ეროსი კიწმარიშვილი: ნიკა რურუა თვალებს აცეცებდა

ეროსი კიწმარიშვილი: ნიკა რურუა თვალებს აცეცებდა

For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ პირდაპირ აჭარაში ჩავიდა და ბათუმში ასლან აბაშიძემ მას, როგორც ქვეყნის მთავარსარდალს სამხედრო აღლუმი მოუწყო. სააკაშვილი დემონსტრირებას ახდენდა, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ის იყო. ცხადად ჩანდა, რომ მიშა ასლან აბაშიძის თავნებობას არ დაუშვებდა. მით უფრო, რომ აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას აღიზიანებდა, აჭარა შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების თავშესაფარი გახდა. ასე შეაფარა ბათუმს თავი რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ჩხაიძემ, რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პასუხისგების თავიდან ასაცილებლად მან ბათუმს მიაშურა, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ მის დასაპატიმრებლად ვერტმფრენით სპეცრაზმი გადასხა და ოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

ხელისუფლებას ბუნებრივია აშფოთებდა სარფის საბაჟოც, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე - გელათის მონასტერში დადო და მის უპირველეს მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოაცხადა. მან მითებში გადაინაცვლა. სააკაშვილის ამ მიმართულებით სწრაფვა ასლანს თრგუნავდა, ისევე როგორც თრგუნავდა თავად სააკაშვილიც: ასლანი სიმაღლით, მგონი მეტრი და 55 სანტიმეტრია, მიშა კიდევ - 2 მეტრზე მაღალი.

გარდა პოლიტიკური ოპონირებისა, აბაშიძე და სააკაშვილი ერთმანეთს პიროვნულადაც ემტერებოდნენ. რამდენიმე წლით ადრე, მიშა საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვაკის რაიონში იყრიდა და არჩევნების წინ თბილისში ვიდეოკასეტები გავრცელდა, სადაც მიშა აბანოში ბანაობის დროს ვიღაც მეგობარ ქალს ესაუბრებოდა და თან ანანიზმს ეწეოდა. ამ კასეტას მიშას მეტოქე კომპრომატად იყენებდა. ეს ვიდეომასალა აჭარაში, დაბა ჩაქვის სასტუმროში ფარულად გადაიღეს და სააკაშვილი ამის გამო აბაშიძეს ადანაშაულებდა. ამდენად, მიშას ასლანის მიმართ შურისძიებაც ამოძრავებდა.

სააკაშვილი ასლანზე ზეწოლას აძლიერებდა. იქ ჯერ რესპუბლიკური პარტია გააქტიურდა, რომელთა ლიდერებს ასლანთან დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონდათ, მერე ვანო მერაბიშვილმა და გივი თარგამაძემ ასლანის გარემოცვის წევრების და მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა და გადმობირება დაიწყეს, რის გამოც დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მე ამ დროს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პროექტებზე ვმუშაობდი და ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი. ჩემთვის შემაშფოთებელი გახლდათ ის, რომ ასლანს გარემოცვაში ვიღაც რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ჰყავდა, რომელიც იქ რაღაც სპეცრაზმებს აყალიბებდა და ვშიშობდი, რომ დაპირისპირება სისხლისღვრაში არ გადაზრდილიყო.

სიტუაციის განსამუხტად ასლანთან მორიგეობით ჩავიდნენ ზურაბ ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ამ ვიზიტებმა შედეგი ვერ მოგვცა.

ამის შემდეგ, სააკაშვილს ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი ასლანთან მოსალაპარაკებლად. ჩემთვის ამის გაკეთება უფრო იოლი იყო, ვინაიდან მე სახელმწიფო თანამდებობა არ მქონდა, რაც ლავირების მეტ საშუალებას მაძლევდა, თანამდებობრივი პასუხიმგებლობისგან თავისუფალი ვიყავი და შემეძლო თამამად მესაუბრა. მთავარი იყო, გამეგო რა სურდა ხელისუფლებას ასლანისგან, რომ მისთვის სათქმელი ზუსტად ჩამომეყალიბებინა.

ხელისუფლებას სურდა, რომ ასლანი გადამდგარიყო და ამის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებდა. მისი ოჯახი შეინარჩუნებდა იმ ბიზნესებს, რომელიც მანამდე გააჩნდათ. ასევე თუ ქვეყნის დატოვებას მოისურვებდა მას უსაფრთხოების კორიდორს გაუკეთებდნენ. მისი გადადგომის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტს მისი ვაჟი - გიორგი ჩაიბარებდა.

