ნაციონალებმა ძეგლების შემუსვრა უმაღლესი ხელოვნების რანგში აიყვანეს და არასასურველ პირთა დევნის საგნად აქციეს. ასე მოხდა მერაბ ბერძენიშვილის შემთხვევში, სააკაშვილის დროს დავით აღმაშენებლის ძეგლი მოხსნეს და ამით მისი ავტორის, შესანიშნავი მოქანდაკის მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს. ასეთივე ბედი ხვდა წილად მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტურ სკულპტურას - „დიდების მემორიალს“ ქუთაისში, რომლის აფეთქებასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.
ამ მავნე პრაქტიკიდან გამომდინარე, ძეგლების „სირბილი“ დღემდე არ დასრულებულა და დავით აღმაშენებელის ძეგლი, სავარაუდოდ, მის პირვანდელ ადგილს დაუბრუნდება ვარდების მოედანზე, საიდანაც ის საზოგადოების ნების წინააღმდეგ გაიტანეს. სხვათა შორის, მაშინ ამბობდნენ იმასაც, რომ სწორედ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას შეეწირა აკადემიკოსი გურამ შარაძე.
დღეს კი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს და სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო. პრემიერი თვლის, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ.
რაც შეეხება ველოსიპედის ძეგლს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამედროვე სკულპტურების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თუ თბილისელი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ ძეგლის გადმოტანა შესაძლებელია, განხილვაც დაიწყება.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ For.ge საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს სამხატვრო ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს ფერდინანდ ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ მოითხოვდა, არა მარტო „დაებრუნებინათ დავით აღმაშენებელი“, არამედ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვისაც დავით აღმაშენებლის მოედნის სახელი ეწოდებინათ. დღესაც ფერდინანდ ლორთქიფანიძე, როგორც მერაბ ბერძენიშვილის მეგობარი, ამავე პოზიციაზეა.
„იმ მთავრობის დანაშაული იყო დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა. ძეგლს როცა დგამენ, მოქანდაკე წინასწარ არჩევს სივრცეს და იმის მიხედვით მუშაობს ამ ძეგლზე. სხვათა შორის, როდესაც ქუთაისის მემორიალი გავხსენით, მსოფლიოში ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე კოგანმა ბატონ მერაბს ქართველი მიქელანჯელო უწოდა. ამ დროს ის ძეგლი ააფეთქეს, რადგან მერაბმა კოჭი არ გაუგორა სააკაშვილს. მე ამ ყველაფრის აქტიური მონაწილე ვარ, ეს დანაშაული იყო. აუცილებლად დავით აღმაშენებლის ძეგლიც პირვანდელ ადგილს უნდა დაუბრუნდეს და იმ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდოს, ის ველოსიპედი უნდა მოშორდეს. არ შეიძლება, დავით აღმაშენებლის მოედანზე საშინელი ველოსიპედი იდგეს. რის ვარდების რევოლუცია, რა მოგვიტანა ვარდების რევოლუციამ? მერაბი გულდაწყვეტილია, შეიძლება, მან არ გამოამჟღავნოს, მაგრამ ასე არ არის. ის შეურაცხყოფილია, ამოდენა კაცს ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ. სწორედ ელბაქიძის დაღმართზე დაიღუპა ველოსიპედზე მჯდარი რევოლუციონერი კამო. ვითომ ჭკვიანმა სააკაშვილმა, მაინც ვერავინ გაიგებსო, სწორედ კამოს საპატივსაცემოდ, სიმბოლურად დადგა ეს ველოსიპედი. წავიყვან „სვარშჩიკებს“, მოვჭრი და წავიღებ იმ ველოსიპედს“, - აღნიშნა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ.
მანვე გაიხსენა ერთი ფაქტი. მას შემდეგ, რაც სასტუმრო „რედისონი“ ყაზახებმა ააშენეს, იგი პირადად ელაპარაკა გიორგი რამიშვილს, ე.წ. „ზარალას“ და ზარალამ დაარწმუნა იგი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა მათი ინიციატივით არ მომხადრა.
„როგორ ვიტყოდი მაგასო, - მითხრა რამიშვილმა. არადა, მათ დააბრალეს, ვითომ „რედისონის“ გამო ყაზახ ინვესტორებს არ უნდოდათ ეს ძეგლი. ჯერ მათ ვინ ჰკითხავთ, მაგრამ ყაზახებს დააბრალეს. უბრალოდ, მიშას არ უნდოდა ეს ძეგლი, რადგან მერაბი არ უნდოდა. დალასის დოქტრინა ხომ გახსოვთ? ყველა კაცი, ვინც წარმოსადეგია, უნდა შეურაცხყოთ! ეს ადგილი გამართლებულია ამ ძეგლისთვის. თორემ თბილისში რომ შემოდიხართ, დიღომში ისეთი ანტურაჟია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი არ ჩანს, აღარ ვიტყვი, ძეგლის ნაცვლად, რა ჩანს“,- აცხადებს ფერდინანდ ლორთქიფანიძე.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მერაბ ბერძენიშვილის მეგობარი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არაკაცებმა მერაბ ბერძენიშვილს გული ატკინეს, ქუთაისში დაუნგრიეს მემორიალი, ხოლო თბილისიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი გაიტანეს. ამ ფაქტს ცნობილი ლოტბარი იმით ხსნის, რომ ყველაფერი ქართული ეზიზღებოდათ ნაციონალებს, თორემ სხვა რა დაუშავა ამ გენიალურმა ძეგლმა? უნდოდათ დაედგათ სასაცილო ველოსიპედი?!
„ნარმანიას პატივს ვცემ, მაგრამ ამდენ ხანს უნდა აეღო ეს ნერვების მომშლელი, ცინიზმით სავსე ველოსიპედი. გეგონება, ნაციონალების მთელი ბანდა გიყურებს. დიდ პატივს ვცემ ჩვენს პრემიერს, თავი გამოიჩინა ამ ტრაგედიის დროს და ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო ძეგლის გადმოტანა. ეს მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი უკვე აღარ არის, ეს ქართველი ხალხის სიამაყეა. ქვის გული უნდა ჰქონოდა მერაბს, რომ ეს არ განეცადა. ეს ხომ მისი ქმნილება, მისი შვილი, მისი სისხლი და ხორცია, მისი სულია იქ. კიდევ არ გვაჩვენებდა, როგორც განიცდიდა. კაცი რომ არ ყვირის და ცრემლებად არ იღვრება, ამისთვის გული უნდა ატკინონ? ეს ათწლეულობით ნაფიქრალი და განხორციელებული ქანდაკებაა. იმ ტკენას რა გამოლევს, რაც მას გაუკეთეს? მოკლედ, „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“. ეს არის, რა“,- გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა და გიგანტურ ველოსიპედსაც „მიუჩინა“ ბინა - „ველოსიპედი აიტანონ სადმე მთაზე, დაუსახლებელ ადგილას და დააგორონ. მაგისთანა გაუგებარ რკინას სამ დღეში გავაკეთებ, არადა, ქანდაკებასთან არანაირი შეხება არ მაქვს“.