საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები სულ უფრო პოპულარული ხდება

საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები სულ უფრო პოპულარული ხდება

მისაღები გამოცდები დაიწყო და აბიტურიენტების პრიორიტეტებიც გამოიკვეთა. ამჯერად, ბოლო წლებისგან განსხვავებით, საგრძნობლად მომატებულია მოთხოვნა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე. საბოლოო სურათი ამ კუთხით დაახლოებით ერთ თვეში იქნება.

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გადიან საგამოცდო პროცესს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. თუმცა 1300-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა პროცესს, რადგან ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. მათ გამოსაშვებ გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დარეგისტრირებულთა 3 პროცენტი გამოცდაზე არ მივიდა. დაფიქსირდა გამოცდაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთხვევაც, რის გამოც, ნასვამი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს.

წელს სიახლე ის არის, რომ არჩევითი საგნების ჩამონათვალში ახალი საგანია - სამოქალაქო განათლება, თუმცა აბიტურიენტებმა შემოდგომიდანვე იცოდნენ, რომ წლევანდელი გამოცდებისათვის ახალი საგანი გაჩნდებოდა.

„ეს იყო ჩვენი შეთავაზება უმაღლესი სასწავლებლებისადმი და იგი უნივერსიტეტებმა მიიღეს. რამდენიმე მიმართულებაზე მათ სავალდებულო საგნადაც კი გამოაცხადეს სამოქალაქო განათლების გამოცდის ჩაბარება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 700-მდე აბიტურიენტია, რომელიც ამ საგანს აბარებს.

საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთ საგანში მაქსიმალური საგამოცდო ქულა შეიცვალა. წელს ასეთი აღმოჩნდა ისტორია და გეოგრაფია. ეს სიახლე არ გახლავთ, რადგან ადრეც ხდებოდა მსგავსი რამ. მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 100-ქულიანი იყო ტესტი, მაგრამ ამჯერად 80-ქულიანია“, - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

ეკონომიკური, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის სპეციალობებია, რაც ბოლო 5-7 წელია აბიტურიენტებში ყველაზე მოთხოვნადია. დაახლოებით იგივე ტენდენციაა სამაგისტრო ფაკულტეტების არჩევის შემთხვევაშიც. ბოლო წლებში ადრე ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიების მიმართაც გაიზარდა ინტერესი. ეს მიმართულებებია: აგრარული, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია).

„ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა და ეკონომიკა პრიორიტეტული ფაკულტეტებია. არ მგონია წელსაც რადიკალურად შეიცვალოს ვითარება, თუმცა ამჯერად გამოიკვეთა ვითარება, რომ აბიტურიენტებს სურთ ისწავლონ საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებითაც.

საერთოდ კი, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა რამდენჯერაც სურთ იმდენჯერ ცვალონ არჩევანი. ჩვენ გვყავს აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელთაც ჯერ საერთოდ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, არ აურჩევიათ უმაღლესი სასწავლებელი. მათ იციან, რომ სანამ პირველადი შედეგები გამოცხადდება და დაიწყება სააპელაციო პროცესი, ანუ აგვისტოს დასაწყისამდე, მათ აქვთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების საშუალება. ასე რომ, როდესაც აბიტურიენტები საბოლოო არჩევანს დააფიქსირებენ სწორედ მაშინ გვეცოდინება დაზუსტებით თუ რომელი ფაკულტეტებია პრიორიტეტული მათთვის“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ მაია მიმინოშვილმა.

სხვათა შორის, ამ კვირაში ეროვნულ გამოცდებს 10 წელი უსრულდება. მისი შემოღების შემდეგ მთლიანად აღმოიფხვრა ის კორუფციული სქემა, რომელიც მანამდე უნივერსიტეტებში მოქმედებდა. მსოფლიო ბანკის 2001 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად მისაღებ გამოცდებზე ქრთამის სახით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ბრუნავდა.