აზერბაიჯანული ვებგვერდის - „Haqqin. Az“-ის ინფორმაციით, 2 ივლისს თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ მატჩის შემდეგ ქართველმა ფანებმა „გაბალას“ გულშემატკივრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანელ ფანებს კლუბისა და სახელმწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ინტერნეტით, ასევე, ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ბანერი, წარწერით „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი - 1921“.
მართლია, „დინამოს“ არაოფიციალური ფანკლუბის - „დინამიტების“ წარმომადგენლები მომხდარს კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ აზერბაიჯანული გამოცემა უფრო შორს მიდის და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის შესახებ ბოლო წლების ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს.
აკპერ ჰასანოვის ავტორობით გამოქვეყნებული დღევანდელი მასალის მიხედვით, ბაქოში ქართული სამზარეულოს უამრავი რესტორანი მუშაობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით და არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე აზერბაიჯანელი მისულიყოს რესტორნებთან და საქართველოს მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელი ეთქვას ან შენობების შესასვლელთან საქართველოს დროშა გაეფინა და ზედ ფეხებით შემდგარიყო.
„ჩვენ არ ვართ ასე აღზრდილები. ჩვენ მართლაც სტუმართმოყვარე, უფრო სწორად, ზედმეტად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. რასაკვირველია, თეორიულად ჩვენ ქართველებისადმი პასუხის გაცემა იმავე მეთოდებით შეგვიძლია: გამოვფენთ შესაბამის ბანერს, საქართველოს დროშაზე ფეხებს გავიწმენდთ... ამას დიდი გამბედაობა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვეფერება“.
ავტორის თქმით, ამ ყველაფერს ერთგვარი პიკანტურობა შესძინა თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის განცხადებამ, რომელიც „დამცინავ, მასახარად ამგდებ სტილშია გადმოცემული“. განცხადება ჯერ სინანულის გამოხატვით იწყება, მაგრამ შემდეგ გრძელდება, რომ ეს მოხდა მატჩის შემდეგ, დინამოს სტადიონის გარეთ, ამიტომაც საფეხბურთო კლუბ „დინამოს“, მატჩის ორგანიზატორს, არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
აზერბაიჯანელები გვახსენებენ იმასაც, რომ აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავს, ქართული წარმომავლობის მანანას, ვარსკვლავად გადაქცევაში სწორედ აზერბაიჯანელი პროდიუსერი დაეხმარა და არცერთ მის კონცერტზე არავის ანტიქართული არაფერი უთქვამს, მაშინ, როცა ქართულ ესტრადაზე არცერთი აზერბაიჯანელისათვის ადგილი არ მოიძებნა.
უფრო მეტიც, დიდი ხნის განმავლობაში სოსო პავლიაშვილი ამბობდა, რომ იგი აზერბაიჯანის მხურვალე მეგობარი იყო, მაგრამ „რად გინდა, დაუძახეს სომხებმა და იგი ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა. ამის მიუხედავად, არცერთ აზერბაიჯანელს საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია არ გაუმართავს“.
გარდა ამისა, აზერბაიჯანელები წუხან იმაზეც, რომ თურმე საქართველოში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა გამოფენა, რომლებზეც „შემთხვევით“ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ამ დროს კი ქართველები თურმე ცდილობენ, აზერბაიჯანელები დაარწმუნონ, რომ ეს ყველაფერი მათთვისაც მოულოდნელი იყო.
„თავის დროზე ბაქოს კინოთეატრებში ჩვენ უარი ვთქვით რუსეთის ფილმის „2008 წლის აგვისტოს“ ჩვენებაზე, რადგან ცნობილი იყო, რომ ეს მოსკოვის პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაყოფს წარმოადგენდა. აზერბაიჯანმა ამით პატივი სცა ქართველი ხალხის გრძნობებს და განწყობას... ქართული ნაციონალიზმი, ისევე, როგორც ქედმაღლობაში გადაზრდილი ქართული თავმოყვარეობა, განუკურნებელია. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრის დადგენა-დაზუსტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომაც ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ბანერი ზაქათალისა და კახის კუთვნილების თაობაზე ქართველმა ახალგაზრდებმა თვითონ მოიფიქრეს“, -ასეთია აზერბაიჯანილი მედიაგამოცემის შეფასება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აზერბაიჯანელი ფანები უკმაყოფილებას გამოხატავენ. გასულ წელს For.ge აზერბაიჯანში გამართული „ჩიხურა-ნეფთჩის“ ხმაურიანი მატჩის შესახებაც წერდა, როცა ქართველი პოეტის - ოთარ ჭილაძის ბანერზე მიწერილი სიტყვები - „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!“ -ფეხბურთის სტადიონზე ქართველებისა და აზერბაიჯანელების ჩხუბის მიზეზი გახდა. სინამდვილეში კი, ამ დაპირისპირების მთავარი ავტორი სერგო ორჯონიკიძე იყო, რომელმაც ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარე ზაქათალა და კახი, შიდა კახეთის ისტორიული ნაწილი - საინგილოს, რომელსაც „გაღმა მხარეს“ ეძახდნენ, აზერბაიჯანელებს უბოძა და დღეს იქაურ ეკლესიაში ქართველი მოძღვრების შეშვება პრობლემა ხდება.
