ბროწეულის სამკურნალო თვისებები

ბროწეულის სამკურნალო თვისებები

ბროწეულის წვენი ჰემოგლობინის ასაწევად უებარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ათეროსკლეროზსაც ებრძვის. გარდა ამისა, სასარგებლოა ბროწეულის ქერქის ნახარში. ღვიძლისა და სახსრების დაავადების დროს შეგიძლიათ, შემდეგნაირი ნაყენი მიირთვათ – ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაუმატეთ მდუღარე წყალი, ისე რომ ერთ ჭიქამდე მიიყვანოთ. მიირთვით მესამედი ჭიქა ორჯერ დღეში, ჭამამდე ათი წუთით ადრე.

ბროწეული საკმაოდ მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, კერძოდ, შეიცავს 15 პროცენტ ასკორბინის მჟავას, ანუ C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, ტანინს. ის აუმჯობესებს სისხლძარღვთა ტონუსს, გარდაქმნის ცუდ ქოლესტერინს კარგ ქოლესტერინად, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით, ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის აწევას, აუმჯობესებს ღვიძლის, კანის, ფილტვების, თირკმელების, ელენთის, ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების რეგენერაციის პროცესს. ამიტომ, ხშირად სვით ახალგამოწურული ბროწეულის წვენი.

ტკბილი ბროწეულის წვენი კარგია ფაღარათისა და თირკმელების ჭვალის დროს. მჟავე ბროწეულის წვენი კი კარგია დიაბეტის დროს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მჟავე წვენი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და შლის კბილის მინანქარს. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ, წვენს ცოტაოდენი ცივი წყალი დაუმატეთ.

ბროწეულის წვენი არ უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ კუჭის წყლული ან გასტრიტი გაწუხებთ.

ბროწეულის ქერქი კი შეიცავს ნახშირწყლებს, სტეროიდებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქის ნახარში უნდა მიიღოთ ღვიძლის, თირკმლების, პირის ღრუს, სახსრების ტკივილის, მოტეხილობის, ღრძილებიდან სისხლდენის, ფაღარათის, კოლიტის და დიზენტერიის დროს.