უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ბარსელონა-სევილიას დაპირისპირება, უკვე გახდა ქართველი გულშემატკივრების, კომპანია biletebi.ge-ს და ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირების მიზეზი. გულშემატკივართა ნაწილს, რომელთაც რეგისტრაციის ნომრის რიგი დადგა, ბილეთის ყიდვა ვერ შეძლო, რადგან საიტმა მათ ავტორიზაციის გავლის საშუალება არ მისცა. საიტი მათ მინიჭებულ რიგს უუქმებდა და რიგის ბოლოში ანაცვლებდა, რამაც გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია.
Biletebi.ge-ს ადმინისტრაციამ მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და საიტის გაუმართაობა არსებული ტექნიკური ხარვეზებით ახსნა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ტექნიკური დირექტორი, გიორგი ჩხიკვიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრისათვის, 22 ათასი ლარის ღირებულების აპარატურა შეიძინეს. შესაბამისად, ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ biletebi.ge-მ ბილეთების გაყიდვას აგრძელებს.
„იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც უსაფრთხოების სისტემა ბლოკავდა გარკვეულ მომხმარებლებს. 60 ათასი ადამიანი იყო რიგში, იქიდან რამდენს უნდა შეეძინა ბილეთი, როდესაც რაოდენობა არის შეზღუდული?! ამ ყველაფერმა გამოიწვია ხარვეზები. ამ წუთებში სისტემა სტაბილურად მუშაობს, შეუფერხებლად იყიდება ბილეთები“, - აცხადებს ჩხიკვიშვილი.
რაც შეეხება ფეხბურთის ფერედაციასთან დადებულ კონტრაქტს, რომლის ღირებულება 45 ათას ევროს შეადგენდა, Biletebi.ge-მ გააუქმა.
„თანხა წინასწარ არ იყო გადმორიცხული. ეს იყო ჩვენი გასამრჯელო, რომელიც ჩვენ უნდა აგვეღო გაწეული სერვისისთვის. მეტსაც გეტყვით, პირველადი კონტრაქტი ფედერაციასთან უკვე გაუქმებულია. ჩვენ უეფა-ს მოთხოვნით დავიწყეთ ბილეთების გაყიდვები და ალბათ, ახალი კონტრაქტი შედგება, მაგრამ რამდენი იქნება ეს თანხა, ახლა ამაზე არ მიდის საუბარი, რადგან აქცენტი გატანილი გვაქვს გაყიდვაზე.
მინდა გითხრათ, რომ სერვისზე არსებულ ხარვეზებს ყველაზე მშვიდად შეხვდა უეფა. ჩვენს გვერდით იდგა უეფა და მისი ტექნიკოსები. წერილი მოგვწერეს, რომ ეს ბევრ სისტემაში ხდება, რაც ჩვეულებრივი ამბავიაო. სჯერათ ჩვენი და უნდათ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვიწყებთ ბილეთების გაყიდვებს საზღვარგარეთიდან შემოსული მომხმარებლებისთვისაც, სადაც მხოლოდ 4300 ბილეთი გავა. დარჩენილი 22 ათასი ბილეთი დაიბეჭდება და გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას სალაროში გასაყიდად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ჩხიკვიშვილი.
უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა სამართალდამცველებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, რადგან არველაძე არ გამორიცხავს, რომ გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები. აღსანიშნავია, რომ Biletebi.ge 7 წელია რაც არსებობს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით მიზანდარია, რომელიც ამჟამად შსს-ს მომსახურეობის საააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც გიორგი ჩხიკვიშივილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მიზანდარმა ძალოვან უწყებაში მუშაობა აპრილის თვეში დაიწყო. შს მინისტრის განცხადებით, მიზანდარმა Biletebi.ge შსს-ში გადასვლამდე დატოვა. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ამ საკითხების მოკვლევა გენერალურ ინსპექციას დაევალა. მაშ ასე, მუშაობს თუ არა პარალელურ რეჟიმში შსს-ს მაღალჩინოსანი Biletebi.ge-ში ამას ახლა გენერალური ინსპექცია სწავლობს.