დედამიწაზე ცხოველთა მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს

დედამიწაზე ცხოველთა მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე ცხოველების გადაშენების რიგით მეექვსე, მასობრივი ეტაპი დაიწყო. ბიოლოგიის დარგში დემოგრაფიული კვლევის პროფესორის, პოლ ერიხის თქმით, ცხოველთა სახეობების უმეტესობა, წინა საუკუნეებთან შედარებით, 100-ჯერ სწრაფად ნადგურდება.

ხერხემლიან ცხოველებზე დაკვირვებისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფაუნის განადგურებაში დიდი წვლილი ადამიანს მიუძღვის. კაცობრიობა არღვევს იმ ბუნებრივ ბალანსს, სადაც ცხოველები სოცოცხლისუნარიანნი არიან. სხვა სახეობებთან შედარებით, ხერხემლიანი ცხოველების გადაშენების ტემპი ბევრად სწრაფია.

ბუნების დაცვის ორგანიზაციების განცხადებით, 1500 წლიდან დარეგისტრირებული 338 სახეობის ხერხემლიანი ცხოველიდან არცერთი არ არსებობს. კიდევ 279 სახეობის ცხოველი ან ველურ ბუნებას შეერია, ან გადაშენდა.

საბოლოო დასკვნის შედეგად, 617 ხერხემლიანი ცხოველი, მათ შორის, 69 ძუძუმწოვარი, 80 სახეობის ფრინველი, 24 სახეობის რეპტილია, 146 ამფიბია და 158 თევზის სახეობა აღარ არსებობს. მათი უმეტესობა 115 წლის განმავლობაში, ანუ 1900 წლიდან გადაშენდა.

თუმცა ადამიანებს კიდევ აქვთ დრო, გადაშენების მასშტაბები შეამცირონ და „წითელ წიგნში“ შეყვანილი ცხოველები დაიცვან.

ბიომრავალფეროვნების მხრივ კავკასია და, კერძოდ, საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ რეგიონად ითვლება. კავკასიაში მობინადრე როჭო, აფთარი, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, მურა დათვი, ფოცხვერი, არჩვი, ნიამორი, ჯიქი და სხვა არაერთი სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

2011 წელს For.ge წერდა, რომ ნაციონალური ხელისუფლება მართლაც „რევოლუციურ“ და ჯერ „არგაგონილ“ კანონპროექტს ამზადებდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ შეძლებულ ტურისტებსა და ბობოლა მონადირეებს, წინასწარი აღრიცხვისა და ყოველგვარი კვოტირების გარეშე, შეეძლოთ, წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ენადირათ. სამაგიეროდ, ამით ჩვენი ბიუჯეტი შეივსებოდა, მომავალ თაობას კი არ ეცოდინებოდა კავკასიური ჯიხვის შესახებ, ისევე, როგორც ჩვენმა თაობამ უკვე არ იცის, როგორ გამოიყურებოდა საქართველოში მობინადრე და 60-იან წლებში გადაშენებული ჯეირანი. მოგვიანებით, ნაციონალებმა ეს მავნებლური იდეა უარყვეს, თუმცა „წითელ წიგნში“ შესული ენდემური სახეობების შენარჩუნება დღესაც პრობლემატურია.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილია (ცენტრალური აფრიკა, ამაზონი და სხვა) და ამ განსაკუთრებულ ზონებს შორისაა კავკასია და საქართველო. ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში განსაკუთრებით დიდია ბიომრავალფეროვნება და, ამასთან ერთად, დიდია ის საფრთხეები, რაც ამ ბიომრავალფეროვნებას ემუქრება. მარტო ლაგოდეხის ნაკრძალში თავმოყრილია ევროპაში გავრცელებული მცენარეების 80%. ბიომრავალფეროვნებით ასევე, მდიდარია აჭარის რეგიონი. გარდა ამისა, საქართველო მდებარეობს მიგრირებადი, გადამფრენი ფრინველების ტრასების გადაკვეთაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორი ტრასა, ერთი ევროპიდან ინდოეთში მიმავალი და მეორე - აღმოსავლეთ ციმბირიდან აფრიკისკენ გადამფრენი ფრინველებისთვის. ამ ფრინველებს დღითი-დღე უმცირდებათ ტერიტორიები, რომლებსაც იყენებენ შესაჩერებლად. საუბარია რამსარის კონვენციით დაცულ ჭარბტენიან ტერიტორიებზე საქართველოში. ერთი პერიოდი, საუბარი იყო ამ ჭარბტენიანი ტერიტორიების მასშტაბურ ათვისებაზეც და იქ ქალაქების აშენებაზე, რაც პრობლემური იქნებოდა. ამ მხრივ ყულევის ტერმინალმაც თავისი როლი ითამაშა. ანაკლიის ტერიტორია კი მეტ-ნაკლებად უკვე ათვისებულია და ანთროპოგენური ზეწოლა მასზე იმდენად დიდია, რომ აღარ არის შენარჩუნებული პირველადი ეკოსისტემა.

