„ის მაინც გაგვაგებინონ საზოგადოების წარმომადგენლებს 2012 წლის გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით 100-ზე მეტი ჩეჩენი რომ შემოიტყუეს საქართველოში და პირდებოდნენ ჯიჰადის აღსასრულებლად ჩრდილო კავკასიაში გადაყვანას, სად მოიპოვეს ეს ევროპელი ჩეჩნები ასეთი ამოცანის შესასრულებლად“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, სამწუხაროდ, ვაჰაბიზმი სულ უფრო მყარად იდგამს ფესვებს ქართულ რეალობაში.
რა მიზნით განათავსა რუსეთმა 15-ათასიანი ჯარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორაზე და რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ისლამური ხალიფატის მხარდამჭერების აქტივობა აფხაზეთის ტერიტორიაზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვერდაზე ყურადღება გაამახვილა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. რა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება?
- სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მგონია რაიმე აუცილებლობა იყოს იმისა, რომ პრემიერი მედიის საშუალებით ავრცელებდეს თემებს, თუნდაც, მხოლოდ დასათაურებით ასეთი მნიშვნელოვანი პროცესების ასახვისთვის. რასაკვირველია, იქნებოდა უფრო ღრმა და კონკრეტული საუბარიც. ის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებასთან დაკავშირებით საკამოდ დიდი ხნის განამვლობაში გვქონდა პირში წყალი დაგუბებული, ესეც ფაქტია.
როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებდა ამ დუმილს? ბოლო წლების განავლობაში ჩვენ დავდექით იმ მძიმე რეალობის წინაშე, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავიდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“ და მხოლოდ მათი გადასვლის შემდეგ ხდებოდა ინფორმაცია საჯარო. ფაქტია, რომ ამ ფაქტის პრევენცია არ მომხდარა...
- დუმილი, რომ დაერღვიათ, უნდა ესაუბრათ საკუთარ შეცდომებზე. უნდა ემხილებინათ საკუთარი თავი, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი პანკისელი ახალგაზრდებისთვის არანაირი პოზიტიური ქმედება არ არსებობს. ახალგაზრდების საფიქრალია რა გააკეთონ დღის განმავლობაში. ისე თენდება და ღამდება მათთვის, რომ არაფერი არ ხდება მათ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის აპარატის მიერ იყო მცდელობა გარკვეული პროექტების განხორციელებისა, ცხადია უფრო მძაფრდება სიტუაცია.
სამწუხაროდ, ვაჰაბიზმი უფრო მყარად იდგამს ფესვებს ქართულ რეალობაში. ამ პირობებში სირაქლემის პოზის არჩევა ნამდვილად არ დარჩება პასუხგაუცემელი არც ქართული საზოგადოების და არც მათი მოძმე ქვეყნებისთვის. „ისლამური სამყაროს“ მიერ მუქარა ყველაზე ადრე გაისმა რუსეთის მიმართულებით. შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა მივანიჭოთ იმ 15-ათასიან რუსულ ჯარს, რომელიც განლაგდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. დარწმუნებული ვარ, რუსეთს არ აქვს რაიმე ცრუ ინფორმაცია ქართულ რეალობაზე. მათ კარგად იციან, რომ საომარი მოქმედებებით არანაირი შედეგი არ ექნება საქართველოს მცდელობას აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ მაინც განალაგა აფხაზეთის ტერიტორიაზე 15-ათასიანი ჯარი.
რაზე მიანიშნებს რუსეთის ეს გადაწყვეტილება?
- ეს ძალა შეიძლება ამოქმედდეს ჩრდილო კავკასიაში შესაძლო არასასურველ მოვლენათა დაწყებისას. მითუმეტეს, კარგად გვახსოვს, შარშან, 16 მაისს აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჰენრი კისინჯერის გამოსვლა, როდესაც მან ბრძანა, რომ ამერიკა უკრაინაში უნდა გადავიდეს სტრატეგიული თავდაცვის რეჟიმზე, ხოლო საპასუხო რუსეთს უნდა მიაყენოს კავკასიიდანო. საპასუხოდ, ორი კვირაში მოსკოვმა შექმნა ჩრდილოკავკასიის საკითხთა სამინისტრო და მინისტრად დანიშნა მოქმედი გენერალი. ცხადია, რომ კისინჯერის ასეთი შეთავაზება ამერიკის ხელისუფლებისთვის კრემლში არავის დავიწყებია. კრემლის მაღალი თანამდებობის კაბინეტებში არსებობს სხვა ტიპის გამოწვევებიც.
