ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მეცნიერმა იასონ ბადრიძემ უამრავი მგლის ლეკვი გამოზარდა, ცხოვრობდა მგლებისა და მტაცებლების გარემოცვაში და მათთან ერთად გატარებულმა 1500-მა საათმა ამ გარეული ცხოველების განსაკუთრებული ინტელექტის შესახებ თავისი აზრი ჩამოუყალიბა. იმდენად დაუახლოვდა მტაცებლებს, რომ შეეძლო მათთან ერთად სიარული, ნადირობა... ისინიც გაცილებით უფრო ადრე ამჩნევდნენ მას, ვიდრე თავად დაინახავდა, ბოლოს მიხვდნენ, რომ ხიფათს არ შეუქმნიდა და მისგან სარგებელსაც მიიღებდნენ - საკვებს და შედარებით უხიფათო ცხოვრების გარანტიას - მის ცხოველებს ხომ არავინ დახოცავდა. მეცნიერი დღესაც თვლის, რომ ძაღლებმა ადამიანთან ურთიერთობის შედეგად ძალიან ბევრი თვისება დაკარგეს, მგლებს კი მაღალი დონის სოციალური ცხოვრების ნირი აქვთ. ცხრა წლის შემდეგ კი მის მიერ გამოზრდილმა და ტყეში გაშვებულმა მგლებმა იმდენად გაიხარეს გამზრდელთან შეხვედრით, რომ სიხარულისგან ლამის ისტერიკა დაემართათ, იასონ ბადრიძეს კი მათან შეხვედრამ ცრემლები მოჰგვარა.
ცხოველთა ონტოგენეზის შესწავლა ურთულესია. არავინ იცის, ტყვეობაში გაზრდილი მტაცებელი ცხოველი, რომელიც მხოლოდ საქონლის ხორცს გეახლებათ ზოოპარკში, რა თვისებებს გამოავლენს ზოოპარკს გარეთ. ეს ახლახან მომხდარმა ტრაგედიამაც დაადასტურა. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი არც იმ აზრს იზიარებს, რომ ხმაურითა და ჯოხის დარტყმით ცხოველის დაფრთხობა პანაცეაა. სიტუაციას გააჩნია, თორემ აფრიკაში გარეული ცხოველისგან თავდაცვის მიზნით ზურგიდან ნიღაბსაც იკეთებენ და უკან-უკან იხევენ, მაგრამ არც ეს საშუალება ჭრის, რადგან ადამიანის არაბუნებრივ მოძრაობას და გაქცევის მცდელობას მტაცებელი ძალიან კარგად აღიქვამს.
For.ge-ს იასონ ბადრიძე ესაუბრება.
თბილისის შემოგარენში გაქცეულ ვეფხვს ეძებენ. ამბობენ, რომ უსურიული ვეფხვი - სალიმა აგრესიული არაა და თავდასხმისთვის არაა მობილიზებული. მეტიც, ის მშიშარა ცხოველია და, სავარაუდოდ, შიშის გამო ვოლიერიდან არც კი გავიდოდა და შლამში ჩარჩებოდა, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს მშიერმა ცხოველმა ზოოპარკის გარეთ?
- ადამიანზე მისი ნადირობა გამორიცხულია. ერთადერთი, შეიძლება ვინმეს თავს დაესხას, თუკი კუთხეშია მომწყდეული, ან ვიღაცამ მისი პროვოცირება მოახდინა.
ვეფხვის პროვოცირება რას ნიშნავს?
- რომ დაინახა და გაიქცა, ზურგი აჩვენა მტაცებელს. ეს პროვოცირებაა თავდასხმისთვის. თორემ მტაცებლობის არავითარი გამოცდილება არ აქვს ამ ცხოველს. საქონლის ხორცის მეტი არაფერი უჭამია. არ მოუკლავს არაფერი, ნადირობას კი ცოდნა, გამოცდილება სჭირდება. ამდენად, თავდასხმა შეიძლება მოხდეს ერთადერთი მიზეზის გამო, თუ ვინმემ მისი პროვოცირება მოახდინა უნებლიედ, ან ვეფხვი კუთხეშია მომწყვდეული და გასაქცევი არ აქვს.
მაგრამ ვეფხვმა საწყობის დასუფთავების დროს ოთარ ცუხიშვილის სიცოცხლე შეიწირა, მაშინაც ვეფხვის პროვოცირება მოხდა? ის ხომ თავად დაესხა თავს ადამიანს?
- ვეფხვი დახურულ შენობაში იყო მომწყვდეული და მამაკაცი შევიდა იქ. მტაცებლის პოზიციიდან ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, საუბედუროდ, ადამიანისთვის, რომელმაც არ იცოდა, რომ იქ ვეფხვი იმყოფებოდა, საწყობში შესვლა საბედისწერო აღმოჩნდა. თორემ, სპეციალურად ხომ არ შევიდოდა იმ საწყობში?! უნდა გაარჩიონ ვეფხვის თავდასხმა რაღაც ობიექტზე თავდაცვის მიზნით და თავდასხმა - ნადირობის მიზნით. ეს ნადირობის მიზნით თავდასხმა არ იყო, თორემ, შეჭამდა იმ კაცს.
