როგორ ირჩევენ მამაკაცები

როგორ ირჩევენ მამაკაცები

მამაკაცთა უმრავლესობა პარტნიორის არჩევის დროს ყურადღებას უპირველესად, ქალის გარეგნობას აქცევს – ეს ფაქტია, რომელზეც არავინ დავობს, თუმცა, მკვლევრებს დღემდე არ შეეძლოთ, დარწმუნებით ეთქვათ, პოტენციური კავალრისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ქალის მკერდი თუ ფეხები, თმის ფერი თუ აღნაგობა.

ცხადია, ყველა მამაკაცს თავისი თვალთახედვა აქვს, მაგრამ, მონპელიეს ევოლუციის ინსტიტუტის მკვლევრები სულ ახლახან მივიდნენ სრულიად მოულოდნელ დასკვნამდე: მამაკაცი უფრო ხშირად იმ ქალს ირჩევს, რომელიც გარეგნულად მას წააგავს.

ფრანგი მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ, კვლევების შედეგებით, მამაკაცებს მიმზიდველად მიაჩნიათ ის ქალები, რომლებსაც ისეთივე ფერის თმა, თვალები და ტუჩების სისქე აქვთ, როგორც თავად მათ.

დიდი როლი ითამაშა ნიკაპზე ჩაღრმავების არსებობამ, მოკლედ, კაცებისთვის მნიშვნელოვანია, მათ რჩეულს მათი მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდეს. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მთავარი ფაქტორი მაინც საერთო მსგავსებაა და არა კონკრეტული ნაკვთები.

„ჩვენ განვიცდით მიზიდულობას ჩვენი მსგავსი ადამიანების მიმართ, – განმარტავს კვლევების ავტორი ჟან ბოვე, – შეიძლება, ჩვენ ხშირად ვირჩევთ ურთიერთობას ჩვენივე სოციალური ფენის წარმომადგენელთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია იუმორის გრძნობა, სპორტით გატაცება, ანდა, სულაც, სასიამოვნო ხმა, მაგრამ მასში ჩვენს სახესაც ვეძებთ. სხვათა შორის ეს პრინციპი უკუმიმართულებით არ მუშაობს, ანუ, შეიძლება, დავუშვათ, რომ ქალებსაც იზიდავთ მათი მსგავსი სახეები, მაგრამ, გარეგნობა უფრო მამაკაცებისაა მნიშვნელოვანი, ქალები კი მეტ ყურადღებას პიროვნულ თვისებებსა და სოციალურ კუთვნილებას აქცევენ“.