ზაფხული შესანიშნავი დროა დასვენებისთვის და ეს აუცილებელიც არის. მთავარი ისაა, ვახერხებთ თუ არა ხარისხიანად დასვენებას. საქმე მარტო მატერიალურ შესაძლებლობებში კი არ არის, არამედ, შესაძლო „გართულებებშიც“, მით უმეტეს, როცა დასასვენებლად მარტო არ მიდიხართ.
სამწუხაროდ, ჩვევად გვაქვს, დასასვენებლად წასულებმა თან გავიყოლოთ პრობლემები. მაგალითად, ძველი წყენა, პატარა კონფლიქტის წყალობით მიღებული, გამაოგნებლად დიდხანს გაგვყვება ხოლმე, თანაც, აუცილებლობად მიგვაჩნია შვებულებისას ურთიერთობის გარკვევა. გაუგებარია – რატომ? ნუთუ, რომ მოინდომოთ, შესაფერის მომენტს სხვა დროს ვერ იპოვით?!
დასვენება დასვენება უნდა იყოს. დასაშვებია სასიამოვნო მოგონებები, ხუმრობა, ორიგინალური სიურპრიზები. წელიწადში ერთხელ მაინც ნუ იფიქრებთ ცუდზე, ნეგატიურზე და ბოლომდე მიიღეთ სიამოვნება. ამ პრინციპით გატარებული შვებულება ურთიერთობასაც პოზიტიურად წაადგება... თუ მოახერხებთ და ერთმანეთის დადებით მხარეებს ხელახლა აღმოაჩენთ, თქვენი დასვენება ორმაგად შედეგიანი იქნება.