ასლანს, რომელსაც განდიდების მანია სჭირდა და ფიქრობდა, რომ დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებდა, ვერავინ უბედავდა პირდაპირ თქმას, რომ ერთადერთი გამოსავალი მისი თანამდებობიდან წასვლა იყო. ეს მისია ჩემს თავზე ავიღე და გადავწყვიტე ბათუმში ნიკა რურუა წამეყვანა. ეს იმიტომ, რომ გიორგი აბაშიძე მის ძმასთან მეგობრობდა.

გიორგი აბაშიძე ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ძვირადღირებული მანქანებით მოძრაობდა, ერთობოდა, თავს აწონებდა ქალებს, მაგრამ ამას პროვინციულ ბათუმში ნაკლები ფასი ჰქონდა, ამიტომ მისი გართობის ძირითადი ადგილი თბილისი იყო. ეს ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის ასეა, გასართობად ბათუმი და ზღვა მხოლოდ ზაფხულშია კარგი. მართალია, გიორგი აბაშიძეს ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ასლანის შვილობით ევროპული ახალგაზრდობის “ტუსოვკის” წევრი ვერ გახდებოდა, მას ამის გაქანება არ ჰქონდა. სად ეამაყება ქართველს რომ კარგად ჩანდეს? შარდენზე, ვაკეში, ბარნოვზე, აი აქ დადიოდა გიორგიც და აქაურ ახალგაზრდებთან ინტეგრირებული იყო. მამამისისგან განსხვავებით, რომელიც დედაქალაქში საერთოდ არ ჩამოდიოდა, გიორგის თბილისური კავშირები გვაძლევდა საშუალებას, რომ ის თანამდებობრივადაც ასლანის მემკვიდრედ განგვეხილა.

რურუამ წინასწარ დაურეკა გიორგი აბაშიძეს და გადასცა, რომ მამამისთან მოსალაპარაკებლად ჩავდიოდით და ამ შეხვედრის ორგანიზება გაეკეთებინა.

ბათუმში ჩემი მანქანით წავედით. ყოველთვის დამთრგუნველად მოქმედებდა მდინარე ჩოლოქზე ავტონომიის საზღვრის გადაკვეთა. ასლანს იქ პოლიციელთა გაძლიერებული რეჟიმი ჰქონდა დაწესებული. თუმცა, ამ ჯერზე ძალიან თავაზიანად დამხვდნენ, უკვე ძალიან ცნობილი ადამიანი ვიყავი და დიდი ფაცი-ფუცით ბათუმამდე ესკორტით ჩაგვაცილეს.

ბათუმში კორტებთან მდებარე სასტუმროსთან გიორგი აბაშიძე გველოდებოდა. ეს ტერიტორია საგანგებოდ დაცული ჰქონდათ, ყველა ხის უკან შეიარაღებული პირი იდგა და ერთი კილომეტრის რადიუსში ასლანის და მისი გარემოცვის გარდა არავის ჰქონდა გავლის უფლება.

გიორგი აბაშიძეს პირველად შევხვდი, ძალიან გამხდარი, ფერმკრთალი, დაღლილი თვალებით იყურებოდა და წყნარად საუბრობდა. მისი მონსტრობის თაობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, თუმცა პირად ურთიერთობაში უსიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. როგორც ამბობდნენ, მაშინ აქტიური ნარკომანი იყო.

გიორგის ავუხსენი, რომ ვითარების ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს გავლენის გაძლიერება მათი ოჯახის ინტერესების შეულახავად რომ განხორციელებულიყო, მაქვს წინადადება, რომ ასლანის ადგილი შენ დაიკავო, ვინაიდან ის ჯიუტი კაცია, დღევანდელ ხელისუფლებასთან ბოლომდე გაფუჭებული აქვს ურთიერთობა და მასთან მორიგება ძალიან არარეალურად ჩანს მეთქი.

გიორგიმ წყნარად მომისმინა, მას არც შეკითხვები დაუსვამს და არც წყენა გამოუხატავს, - კი, რაA თქმა უნდა, მამაჩემს შეგახვედრებთო და ამბის გადასაცემად ასლანთან წავიდა.

ახლა ველოდებოდი, რომ ასლანი თავისი ცნობილი რიტუალიდან გამომდინარე, მთელ დღეს აქ დაგვაყუდებდა, მაგრამ გიორგიმ სწრაფადვე დაგვირეკა, ასლანი ნახევარ საათში მიგიღებთო და მისი რეზიდენციისკენ წავედით.

ასლანს მისაღებში თბილისიდან გაქცეული ფირმა “ომეგას” პრეზიდენტი ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ელოდებოდნენ.

კაბინეტში შევედით, შემდეგ ასლანი მეორე ოთახიდან შემოვიდა და ხელის ჩამორთმევის დროს ზრდილობიანი, ღიმილიანი სახით ვეკითხები - როგორ ბრძანდებით ბატონო ასლან?

