რამ შეცვალა რადიკალურად ბარაკ ობამა, გაუგებარია, ვინაიდან თავდაპირველად, ერთსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა. როგორც ჩანს, „მოდურმა“ ტენდენციამ მასზეც იმოქმედა და ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას 50-ივე შტატში (36-ის ნაცვლად) ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ „ამერიკის გამარჯვება“ უწოდა.
ადრინდელი ობამასგან განსხვავებით, დღევანდელ ობამას „ისტორიული სიტყვებიც“ დასცდა: „უბრალოდ, სიყვარულმა გაიმარჯვა“...
ობამა პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და ამით „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ მით რომნის დაუპირისპირდა, რომელსაც, თავის მხრივ, სჯერა, რომ ქორწინება კაცსა და ქალს შორის ურთიერთობაა.
სხვათა შორის, იმავე ობამას 2015 წლის ერთ-ერთ ბოლო მოხსენებას, როდესაც მან გეი ქორწინებას ადამიანის მოქალაქეობრივი უფლება უწოდა, მთელი დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა. მხოლოდ ამერიკელი სასულიერო პირები ისმენდნენ ობამას ფერისცვალებას რეაქციის გარეშე. ბევრისთვის საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ ამიერიდან ამერიკელ ერთსქესიანებს შვილად აყვანის უფლებაც მიეცემათ. ასე რომ, ფსიქოლოგიური ზეგავლენის თუ არასწორი აღზრდის შედეგად კიდევ უფრო მეტ ერთსქესიანებს მივიღებთ და მალთუსის თეორიაც ამოქმედდება.
ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს, რასაც, ასევე, იზიარებენ თავად ამერიკელები, მათ, შორის, ამერიკელი სასულიერო პირებიც. უწმინდესის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ, მაგრამ ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი. უფრო მეტიც, უწმინდესი თვლის, რომ ხშირად ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს, რაც დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რადგან სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს-ჩვეულებები.
იმ ფონზე, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ ლგბტ თემის უგულებელყოფაა, ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქართული სახელმწიფო სწორედ ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახის ინსტიტუტზე დგას, სწორედ ამიტომაც ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ ქართველები.
„ქართველები მთელ მსოფლიოში გამორჩეული ერი ვართ, ჩვენი ენით, დამწერლობით, კულტურით, ისტორიით, გაუტეხელი სულითა და ბუნებით, რომელიც ვერც ერთმა მტერმა ვერ დაჯაბნა. ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. ქართველობა საამაყოა იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა. ჩვენი წინაპრები საკუთარ „მე“-ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყველაზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებდნენ. დღეს კი გახედეთ, რა ხდება – ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგეებიან, მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ“, - განმარტავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრების კომენტირებისას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი განმარტავს, „სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა“.
იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო რადიკალი ისლამისტების საშიშროების წინაშე დგას, საინტერესოა, რას ეფუძნება ბარაკ ობამას შეცვლილი პოზიცია და რამდენად არის აუცილებელი საქართველოს კონსტიტუციაში მსგავსი შეხსენების არსებობა, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობას წარმოადგენს?!
თბილისის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მამა დავით ქვლივიძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს:
„ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღებამდე ღვთის სასჯელის შესახებ ვაფრთხილებდი ჩვენს პარლამენტარებს, არ სჯეროდათ, იცინოდნენ. სულ ახლახანს წარღვნამ დაგვანახა, რა უმწეონი არიან ადამიანები. ღმერთი სხვისი ხელით დაალაგებს ამას, ისევე, როგორც ეს მოხდა ბიზანტიის მაგალითზე. ბიზანტიის იმპერატორებმა და ეკლესიამ ვერ მოუარეს მართლმადიდებლობას და ღმერთმა ეს ოსმალების ხელით გააკეთა. თურქული საშიშროების წინაშე მდგარი ბიზანტია (რომელსაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების დახმარების იმედი ჰქონდა) იძულებული გახდა, მიეღო ფლორენციის უნია, გაერთიანება (1439 წ.), რითაც იგი ცნობდა პაპის უზენაეს ხელისუფლებას. ამის შემდეგ ბიზანტიაში დაიწყო ანტიმართლმადიდებლური მოძრაობა კათოლიკეთა სასარგებლოდ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოსულმა ოსმალებმა ისევ მართლმადიდებლები წამოსწიეს წინა პლანზე, რადგან შიშობდნენ, თუ ბერძნები გაკათოლიკდებოდნენ, საერთო ენას გამონახავდნენ დასავლეთთან და აუჯანყდებოდნენ ოსმალებს. 1452 წლის 12 დეკემბერს აია სოფიას ტაძარში ბიზანტიის იმპერატორმა და სინოდმა კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასვლას მოაწერეს ხელი და სულ რაღაც 6 თვეში, ანუ 1453 წლის 28 მაისს კონსტანტინეპოლი დაემხო, კონსტანტინეპოლი იქცა სტამბოლად და დღესაც სტამბოლად ითვლება. ჩვენმა პრემიერმა სწორად თქვა, მას ქართველი ხალხი გვერდში დაუდგება, რადგან საქართველოს მოსახლეობის 75-80% ერთსქესიან ქორწინებას დაუშვებლად მიიჩნევს. ისეთი ხალხი უნდა აირჩიონ პარლამენტში, ვინც ლგბტ დროშას არ აგვიფრიალებს. უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისლამური ხალიფატის შემქმნელებმა ისლამისტები მომართეს ჩვენს წინააღმდეგ. სულ ახლახანს ამერიკის კონგრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოგვმართა, თბილისელო მართლმადიდებლებო, ფრთხილად იყავით, ნუ აბრაზებთ მუსლიმანებსო. თუ დასავლეთი გვეუბნება, მე ვეღარ დაგიცავთო, მაშინ რა ფუნქცია აკისრია ნატოს და ევროკავშირს?“ - აცხადებს მამა დავით ქვლივიძე და ფიქრობს, რომ ამერიკამ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სხვა ერებს თავს არ უნდა მოახვიოს. მაშინ ეს რაღა დემოკრატიულობა იქნება?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა საზოგადოებამ განვითარების სულ სხვა პერიოდი გაიარა და, მათგან განსხვავებით, სრულიად განსხვავებულია ჩვენში არსებული რეალობა.
