„დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპია - იყავი თავისუფალი იქამდე, სანამ სხვის თავისუფლებას არ შეზღუდავ“

„დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპია - იყავი თავისუფალი იქამდე, სანამ სხვის თავისუფლებას არ შეზღუდავ“

პირველი იმპერატორი იყო ნერონი, რომელმაც თავის მონა მამაკაცზე იქორწინა და ეს ფაქტი ძველ რომში არ ყოფილა სენსაციური მოვლენა. თუმცა თანამედროვე სამყაროში, სადაც დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის ისტორიული ბრძოლა მიმდინარეობს და, სადაც ქრისტიანთა რიცხვი დღითი-დღე მცირდება (ცივილიზებულ ქვეყნებში უარს ამბობენ მრავალშვილიანობაზე), ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ამ ადამიანებს რეპროდუქციული უნარი არ ექნებათ.

საით მიდის „ცივილიზებული“ კაცობრიობა ამ თემაზე For.ge ფსიქოლოგსა და ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

სკეპტიკოსების აზრი, რომ ერთსქესიანი ქორწინება მხოლოდ რამდენიმე წყვილს მოუნდებოდა, არ გამართლდა. ჰოლანდიაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებიდან სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში 1000-მდე ასეთი ოჯახი შეიქმნა, დღეს კი აშშ-მაც დააკანონა ეს ქორწინება და ამ წყვილებს ბავშვის აყვანის უფლებაც მიეცათ. ლგბტ პირთა აქციის დროს თქვენი ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ ჯერ კიდევ ლაბილური, მერყევი ფსიქიკის მქონე ზოგიერთი მოზარდი, რომელიც ორჭოფობს, საბოლოოდ რა გზას დაადგეს, მსგავსი აღლუმების შემდეგ ლგბტ პირთა რიგებს შეუერთდება, რადგან ეს საქციელი თურმე არ ყოფილა დასაძრახისი. ასე რომ, ჰომოსექსუალიზმს არა მხოლოდ ბიოლოგიური და ჰორმონალური საფუძველი აქვს, არამედ ფსიქოლოგიურ მიმბაძველობასაც მიუძღვის გარკვეული როლი ადამიანის ორიენტაციის ჩამოყალიბებაში. რატომ გახდა აუცილებელი ამ ურთიერთობების დაკანონება?

- ერთ რამეს დავუმეტებდი, კაცობრიობის ისტორიას არცერთი ეტაპი არ ახსოვს, სადაც ამ ტიპის მოვლენებს არ ჰქონოდეს ადგილი. არცერთი ქვეყნის ისტორია ამისგან დაზღვეული არ ყოფილა. ზოგან ეს იყო დაკანონებული, რადგან ნორმალურ ცხოვრების წესში შედიოდა, ზოგან იყო დევნა, ოღონდ ამით რეალობა არ იცვლებოდა და ასეთი ადამიანები მაინც არსებობდნენ, რადგან ბუნება თავისას აკეთებდა, მაგრამ, პრინციპში, მე არ მახსენდება ისეთი ეტაპი, რომ ლგბტ თემას იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონოდეს, რაც დღეს ხდება. ანუ, თუ დემოკრატი ხარ, მაშინ თურმე, რაც შეიძლება, მკაფიოდ უნდა გამოხატო შენი დადებითი დამოკიდებულება, მე ვიტყოდი, ამ უბედური ადამიანების მიმართ. სწორედ იდეოლოგიური დატვირთვის ჟღერადობა მიიღო ერთსქესიანთა ქორწინებამ თანამედროვე მსოფლიოში. არა მგონია, ეს ჟღერადობა, საბოლოო ჯამში, გამართლებული აღმოჩნდეს მარტო იმიტომ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ამერიკამ დააკანონა. ამერიკის და ყველა ქვეყნის სინამდვილეშიც ბევრჯერ მომხდარა, რომ პირველ მიახლოებაზე სულ სხვა წესით მოქმედებდნენ და მერე აღმოუჩენიათ, თურმე ეს არ ყოფილა მიზანშეწონილი. ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობამ თავის დროზე არსებობა სისხლის აღრევით დაიწყო, მაგრამ მერე აღმოაჩინეს, რომ ამას მძიმე შედეგები აქვს და შემოიტანეს ნორმები, რომელმაც ეს მხარე დაარეგულირა. ამიტომ, სანამ პრობლემები არ გაჩნდება, იქამდე რაღაც განწყობილებებს მოაქვთ ლგბტ-ეობის მოდა და ითვლება, რომ პიროვნების თავისუფლებასთან არის ეს კავშირში. მსოფლიოში გვაქვს ისეთი კულტურებიც, სადაც ასეთი ნორმა შემოსატანია, რადგან ლგბტ პირებზე დევნაა გამოცხადებული, მაგრამ, თუ ასეთი დევნა არ არის გამოცხადებული ცალკეულ კულტურებში და ლგბტ პირთა უფლებები არ იზღუდება, მაშინ დამატებითი დაცვა და, მით უმეტეს, ერთსქესიანთა ქორწინების ელემენტის შემოტანა რაღა საჭიროა? ეს შეიძლება აღმოჩნდეს ბიძგი ისეთი პროცესების მიმართ, რომლის საბოლოო შედეგებიც დღეს არ ჩანს.

