აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა

აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა

მზის სისტემის საზღვრებს გარეთ აღმოჩენილია სუპერდედამიწის კლასის პლანეტა – ის მასით შვიდჯერ აღემატება ჩვენს დედამიწას, მაგრამ, მრავალი სხვა მსგავსი ციური სხეულისგან განსხვავებით, შესაძლებელია, დასახლებული აღმოჩნდეს. პლანეტა თავისი მზიდან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რომ მის ზედაპირზე იდეალური პირობები უნდა იყოს წყლის არსებობისთვის და, აქედან გამომდინარე, სიცოცხლისთვის – „დედამიწისეული“ გაგებით.

ამავე დროს, თუ „დასახლების ზონაში“ განლაგებულ პლანეტათა უმრავლესობა მხოლოდ ერთი მხრით არიან მიმართული თავისი მზისკენ მისი გრავიტაციის მოქმედების გამო, ახლად აღმოჩენილი პლანეტა, დედამიწის მსგავსად, თავისი ღერძის ირგვლივაც ბრუნავს. დღისა და ღამის ურთიერთცვლა დამატებითი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ ამ პლანეტაზე, შეიძლება, სიცოცხლე არსებობდეს.

ახალი სუპერმიწა – სისტემა HD 40307-ის  ექვსი პლანეტიდან ერთ-ერთი პლანეტაა. ის დედამიწიდან 44 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. ამავე დროს, ერთი წელი ამ ეგზოპლანეტაზე ჩვენი წლის ნახევარზე ცოტა მეტს შეადგენს – 197,8 დედამიწის დღეს.

პლანეტა, რომელმაც მიიღო სახელწოდება „HD 40307g“, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ასტრონომებმა აღმოაჩინეს. მათ ჩილეს უდაბნო ატაკამას ლა-სილიას ობსერვატორიაში განთავსებულ დიდი სიზუსტის სპექტროგრაფ HARPS-ის მონაცემები ახალი მეთოდით გააანალიზეს. „გაფანტეს“ რა ის სიგნალები, რომლებიც ჯუჯა ვარსკვლავის აქტივობას შეესაბამებოდა, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მის ირგვლივ, გარდა ადრე აღმოჩენილი სამი პლანეტისა, კიდევ სამი პლანეტა ბრუნავს, მაგრამ, სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ ერთზე – თავისი მზისგან ყველაზე შორს მყოფ პლანეტაზე.

90-იანი წლების დასაწყისიდან მზის სისტემის გარეთ 800-ზე მეტი პლანეტაა აღმოჩენილი, მაგრამ მხოლოდ მათი მცირე ნაწილი იმყოფება „დასახლების ზონაში“. ამასთან, 2011 წელს „ნასას“ ერთ-ერთ კვლევით ცენტრში გამართულ კონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადეს, რომ კოსმოსის სიღრმეებში ათასზე მეტი პოტენციური „ცოცხალი პლანეტაა“.

სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ძალიან ახლოს არიან არამიწიერი სიცოცხლის ფორმების აღმოჩენასთან.