„ისლამური სახელმწიფო“ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. ვიცით, რომ ირანი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც სახმელეთო ჯარი ჩართო საბრძოლო მოქმედებებში. მრავალათასიანი მსხვერპლის შემდეგ კეთდება განცხადებები ევროპული და ამერიკული სახელისუფლებო წრეებიდან, რომ საჭიროა გაერთიანება ამ ბარბაროსული ძალის წინააღმდეგ.
თუმცა, ამის ფონზე ამერიკამ ოფიციალურად უთხრა უარი თურქეთს იარაღის მიწოდებაზე. ფაქტია, რომ დღეს ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა აქვს მეზობელ თურქეთს...
- როგორც წესი, მაღალი პროფესიონალიზმის უსაფრთხოების სპეციალისტები საჯაროდ და მითუმეტეს მედიაში, ასეთ საკითხებზე არ საუბრობენ. ამიტომ, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ მიაწოდეს იარაღი და ამის თქმა არავის სურს. რადგან, ეს არ შედის არც თურქეთის და არც ამერიკის ინტერესებში. ამიტომ, ნუ გავკიცხავთ ხოლმე ვინმეს ადრე, ვიდრე არ დავინახავთ შედეგებს.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იმ ფონზე, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ვილაიეთი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორაზე შეიქმნა, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისლამური ხალიფატის მხარდამჭერების აქტივობა შემიჩნევა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ფაქტი რა საფრთხეს უქმნის უკვე ქვეყანას?
- ისევ და ისევ უნდა დავუბრუნდეთ თემას, რასაც ჰქვია აქტიური ვაჰაბიტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია მათთან კომუნიკაცია, რადგან ვაჰაბიზმი ცალსახად არ ნიშნავს, რომ სუყველანი მზად არიან გაანადგურონ მსოფლიოს კულტურული ღირებულების მქონე ობიექტები და საჯაროდ თავები წააჭრან უდანაშაულო ადამიანებს. მაგრამ, ცხადია, არსებობს ნეოვაჰაბიზმის განშტოება და იქნებ, უფრო აქტიური გავხადოთ ჩვენს თანამემაულეებთან კომუნიკაცია.
ის მაინც გავიგოთ, თბილისში დაბინავებული ასეულობით ჩეჩნები რა განწყობაზე არიან, მათაც ხომ არ უნდათ ჩვენგან დაცვა, ან იქნებ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც მათთვის ცნობილია, ჩვენთვის არა. უსაფრთხოება იწყება თანამშრომლობით და არა თანამზრახველობით. ცხადია, იქაც იქნება გაყოფილი მოსაზრებები. მაგრამ ის მაინც გაგვაგებინონ საზოგადოების წარმომადგენლებს, 2012 წლის გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით, 100-ზე მეტი ჩეჩენი რომ შემოიტყუეს საქართველოში და პირდებოდნენ ჯიჰადის აღსასრულებლად ჩრდილო კავკასიაში გადაყვანას, სად მოიპოვეს ეს ევროპელი ჩეჩნები ასეთი ამოცანის შესასრულებლად? რატომ დადუმდა ყველა და ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით?!
მითუმეტეს, რომ ჩვენ არ ვიცით რას საქმიანობენ ისინი...
- ამ კითხვის საპასუხოდ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურს ან უსაფრთხოების სამსახურს არ აკადრებენ, რომ მათი აზრთა გამრიგედ დარჩეს ამხანაგი ჯანელიძე. რადგან, სწორედ მის მიერ წარმოებული საქმიანობა დაგვირგვინდა ლაფანყურის ოპერაციით და იმ უამრავი დანაშაულით რაც ასოცირებულია ამ თემასთან. ამიტომაც არის გაათმაგებული პასუხისმგებლობა თითოეული პარლამენტარის, რომელიც ამ დღეებში ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაზე მსჯელობს. ბევრი დეტალია საზოგადოებისთვის ასახსნელი. მათ შორის, რა აუცილებლობაა, რომ ამ სამსახურის უფროსი გარკვეული ვადით იყოს დამტკიცებული პარლამენტის მიერ.
მინდა გითხრათ, რომ იმდენად დაძაბულია დღეს ურთიერთობა რუსულ აგრესიასა და აფხაზურ თვითმყოფადობას შორის, რომ შესაძლოა ნებისმიერი სხვა თემა გამოყენებული იქნას ამ უკმაყოფილების და დაპირისპირების გადასაფარავად. ამიტომ, უფრო მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოექცნენ ჩვენი აფხაზი თანამემალულეები არსებულ ვითარებას. ნუ ჩაიკეტებიან, მხოლოდ რუსეთთან ნუ ეძებენ რაიმე „სიკეთეს“. საქართველოს ხელისუფლების გონიერი და დროული ინიციატივები მიმზიდველი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის.