური ხალიფატის ექსპროპრიაცია მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ დაიწყო ასეთი ინტენსიური ტერაქტები, რომელმაც მოიცვა საფრანგეთი, ტუნსი, ქუვეითი, იემენი, ავღანეთი.
ბოლო პერიოდში დაიძაბა სიტუაცია სომალიშიც, სადაც ისლამურ ხალიფატს თავისი ფილიალი აქვს და გააფთრებული იბრძვის აფრიკაში სამშვიდობოების წინააღმდეგ - ეს ყველაფერი არის ერთიანი კოორდინირებული გეგმა. ანუ, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გამოცხადებული ისლამური ხალიფატის ექსპორტი.
ისლამური საფრთხე მსოფლიოში ახალი არ არის და ერთ-ერთ შემაკავებელ ძალად მოიაზრებოდა რუსეთი. რუსეთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინის მოვლენების გამო მისდამი კრიტიკულადაა განწყობილი, ისლამური საფრთხის გაძლიერება ხომ არ შეიძლება გახდეს გარდატეხის შემტანი დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაში? ხომ არ მოხდება პრიორიტეტების შეცვლა და რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა საერთო მტრის გამო?
- იმდენად არის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გართულებული, ამ ფონზე ძნელია, დასკვნების გაკეთება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისლამურმა ხალიფატმა თავის მხრივ, რუსეთს უკვე გაუხსნა მეორე ფრონტი.
ყველასათვის ცნობილია, რომ პლაცდარმის იდეა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის გეგმებში შედის. ის ასევე გაააქტიურებს თავის ქმედებებს რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც. ეს არის პირველ რიგში თათარსტანი, ბაშკორთოსტანი და მოსალოდნელია საქმიანობის გააქტიურება ვოლგისპირეთის ტერიტორიებზეც, სადაც, სულ მცირე, 20 მილიონი მუსლიმი მაინც ცხოვრობს. ეს არის მათთვის საკმაოდ მსუყე ლუკმა.
აქედან გამომდინარე, რამდენად მოხდება იმისი გაცნობიერება, რომ ისლამური ხალიფატი არის საერთო მტერი, როგორც დასავლეთისთვის, ასე რუსეთისთვის, ძნელი სათქმელია. ტუნისში რომ აწყობ ტერაქტს, ეს ნიშნავს, რომ ის მიმართულია დასავლეთის წინააღმდეგ, რადგან დასავლეთევროპელი ტურისტებითაა იქაურობა სავსე.
ასევე საინტერესოა, რამდენად მოხდება კოალიციის შეკვრა დასავლეთს, რუსეთს და ჩინეთს შორის - ისლამური ხალიფატი უკვე გამოჩნდა ცენტრალურ აზიაში და უახლოვდება ჩინეთს, რომელსაც 12 მილიონი მუსლიმანი ჰყავს, რომლებიც სეპარატისტულ მოძრაობებში არიან ჩართული.
ისლამური ხალიფატი იმდენად გააქტიურდა, რომ კიდევ რა მოხდება რამოდენიმე ხანში, არავინ იცის. უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ისლამური ხალიფატი ცდილობს მოწინააღმდეგეს, ანუ დასავლეთს, დაარტყას ზურგში, იმ ადგილებში, სადაც არ ელოდება სიტუაციუის გამწვავებას.
ამიტომ, მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ისლამური ხალიფატის გააქტიურების ფონზე შეიცვალოს გეოპოლიტიკური მოწყობის ცენტრები. შესაძლოა, დასავლეთმა და რუსეთმა დროებით გადადონ თავიანთი პრობლემები იმის გამო, რომ მთავარი მოწინააღმდეგე დაამარცხონ.
საქართველოს რა ტიპის საფრთხე ემუქრება იმის გათვალისწინებით, რომ ისლამური ხალიფატის ერთ-ერთი სამიზნე კავკასიის რეგიონია?
- როდესაც უშუალოდ საზღვართან გამოჩნდა ასეთი საშიში მოწინააღმდეგე - და ეს საზღვარი საკმაოდ დიდია - დაწყებული ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთის ჩათვლით - ანუ ლაგოდეხიდან - სვანეთამდე; უნდა დავუშვათ, რომ შესაძლოა, ისლამურმა ხალიფატმა გააკონტროლოს ეს ტერიტორია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე გამოცხადდა ისლამური ხალიფატის ერთგვარი რეექსპორტი და აბუ ბაქრმა ეს ფაქტობრივად დააანონსა, არ მინდა საშიში სურათი დავხატო, მაგრამ ეს სიტუაცია, სულ მცირე, ყურადსაღები მაინც არის; ყოველ შემთხვევაში, შს მინისტრისა და გენშტაბის უფროსის განცხადებები ამაზე მიუთითებს.
ეს განცხადებებიც რომ არა, სპეციალისტებისთვის ნათელია, რომ ეს მოძრაობა საკმაოდ განსხვავდება კავკასიური ემირატისაგან - ისლამური ხალიფატი ყველას ებრძვის. აქედან გამომდინარე, თუ ისლამური ხალიფატი ჩრდილოეთ კავკასიაში თავის ქმედებებს გაააქტიურებს, ეს გამოიწვევს გარკვეულ ღონისძიებებს რუსეთის მხრიდან და არის რისკი, რომ ამ კონფლიქტის გადმონთხევა მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე. არსებობს სხვა საფრთხეებიც, რომელზეც არ მინდა ყურადღების გამახვილება.
ამისი პრევენცია თუ არის შესაძლებელი? მაგალითად, საზღვრის დაცვის გაძლიერება და ა.შ...
- ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, ამაში შეიარაღებული ძალებიც უნდა ჩაერთონ. საპოლიციო ძალებით ამის გამკლავება ალბათ ცოტა რთული იქნება. კარგი იქნებოდა, შექმნილიყო ახალი მოდელი თავდაცვის სტრატეგიისა, რადგან არსებულმა მოდელმა სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში შეიძლება ადეკვატურად ვერ უპასუხოს ახალ გამოწვევებს.
ეს გამოწვევები კი შეიძლება, საკმაოდ სერიოზული იყოს, რადგან არ არის გამორიცხული, საქართველო სატრანზიტო ფუნქციის კონტექსტში განიხილებოდეს. ისლამურმა ხალიფატმა თუ შექმნა თავისი ფილიალი ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე, ბუნებრივია, მას დასჭირდება გაძლიერება და ის ტერიტორიები, რომლებსაც გამოიყენებს არის საქართველო და აზერბაიჯანი.
ასე რომ, ამ კუთხით სერიოზული ფიქრია საჭირო. თუმცა არის ბევრი ისეთი საკითხი, რომლის გასაჯაროება არ არის სასურველი. ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, ჩვენი ხელისუფლება ამაზე მუშაობს. ამ კუთხით, კარგი იქნება თუ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ხელისუფლების თანამშრომლობა გაძლიერდება.