მით უმეტეს, ამ წყვილებს შვილის აყვანის უფლებაც მიეცათ. ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის ნორმალურ გარემოში აღზრდას, მაგრამ ლგბტ აქტივისტები ირწმუნებიან, რომ დღესდღეობით ამერიკაში ათასობით ბავშვია, რომელსაც ზრდიან ლესბოსელები და ჰომოსექსუალები და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა თურმე არ დაფიქსირებულა.

- გეთანხმებით, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ისინი გაზრდიან, როგორი იქნება მომავალი, უცნობია.

ამბობენ, აშშ-ის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა ჰომოექსუალიზმი გაუპატიურების ტოლფას დანაშაულად ცნო და ამ ორ დანაშაულს ერთნაირი სასჯელი დაუწესა. ასე რომ, ამერიკა სხვაგვარიც ყოფილა თავის დროზე.

- ამერიკა არა მარტო თავის დროზე იყო სხვადასხვაგვარი, არამედ ახლაც, იმისდა მიხედვით, რესპუბლიკელი ლაპარაკობს თუ დემოკრატი, ამერიკა სხვადასხვანაირი იქნება მაგ საკითხშიც. იდეოლოგიური კონიუნქტურის თემა გახდა ეს თემა. კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, - ჩვენ, ყველანი, შევდივართ საკმაოდ რთულ ეპოქაში. უპირველეს ყოვლისა, ამერიკაშიც უჭირთ ხოლმე ამაზე დაფიქრება. კერძოდ, შევდივართ იმ ეპოქაში, სადაც ევროპული ცივილიზაცია შეიძლება დაპირისპირებული აღმოჩნდეს არაევროპულ ცივილიზაციასთან. ამ არაევროპულ ცივილიზაციებში გარკვეული დამოკიდებულებაა ლგბტ თემის მიმართ. გარდა ამისა, არაევროპულ ცივილიზაციებში დემოგრაფიული ტენდენციები სხვანაირია, ვიდრე ევროპულში, იმდენად, რომ ევროპული ცივილიზაცია დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგება. ამ დაპირისპირების ფონზე ამ თემის ასეთი პედალირება და შეიძლება, ითქვას, მოდის განმტკიცება იმაში, რომ, არიქა, ლგბტ საზოგადოება უნდა განვითარდეს, შეიძლება, პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალზე სახიფათო აღმოჩნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ბევრი ევროპელი მიდის იმავე ისლამურ სახელმწიფოებში და იბრძვის, რადგან მას ევროპული ცივილიზაცია არ მოსწონს და მიაჩნია, რომ ის ბუნებრივ პროცესებს უარყოფს და მორალის დაკარგვას ქადაგებს. ასე რომ, თვითონ ევროპელებშია პროტესტი ამ პროცესების დაკანონების მიმართ. გაიხსენეთ, საფრანგეთში ამასთან დაკავშირებით რამხელა დემონსტრაცია იყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები არ აყვებიან ამ ტენდენციას და თვითონ დასავლეთის ქვეყნებშიც აღმოჩნდება ძალზე დიდი რაოდენობით ხალხი, რომლებიც ევროპულ ცივილიზაციაზე იტყვიან უარს, რადგან ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ასეთი თვითნებობა. ღირს კი ეს თემა იმად, რომ მსოფლიოსთვის ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებში ერთსქესიანთა თემის გამო წამგებიანი პოზიცია დაიკავოს ევროპამ?

არაევროპული ცივილიზაცია ახსენეთ და თურქეთი, რომელიც ევროპის ნაწილად გახდომას ცდილობს, მაინც ავლენს მკაცრ დამოკიდებულებას ლგბტ პირთა მიმართ. გუშინწინ სტამბოლში ლგბტ აქტივისტების მსვლელობა პოლიციამ წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა იმის მიუხედავად, რომ თურქეთში ლგბტ ურთიერთობები უკანონოდ არ ითვლება. რისთვის აწყობს დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოს ხელოვნურად შექმნილი ასეთი დაპირისპირებები?