„ქართული რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. პირადად მე არათუ ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროცედურას არ მივესალმები, არამედ, ზოგადად, მგონია, რომ ჩვენი საზოგადოებისა და კულტურისთვის ასეთი რამის დაშვება ყოვლად წარმოუდგენელია. აღარაფერს ვამბობ მართლმადიდებლობასა და ჩვენს ეკლესიაზე. თუ ეს პრობლემა დადგებოდა ჩემს წინაშე, მე ამის მოწინააღმდეგე ვიქნებოდი. არ ვიცი, რა მოხდება 10, 20, 30 წლის შემდეგ, მაგრამ არც ის მგონია, თუ ჩვენ ერთსქესიანი წყვილების დაკანონებას დავუშვებთ, ამით ევროპული ან დასავლური საზოგადოება გავხდებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. რაც შეეხება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ვგრძნობ, საიდან გაჩნდა ეს იდეა. ჩემსავით, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ადამიანი უარყოფითად აფასებს ერთსქესიანთა ქორწინებას და შიშობს, რომ საქართველოში ეს შეიძლება დაკანონდეს. აქედან გამომდინარეობს, რომ კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ასეთი ჩანაწერი. ზოგადად, კონსტიტუციაში ამის ჩაწერას არ მივესალმები, მგონია, რომ ეს ზედმეტად დეტალიზირებულია და, თუ ჩვენი საზოგადოება მივა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე, მაშინ ის კონსტიტუციასაც და ამ ნორმასაც შეცვლის. რა თქმა უნდა, ეს დამცავი მექანიზმი არ არის, უბრალოდ, ეს დამამშვიდებელი მექანიზმია. მსოფლიოსთვის ჩვენ მანამ ვიქნებით ღირებულნი, სანამ თვითმყოფადობა გვექნება. როგორც კი ამას დავკარგავთ, აღარაფერი არ ვიქნებით“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, რომ დღევანდელი ჩვენი პარლამენტარების ლიბერალური განწყობის შემხედვარე, საეჭვოა, კონსტიტუციაში პრემიერის შეთავაზების ჩაწერა მოხერხდეს.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უნდა განვასხვავოთ, ეკლესია და სახელმწიფო როგორ უყურებს ერთსქესიანთა ქორწინებას. ცხადია, ეკლესიისთვის მიუღებელია ერთი სქესის ქორწინება და ჩვენი პატრიარქიც თავისი განცხადებით ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანული თვალსაზრისი და ერთსქესიანთა დაქორწინება არავისთვის არ უნდა იყოს დაშვებული, იმის მიუხედავად, ის ეკლესიის წევრია თუ არა. თუმცა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, კი ბატონო, ეკლესიაში შეიძლება არ იყოს ერთსქესიანთა ქორწილი დაშვებული, მაგრამ სახელმწიფოში რატომ უნდა იყოს დისკრიმინაცია?!
„ეს არის პოლიტიკის ნაწილი. აქ ტრაგედიაა არა ის, ეს ცოდვაა თუ არ არის ცოდვა, არამედ ლაპარაკია, რომ კონკრეტულად სახელმწიფოს კანონმდებლობაში ზუსტად ერთნაირი სახელი უნდა ეწოდოს თუ არა ორი ადამიანის კავშირს, რომელთაც ერთი სქესი აქვთ, ან აქვთ განსხვავებული სქესი. ასეა ევროპაში და ბევრ ქვეყანაში. მე ვიცნობ ქრისტიანებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საერთოდ, ეკლესია ამ საკითხებში არ უნდა ჩაერიოს და არ უნდა განსაზღვროს სახელმწიფო კანონმდებლობა. ქრისტიანული თვალსაზრისით, მთელი ჩვენი უბედურება მოდის სწორედ თავისუფლების არასწორი გამოყენებიდან, ამაში ახალი არაფერია. ადამისა და ევას ცოდვაც სწორედ ეს არის.
ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა. სანამ ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებდნენ, რა, არ ცხოვრობდნენ ერთი სქესის წყვილები ერთად?! თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ვინმემ გვიკარნახოს, ქრისტიანული სწავლება შევცვალოთ“, - აღნიშნავს ლევან აბაშიძე.