ზოლიანი მაისურის ისტორია

ზოლიანი მაისურის ისტორია

დიდი ხანია, ზოლიანი მაისური საზღვაო ფორმად და ატრიბუტად არის მიჩნეული. ის ყველა მეზღვაურის სავიზიტო ბარათია.

საინტერესოა, იცოდეთ, რომ ზოლიანი მაისური, როგორც ჩაცმულობის ელემენტი, მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისის ფლოტში გაჩნდა. ინგლისის სამხედრო ფლოტი იმ პერიოდში ლიდერი იყო ზღვაზე. ესპანელები და ჰოლანდიელები ვერ ბედავდნენ მასთან პირისპირ შეხვედრას. ინგლისურ ფლოტში უმკაცრესი დისციპლინა და სამხედრო წესები იყო... გემის სისწრაფე დამოკიდებული იყო იალქნების მოხერხებულად დაკეცვა-გაშლაზე, თანაც, უმოკლეს დროში.

ინგლისელი მეზღვაურებიც მაიმუნებივით დაცოცავდნენ ანძებზე, მაგრამ, მათი თეთრი პერანგები თეთრივე იალქნების ფონზე არ ჩანდა და ეს პრობლემებს ქმნიდა.

პრაქტიკულმა ინგლისელებმა თეთრი პერანგები ზოლიანებით შეცვალეს. ახლა კაპიტანს ადვილად შეეძლო, თვალყური ედევნებინა იალქნებზე გადაადგილებული მეზღვაურებისთვის და შესაბამისი მითითებები გაეცა მათთვის. სხვათა შორის, პირველად ზოლიან მაისურებს მეზღვაურები თვითონ ქსოვდნენ და კერავდნენ. ძალიანაც ეზარებოდათ, მაგრამ, მანუფაქტურებმა საკმაოდ გვიან დაიწყეს მათი წარმოება.

მეზღვაურის ნამდვილი ზოლიანი მაისური იქსოვება შერეული ტექნოლოგიით: თეთრი ფერის ზოლები ნატურალური შალის უნდა იყოს, შავი ზოლები კი – უმაღლესი ხარისხის ბამბის ძაფის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეასრულებს ის თავის ჭეშმარიტ მისიას: სიცხეში იქნება გრილი და თავისუფლად გაატარებს ჰაერს, ხოლო სიცივეში სხეულს სითბოს შეუნარჩუნებს. ეს პრინციპი დღემდე დაცულია.