- როგორ ვიქნები შენს ხელში, - მპასუხობს ის და მე ვიცინი, ჩავთვალე რომ მეხუმრება.

ჩემს სიცილზე ასლანს სახე მოეღუშა. “შენი მოაწყვე ეს რევოლუცია, შენ დაღუპე ეს ქვეყანა, ხო ხედავ რა დღეში ვართ და რა არის აქ სასაცილო” - შემომწყრა ის.

- ბატონო ასლან, მთლად ასე არ არის ყველაფერი და ახლა იმიტომ ჩამოვედი, რომ თუ თქვენს თავს რაიმე ცუდი ხდება ეს პრობლემაც იქნებ როგორმე მოვაწესრიგოთ, - ვეუბნები მას.

- გისმენ, - მპასუხობს ის.

- ბატონო ასლან, მე ბევრი ვიცი თქვენი ოჯახის ისტორიის შესახებ და ხშირად მომისმენია თქვენგან, რომ ხართ მრავალსაუკუნოვანი, უცნობილესი ქართული გვარის წარმომადგენელი და თქვენმა გვარმა და თქვენმა ოჯახმა ბევრი იღვაწა, რომ აჭარა საქართველოს ფარგლებში დარჩენილიყო და ამაში თქვენს წინაპარს მემედ აბაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ამიტომ მე ვთვლი, რომ იგივე თქვენი გვარის ისტორიიდან გამომდინარე, თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ საქართველოს იტორიაში ახლა ცუდი როლი ითამაშოთ, მე მაქვს თქვენთან წინადადება, რომელსაც თუ დათანხმდებით, ვფიქრობ მთელ ქვეყანას გამოადგება.

- რას გულისხმობ, იქნებ პირდაპირ მითხრა, - მოუთმენლად მკითხა ასლანმა.

- ბატონო ასლან, საქართველოს პატრიოტი ხართ და თქვენი გვარის, ასე ვთქვათ, კარგი ტრადიციის გამგრძელებელი, ამიტომ ახლა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით ძლიერი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მოვლენებზე ადექვატურად რეაგირებს, ამიტომ სიტუაციის განსამუხტად, საჭიროა, რომ ამ ხელისუფლებას კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში დაემორჩილო, მაგრამ ვთვლი, რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ და იქნებ რამე ფორმით სხვა გამოსავალი მოვძებნოთ, არც თქვენი ოჯახის ინტერესი რომ შეილახოს და საქმეც გამოვიდეს.

- რას გულისხმობ, - იკითხა ასლანმა.

მე ვუთხარი, რომ ახლა ის დროა, რომ ასე ვთქვათ ჩემოდნები ჩაალაგოთ და ხელისუფლება დათმოთ, ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას მოგცემთ და ვფიქრობთ, რომ თქვენს ადგილზე თქვენი შვილი გიორგი დარჩეს მეთქი.

ამ საუბრისას ვატყობ ასლანს ფერი ეცვლება, ეს კაცი უცბად ლურჯდება, მერე წითლდება, მწვანდება და უცბად გაცოფებული სკამიდან წამოხტა და ყვირილი დაიწყო - ჩემს კაბინეტში რას მიბედავთ, რას მეუბნებით, რომ მე პოსტიდან და ქვეყნიდან წავიდეო?

- ჰო, გეუბნებით, რომ პოსტიდან უნდა წახვიდე, - მშვიდად ვეუბნები ასლანს.

- ამ თემაზე კი არა, საერთოდ აღარ მინდა თქვენთან საუბარი - იყვირა ასლანმა და ოთახიდან გავარდა. ჩვენც წამოსასვლელად წამოვდექით. რურუა და გიორგი აბაშიძე გაფითრდნენ. ასლანის კაბინეტის ტრაგიკული ისტორიები ხომ ყველასთვის ნაცნობია. სულაც არ იყო გამორიცხული ნოდარ იმნაძის ისტორია განმეორებულიყო.

მე და რურუა ჩამოვდივართ კიბებებზე და ეს თვალებს აცეცებს საიდან შეიძლება, რომ გვესროლონ. მთელ შენობაში ასლანს შეიარაღებული “ამბალები” ეყენა. ეზოში ჩამოვედით და მანქანით უკან გამოვემგზავრეთ. გიორგი აბაშიძე გზაში დაგვეწია, მამამისის საქციელის გამო ბოდიში მოგვიხადა და ზრდილობიანად დაგვემშვიდობა.

სააკაშვილმა ასლანზე წნეხი გააზლიერა და 2004 წლის 5 მაისს ასლან აბაშიძე ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა.