- ზუსტად ეს არის გაუგებარი, რატომ იხდის დასაპირისპირებლად ევროპული ცივილიზაცია თავს?! რაც შეეხება იმ საკითხს, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას თავს ხომ არ მოგვახვევენ, ვფიქრობ, თუ თავს არ მოგვახვევენ და დაინახავენ იმ უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რაც ქართულ კულტურას თავისი დიდი ასაკისა და გამოცდილების გამო აქვს გადადმული, კარგი იქნება. ჩვენში არათუ სხვა ნაციის ან სხვა რელიგიის დევნა არ ყოფილა, არამედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მომხრეთა დევნაც არ გვახსოვს, ისე გავიარეთ ეს უზარმაზარი ისტორია. ამ ფონზე, არა მგონია, საქართველო საჭიროებდეს ჭკუის სწავლებას. პირიქით, თუკი დასავლეთი სხვა ხალხის კულტურებში ეცდება, რომ მოძებნოს ამ რთული საკითხიდან გამოსავალი, რაც ისტორიულად ამა თუ იმ ერს თავისებურად მოუგვარებია, მე მგონი, პრობლემის გადაჭრისთვის უკეთესი იქნება, ვიდრე წმინდა ევროპული გზით სიარული, რომ უნდათ და თურმე უნდა დაქორწინდნენ კიდეც. „უნდათ და ისე იქცევიან, როგორც უნდათ“- ეს დემოკრატიის გაგების ქვეშ თითქოს თავსდება, მაგრამ, ამავე დროს, ანტიდემოკრატიულია, რადგან დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპია, „იყავი თავისუფალი იქამდე, სანამ სხვის თავისუფლებას არ შეზღუდავ“. თუკი აღმოჩნდება, რომ სექსუალური თავისუფლება ფსიქოლოგიურად ზღუდავს სხვის თავისუფლებას, ანუ ეს შეთავაზებაა ახალგაზრდობისთვის ამ ტიპის ორინტაციისთვის, ეს უკვე სხვის თავისუფლებაზე ახდენს ზეგავლენას. აქ მთელი რიგი ფსიქოლოგიური მეთოდებია, ეს ზეგავლენის მეთოდებია. ანალოგიურად, ნებისმიერი სარეკლამო, პიარ-ელემენტის შემცველი ნაბიჯი სხვის თავისუფლებას ზღუდავს. როდის დაფიქრდება კაცობრიობა იმაზე, რომ ერთნაირად ანტიდემოკრატიულია როგორც ცოდვის აღება და ლგბტ პირთა დევნა-დაშინება, ისე ლგბტ-თა მიერ სხვა ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალის გამოყენება?! ამის ლოდინი, შეიძლება, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, რადგან შედეგი უფრო ადრე დადგეს.

ვერ ვიტყვით, რომ წარმომავლობის მიხედვით, ობამა ტიპური დასავლელი ლიდერია. იგი კენიელი მამის და ამერიკელი დედის ოჯახშია დაბადებული და ჰავაიზე გაუტარებია ბავშვობის წლები. რატომ შეიცვალა მან პოზიცია ერთსქესიანთა მიმართ? დღეს უკვე კეთდება ხმამაღალი შეფასებები, რომ რაც ამერიკისთვის გამარჯვებაა, ის სამყაროსთვის დასასრულის დასაწყისია. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ვერ ვიტყოდი იმას, რომ რაც ამერიკისთვის გამარჯვებაა, ის სამყაროსთვის დასასრულის დასაწყისია. ბევრი რამ აქვს წამოწყებული ამერიკას, რომლის გამარჯვებაც ყველასთვის აშკარაა. მოდით, ცოტა კაცთმოყვარე ფორმულირება შევთავაზოთ მკითხველს - ამერიკა არ არის უცოდველი, მან შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ მისი შეცდომები ძალზე ძვირი ჯდება ხოლმე. არც ისე შორეული წარსულია, როცა ამერიკაში განსხვავებული ფერის გამო მოჰკიდებდნენ ადამიანს ხელს და ჩამოჰკიდებდნენ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. ესეც ამერიკა იყო, ასე რომ, ავტომატურად გადაღება, რომ ამერიკა ყველაფერში სწორია, დამღუპველია და მერე აჩენს საწინააღმდეგო ტენდენციას, რომ ამერიკა დამღუპველია. ამ ფრაზის ცოდვა უფრო იმათ კისერზეა, ვინც იძახის, ამერიკა სწორიაო. ეს აღიზიანებს მათ, ვინც ამერიკაში შეცდომებსაც ხედავს. ამიტომ, ვისაც ამერიკული კულტურის პროპაგანდა უნდა, ალბათ, უკეთესი იქნება, ქართველებს დაანახოს ამერიკა, როგორც თავისი შეცდომებით, ისე - სწორი ნაბიჯებით. ეს უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე მხოლოდ იმის ძახილი, რომ ამერიკა თურმე უშეცდომოა. ეს გამაღიზიანებელია.

ახლა აპირებენ, ჩვენს კონსტიტუციაში ახალი ნორმა შემოვიდეს და ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობლიობაა. კონსტიტუციები, პარლამენტები და კანონები დროებითი მოვლენაა და ძალზე ხშირად იმ განწყობილებებს აყვებიან ხოლმე, რაც იმ პერიოდშია გამეფებული. ამ შემთხვევაში, ჩვენში გამეფებულია არა იმდენად ლგბტ პირთა მიმართ დამოკიდებულება, რამდენადაც დასავლეთის დაბეჯითებით დარწმუნება, რომ, არიქა, ჩვენც ევროპელები ვართ. ამდენად, დასავლეთთან თავმოწონების გამო შეიძლება, არასწორი ნაბიჯები გადადგან დღევანდელმა ჩვენმა პოლიტიკოსებმა.