29 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გია სოსანაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესამადე 8 დღით ადრე, ბრალდებულ სოსანაშვილს ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ დამფუძნებლის იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.
კერძოდ, ვაზაგაშვილის გააქტიურება სოსანაშვილში „იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას“. იგი ნათლად ხედავდა, რომ ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა, დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოსანაშვილს ბრალი 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაუმძიმდა, რაც სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ვინ არიან პატივსაცემი ადამიანები? ვისი მატერიალური მხარდაჭერით დაიგეგმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა? გამოკვეთა თუ არა გამოძიებამ ფირცხალავასა და სოსანაშვილის სატელეფონო საუბრის შინაარსი და რატომ ინარჩუნებს მაღალ თანამდებობას ზურაბ ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში მონაწილე მაღალჩინოსანი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატს, მერაბ ჩიქოვანს ესაუბრა.
ბატონო მერაბ, რა ახალი გარემოება გამოიკვეთა საქმეში, რამაც ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა?
- მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად მოხდა ბრალის დამძიმება. ნათლად გამოიკვეთა ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ბრალის დამძიმებას. მოგეხსენებათ, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა თავისი საზოგადოებრივი აქტიურობით, ეს აქტივობა ეხებოდა როგორც მისი შვილის მკვლეობის საქმეს, ასევე, ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს. იური ვაზაგაშვილის აქტიურობის ერთადერთი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა.
ბრალის ნაწლში საუბარია იმაზე, რომ ვაზაგაშვილის აქტიურობა სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა, დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, პროკურატურა არ ამბობს, ვინ არიან ეს პატივსაცემი ადამიანები. თქვენი ინფორმაციით, პატივსაცემ ადამიანებში იგულისხმებიან თუ არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნები?
- გამოძიების მიერ დადგენილია ამ ადამიანების და ბატონი სოსანაშვილის ურთიერთობები, ვისთან კონტაქტობდა, ვისთან დადიოდა და სთხოვდა სამსახურს და ა.შ. ასევე, მტკიცებულებების დონეზე დადგენილია სოსანაშვილის დამოკიდებულება იური ვაზაგაშვილის მიმართ, ეს იყო საფუძველი, რის გამოც მას ბრალი დაუმძიმდა. რაც შეეხება პატივსაცემ პირებს, ესენი არიან ის პირები ვისაც იური ვაზაგაშვილი ამხელდა მისი შვილის მკვლელობაში და იმედია საზოგადოებას ახსოვს მათი სახელები. მათი ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული. აქიდან, გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ კავშირები აქვთ და ეს მტკიცებულებებით არის გაჯერებული.
რომ დავაკონკრეტოთ, სოსანაშვილისთვის „პატივსაცემი ადამიანები“ არიან პატიმრობაში მყოფი გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი და ა.შ. ჩამონათვალი არის ძალიან ბევრი...
- რადგან კონკრეტიკა გაინტერესებთ, გეტყვით, რომ გამოძიებით უტყუარად არის დადგენილი სოსანაშვილის კავშირები ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის სპეცოპერაციაში მონაწილე ზოგიერთ პირთან, რომლებიც დღეს პატიმრობაში არიან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სოსანაშვილის მიერ პატივსაცემ ადამიანებში იგულისხმებიან ის ადამიანები, ვისაც იური ვაზაგაშვილი ასახელებდა.
საინტერესოა, თუ გამოკვეთილია ეს „პატივსაცემი ადამიანები“, რატომ არ უყენებენ მათ ბრალს?
- 29 ივნისს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება წინასასამართლო სხდომა. მიუხედავად ამისა, გამოძიება გრძელდება სწორედ იმ პირების მიმართ, ვინც უშუალოდ დაგეგმა და განახორციელა სოსანაშვილთან ერთად აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ სპეციფიური საქმეა, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დაუკევთა, ვის ოჯახში თუ რესტორანში დაიგეგმა ვაზაგაშვილის მკვლელობა და ვინ უზრუნველყო შემდგომში ამ ყველაფრის მატერიალური უზრუნველყოფა.