2003 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში “ბურჯანაძე- დემოკრატების” ბლოკი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა და ამ საარჩევნო სუბიექტს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა. რევოლუციის შემდეგ ეს არც იყო გასაკვირი. ამომრჩეველთა უდიდესი მხარდაჭერის გამო, იმდენი დეპუტატი გაყავდათ, რომ ამხელა მხარდაჭერის გამო ვანო მერაბიშვილმა, რომელიც საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, აღარ იცოდა სიაში ვინ ჩაეწერა. მეც შემომთავაზა, ერთი ათი კაცი მოიფიქრე, რომ სიაში ჩავწეროო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამხელა წარმატებისთვის ეს ჯგუფი მზად არ იყო, ამიტომ საქმე კურიოზამდე მივიდა. მე შემეძლო გამეხსენებინა სოფელში მცხოვრები ნათესავები, მეგობრები ან უბრალოდ კარგი ნაცნობები და პარლამენტში ერთი ფრაქცია მექნებოდა. თუმცა, პოლიტიკური ძალაუფლების აღებაზე არასდროს მიფიქრია და ვანოს ვუთხარი, საპარლამენტო სიები ჩემი საქმე არ არის, ვინც გინდა სიაში ის ჩაწერე-თქო. სამწუხაროდ პარლამენტში ისეთი ხალხი მოხვდა, მათ უმრავლესობას მარტო ოჯახში იცნობდნენ და ფაქტობრივად უამრავმა ადამიანმა შრომითი ბიოგრაფია დეპუტატობით დაიწყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მანამდე ბოლნისსა და ზუგდიდში შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი-ორჯერ მარჯვედ ქვები ესროლეს.

ვშიშობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი რეიტინგის გამო, პარლამენტი ერთპარტიული გახდებოდა და პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიები ქუჩის აქციებს დაიწყებდნენ, რაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უსიამოვნოა. ამას ემატებოდა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც იმდენად უსუსურები და მორჩილები იყვნენ, რომ ყველაფერს მხარს უჭერდნენ.

პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე ლეიბორისტები გადიოდნენ, მაგრამ საეჭვო იყო, გადალახავდნენ თუ არა საარჩევნო შვიდპროცენტიან ბარიერს. მე ვანო მერაბიშვილს ვესაუბრე, რომ იქნებ შალვა ნათელაშვილს დავხმარებოდით, რომ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო რაოდენობის ხმები მიეღო.

ამის შემდეგ, ნათელაშვილს რამდენჯერმე შევხვდი. პირველ შეხვედრაზე შალვა სულ ბუზღუნებდა და მეჩხუბებოდა, რადგან თვლიდა რომ ის მე დავღუპე. ნათელაშვილმა სააკაშვილს 2001 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მოუგო, ამიტომ ის ფიქრობდა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მას ჰქონდა და შევარდნაძის Eშემდეგ პრეზიდენტი გახდებოდა. მისთვის მოულოდნელად, რევოლუცია მოხდა და პრეზიდენტი ამ რევოლუციის ხარჯზე სააკაშვილი გახდა. ამიტომ გამწარებული ნათელაშვილი გულისჯავრს იყრიდა, მისი აზრით, პრეზიდენტობა მე დავაკარგვინე რადგან “ვარდების რევოლუცია” მოვაწყვე. მან ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ეროსი კიწმარიშვილი და “რუსთავი 2” რომ არ ყოფილიყვნენ სააკაშვილი “უბნის კოლორიტი” იქნებოდაო, აი, “პლეხანოველი” გიჟი მარინას ვარიანტი.

შალვას ვუთხარი, რომ ჩვენ მას დავეხმარებოდით, ტელევიზიის საშუალებით, კიდევ რამენაირად, რომ პარლამენტში შემოსულიყო. ჩემი რჩევა იყო, რომ “მრეწველთა” პარტიასთან გაერთიანებულიყო, რაც საქმეს ყველას გაგვიადვილებდა. შალვა ძალიან დაინტერესდა, ვინაიდან მისი პარტიის ფინანსები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, გაიყვანს თუ არა ხალხს პარლამენტში. ის გამსვლელ სიაში ხშირად ყველასთვის უცნობ ხალხს წერდა, ცხადია, მატერიალური დაინტერესების გამო, რომლებიც შემდეგ პირველივე სხდომაზე სახელისუფლებო ფრაქციაში გარბოდნენ.

ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა, “მრეწველები” და “ახალი მემარჯვენეები” გააერთიანა და ესენი შეიყვანა პარლამენტში. ცხადია ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილთან მეგობრობის გამო მიიღეს. დამარცხებულმა ბადრიმ მაინც მოახერხა, რომ პარლამენტში ფრაქცია შეექმნა.

(გაგრძელება იქნება)