„მომავალი თაობებისთვის სერიოზულ საფრთხედ რჩება ნადირობა. გარკვეულ შემთხვევაში, ნადირობას შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მაგალითად, საქართველოში შეიქმნა სამონადირეო მეურნეობები, რის გამოც უკონტროლო ნადირობა შეიზღუდა და იქ ბიომრავალფეროვნების სახეობათა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ, მთლიანობაში, მომავალი თაობა უნდა მიხვდეს, რომ ბუნების სიყვარული არ არის თოფის სროლა და, ვინც გიყვარს, მას თოფი არ უნდა ესროლო. არ უნდა ითვლებოდეს, რომ მონადირე არის ბუნების მოამაგე და ბუნების მოსიყვარულე ადამიანი. შეიძლება, სადღაც ნადირობა ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა იყოს, მაგრამ საქართველოში, ალბათ, ასე ვერ იქნება.

ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ ჩვენთან რთული მდგომარეობაა. აზერბაიჯანსა და მეზობელ სხვა სახელმწიფოებშიც გაცილებით უკეთესი ვითარებაა. ჩვენ მტრულად ვექცევით ჩვენს გარემოს, მაგალითად, გასულ წელს გარე კახეთის ერთ-ერთ სოფელში, ვენახებში გამრავლდა ხოხობი. სოფლის მაცხოვრებელთა გარკვეული ჯგუფი ცდილობდა ამ ხოხბების შენარჩუნებას, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ სოფელმა მოაწყო სპეცოპერაცია და, სანამ ბოლო ხოხობი არ მოკლეს, არ გაჩერდნენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ერთმა ადამიანმა ექვსი ხოხობი ერთად მოკლა, მეორემ - სამი ერთად მოკლა. ისინი ვერც მიხვდნენ, რა გააკეთეს. ეს არა მარტო ბუნების, არამედ სოფლის ღალატიც იყო, რადგან ამ სოფელს ამით გამორჩეულობა წაართვეს. თორემ, სხვა მხრივ ისინი ცუდი ადამიანები არ არიან. ასე რომ, აქ ცნობიერების პრობლემაა, რატომღაც მათ მიაჩნიათ, რომ ბუნების განადგურება ბუნების სიყვარულია.

მომავალი თაობა სხვა მსოფლმხედველობით უნდა გაიზარდოს, თორემ ამ ასაკის ადამიანებს ბუნების სიყვარულს, ალბათ, უკვე ვეღარ ჩავუნერგავთ და ხვალ მართლა აღარ გვექნება არჩევანი, მოვკლათ თუ არა ხოხობი, რადგან მოსაკლავი ხოხობი აღარ იქნება“, - აღნიშნა რეზო გეთიაშვილმა.

ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ წარმომადგენელი კახა არცივაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დედამიწაზე ცხოველთა მასობრივი გადაშენების გამო სტანფორდის უნივერსიტეტმაც გამოხატა შეშფოთება და ეს საყოველთაო პრობლემაა. სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, ბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს ადამიანის მიერ ცხოველების საარსებო ჰაბიტატის განადგურება, დესტრუქცია, ინტენსიური მოპოვება, უკონტროლო ნადირობა, თევზაობა, შეგროვება, გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება.

ამ მხრივ ხერხემლიანი ცხოველი ყველაზე უფრო მოწყვლადი კატეგორიაა, რადგან ეს ცხოველი წარმოადგენს ადამიანის სანადირო ობიექტს, ამასთან, მსხვილ ძუძუმწოვრებს გამრავლების ნელი ტემპი ახასიათებთ.

„ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში მაინცდამაინც 100-ჯერ არის შემცირებული ცხოველთა სახეობები, მაგრამ ბიომრავალფეროვნების კლება საგანგაშოა კავკასიისთვის. „წითელ წიგნში“ მოხვედრილი სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშეა. ამ პროცესის შესაჩერებლად მზა რეცეპტი არ არსებობს, ეს რთული პროცესია და ყველა სახეობის აღდგენას და ჰაბიტატის დაცვას შესაბამისი მოქმედება, მეცნიერული მიდგომა სჭირდება. ერთი სახეობის შემთხვევაში, შეიძლება, სხვა ტიპის ქმედება იყოს საჭირო, მეორე სახეობის შემთხვევაში  - სრულიად სხვა მიდგომა. შესაძლოა, კეთილშობილი ირმის გადასარჩენად საჭირო იყოს ნადირობის შემცირება, ხოლო სხვა სახეობის გადასარჩენად ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ეროვნული პარკის ჩამოყალიბება და სხვა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება, ანუ ადამიანმა ბუნებრივი რესურსები რაციონალურად უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნა კახა არცივაძემ.