სოსანაშვილისთვის ბრალის დამძიმების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამით ვაზაგაშვილის მკვლეობის დამკვეთების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან...
- ვაზაგაშვილის მკველობის დამკვეთების საკითხი ნამდვილად არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა საზოგადოებაში. სოსანაშვილისთვის ბრალის დამძიმება არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეთხვევაში არ ეძებენ დამკვეთს, არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულებულია. გამოძიება სწორედაც, რომ ამ მიმართულებით გრძელდება. ამ შემთხვევაში ბრალის დამძიმება მოხდა მტკიცებულებების საფუძველზე. მიუხედავად საქმის სირთულისა, იმედია გაკეთდება მაქსიმუმი და საზოგადოება გაიგებს, სად, ვისთან, როდის, როგორ დაიგეგმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, ვის მიერ და შემდგომში როგორ მოხდა ამის მატერიალურად განხორციელება და ვისი მხარდაჭერით. ასე რომ, ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი იქნება მხილებული.
მატერიალურ მხარდაჭერაში რა იგულისხმება, სოსანაშვილმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა?
- ნებისმეირ ჩანაფიქრს და მერე მის განხორციელებას სჭირდება გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა. დანარჩენი, აიღო თუ არა სოსანაშვილმა აღნიშნულ საქმიანობაში თანხა, ეს გამოძიების დასადგენი იქნება.
გამოძიების მასალებიდან გამოდინარე შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმ პირებისა, რომლებიც უკვე არიან დაკავებული, გამოკვეთილია ადამიანთა წრე, რომლებსაც კავშირი აქვთ როგორც იური ვაზაგაშვილის, ასევე მისი შვილის მკვლელობის საქმესთან? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოკვეთილია კონკრეტული ადამიანების კავშირი ამ საქმესთან, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემული...
- როცა მტკიცებულებებით იქნება დადასტურებული შემკვეთების ვინაობა, მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე. თუმცა, მინდა საზოგადოებამ იცოდეს ის გარემოება, რომ ადამიანი, რომელსაც ბატონი იური ვაზაგაშვილი ასახელებდა, რომ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობის სპეცოპერაციაში და რაც საქმის მასალებით დასტურდება, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ასეთი პიროვნება მაღალ თანამდებობაზე არის.
შეგიძლიათ დაასახელოთ ამ ადამიანის სახელი და გვარი?
- არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ საბოლოო სიტყვას არ იტყვის საგამოძიებო ორგანო, როგორც მინიმუმ, ასეთი გახმაურებული სპეცოპერაციაში მონაწილე პირები მაღალ თანამდებობებზე ნამდვილად არ უნდა იყვნენ.
გასაგებია, რომ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამოდინარე ამ ადამიანის ვინაობას არ ასაჯაროვებთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იკვეთება თუ არა ამ ადამიანის დანაშაული?
- შეიძლება ამ ადამიანებს იმ სპეცოპერაციის დროს არც უსვრიათ, მაგრამ სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ჩვენი მოსაზრებით, როგორც მინიმუმ, ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ, ვინაიდან, რისკი იმისა, რომ მათ შეუშალონ ხელი გამოძიებას, ნამდვილად არსებობს.
სოსანაშვილის ბრალდების საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად დევს მასსა და ირაკლი ფირცხალავას შორის არსებული სატელეფონი საუბარი. გამოკვეთა გამოძიებამ სატელეფონო საუბრის შინაარსი?
- გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამ დეტალის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება დამკვეთების და დამგეგმავების ვინაობის დასადგენად.
ანუ, სოსანაშვილით არ შემოიფარგლება გამოძიება?
- სოსანაშვილით ვერც შემოიფარგლება გამოძიება. ვინაიდან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არსებობს მტკიცებულებები, რომელიც სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და საბოლოო ჯამში, სიმართლის დადგენას საჭიროებს.