იმ დროს ჩვენთან საუბრისას ქართველი გულშემატკივრები იხსენებდნენ, რომ თამაშის შემდეგ აზერბაიჯანულმა სპეცრაზმმა ისინი სპეციალურ ოთახში შეიყვანა, სადაც დაუპირეს პატრიოტული ბანერის წართმევა და სწორედ იქ მოხდა დაპირისპირება. 40 სპეცრაზმელი ერთად სცემდა ქართველებს და იმ დროს „ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელმა ბექა ნოზაძემ ტვინის შერყევა მიიღო. ეს ბანერი კი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა წაიღეს.
დღეს კი ჩვენთან საუბარში ბექა ნოზაძე აცხადებს, რომ, მართალია, 2 ივლისს თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ შორის გამართულ მატჩს თავად არ დასწრებია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე გამოფენილი ჰქონდათ თურქული ტერორისტული ორგანიზაციის „რუხი მგლების“ ბანერი. ეს არის ცისფერი დროშა, რომელზეც რუხი მგელი თეთრად ხატია და აქ ფიგურირებს ნახევარმთვარე. ეს ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოს ტერორისტულ ორგანიზაციებს შორისაა შეყვანილი. საინტერესოა, „რუხ მგლებს“ რა კავშირი აქვთ ქართველებთან?! 80-იან წლებში, როცა „რუხი მგლები“, ეს თურქული ულტრა ნაციონალისტური დაჯგუფება, იკრებდა ძალას, მათ ქართველი პატრიოტი - ახმედ მელაშვილი მოკლეს. ეს იყო ამ ყველაფრის მოტივაცია, ანუ მაპროვოკაცირებელი ფაქტორი. ეტყობა, ისინი სტადიონზე რადიკალურად განწყობილნი მოვიდნენ. თუმცა დაპირისპირება სასიამოვნო არ არის. მათი მხრიდან ინტერნეტით შეურაცხმყოფელი სურათები ვრცელდება, საქართველოს დროშისა და „დინამოს“ გუნდის გერბს აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენს დროშაზე ჯვრების ნაცვლად გამოსახეს უხამსი ფიგურები. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდა, პატარა ბავშვების მიერ არის ჩადენილი და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მალე შედგება კიდევ ერთი თამაში და კარგი იქნება, თუ ეს თამაში ჩაივლის ზედმეტი ემოციების გარეშე. ქართველი გულშემატკივარი საკმაოდ აქტიურად აპირებს, წავიდეს ამ თამაშზე, ვფიქრობ, მსგავსი ინციდენტები არ მოხდება და აზერბაიჯანული პოლიცია იმოქმედებს“, - გვითხრა ბექა ნოზაძემ და განმარტა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის ბანერების გამოკვრის პრაქტიკა და ეს ქართველების მოგონილი არ არის. ზუსტად იმის გამო, რომ ფეხბურთი მასობრივი სპორტის საშუალებაა და შენი ხმა შეგიძლია მიაწვდინო მთელ მსოფლიოს, ეს მიღებული პრეცედენტია.
სწორედ ასე მოხდა იტალია-სერბეთის მატჩისას, როცა სერბებმა იტალიაში ჩაშალეს მატჩი კოსოვოს გამო. იმავე ბარსელონა-რეალის ნებისმიერი თამაშის დროს გამოფენილია ბანერი წარწერით - „კატალონია არის ესპანეთი“. ამიტომ, ბექა ნოზაძე თვლის, რომ გულშემატკივარმა უნდა დააფიქსიროს თავისი უკმაყოფილება, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს პროვოკაციული ხასიათი.
„დროშა ეროვნული სიწმინდეა და, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საფუძველი და განსაკუთრებული სიძულვილის გამოხატვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მსგავსი ფაქტებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მით უმეტეს, აზერბაიჯანი არ არის რუსეთი, რომ მისი დროშის გათელვა ვინმესთვის გასაგები იყოს“.