მაგრამ საძილე არტერია დაუზიანა, გულ-მკერდი ამოაცალა, მერე ხმაური ატყდა და გაიქცა.
- მოასწრო და საძილე არტერია დაუზიანა ადამიანს, მიზანმიმართულად ნადირობას ეს ცხოველი არ დაიწყებს.
თუ მშიერია, მაშინაც არ ინადირებს?
- მშიერი თუა, დაიწყებს ახლო-მახლო საჭმლის ძებნას. მათ შორის, თაგვების, ვირთხების, ძაღლების, მაგრამ ძაღლები მის სუნზე დაიფანტებიან, იმ რაიონში საერთოდ არ გამოჩნდებიან.
კიდევ რამდენ ხანს გაძლებს მშიერი ვეფხვი?
- თუ ვერავინ მონახა, სიკდილი ელის რამდენიმე დღეში. თაგვები ვერ უზრუნველყოფენ მის დაკმაყოფილებას საკვებით.
ბოლო დღეებში არაერთი ვერსია გავრცელდა, რომ მტაცებელი აღმოჩნდა გორში, ასევე, კუს ტბის მიდამოებში. დამაჯერებელია, რომ ასეთ მოკლე დროში ამდენ ადგილას გადაადგილდებოდეს?
- გორში მისი გადაადგილება ძალზე საეჭვოდ მიმაჩნია. რაც ილაპარაკეს, უფრო დათვს ჰგავდა ხალხის მიერ აღწერილი ცხოველი. მის ნაკვალევს უნდა ნახვა, მე ეს ნაკვალევი არ მინახავს.
შეფერილობით ყვითელი იყოო.
- არის მოყვითალო დათვიც. უფრო სწორად, არსებობს ძალზე ღია ყავისფერი და მუქი ყავისფერი დათვი და ეს არის დათვების ორი ქვესახეობა საქართველოში. ასე რომ, გორში აღმოჩენილი მტაცებელი თეორიულად, შეიძლება დათვი ყოფილიყო. რაც შეეხება კუს ტბის მიდამოებში გავრცელებულ ფოტოსურათს, ძნელი სათქმელია, გამოჩნდა თუ არა იქ ვეფხვი. მით უმეტეს, გართობის მიზნით უკვე რამდენმა ადამიანმა დარეკა 112-ზე. ამ დღეებში ვნახეთ, სასწრაფოსა და სახანძრო რაზმებს გასართობად რომ იძახებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენში ასეც ხდება.
შეიძლება, ამხელა მანძილი დაფაროს მტაცებელმა და ვერავინ დაინახოს? ღამით გადადგილდება?
- გორთან ვერ მივიდოდა, მაგრამ კუს ტბისკენ შეეძლო გასვლა. ეს რეალური ვარიანტია. საერთოდ, გარეული ცხოველები ძალზე გამძლენი არიან შიმშილის მიმართ. შეიძლება, ორ კვირამდე გაძლოს, მერე უკვე გადაადგილებას ვერ შეძლებს. კუს ტბასთან თუ ნახეს, იმ ფერდობის უკან არის ხეობა, სავსებით შესაძლებელია, იმ ხეობაში გადავიდა, იქიდან გზა მიდის ფუნიკულიორზე. როგორც ჩანს, ღამე მოძრაობს, რადგან წარმოიდგინეთ, ამდენი სტრესის, დახრჩობის შიშის შემდეგ მისთვის ღამე უფრო კომფორტულია, ნაკლებად შემაწუხებელი ფაქტორია.
ეს ვეფხვი ტყვეობას არის შეჩვეული, მტაცებლის უნარ-ჩვევებსაც ზოოპარკში ვერ განავითარებდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ისევ ექნება ადამიანებთან დაბრუნების ლტოლვა?
- თეორიულად ეს შესაძლებელია, რომ ადამიანებთან უნდოდეს დაბრუნება.
თავიდანვე მეძებარ ძაღლებთან ერთად უნდა მომხდარიყო მისი მოძებნა? ლეში რომ მიეგდოთ, რამდენიმე დღის ნაშიმშილები მტაცებელი სამალავიდან თავისით არ გამოვიდოდა?
- ერთი ვარიანტია ჩასაფრება, იმისთანა ხორცს დაუდებენ მტაცებელს, რითაც ის მანამდე იკვებებოდა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ იციან, რომელ რაიონში იმალება. როგორც აღმოჩნდა, საქართველო საერთოდ არ ყოფილა მზად ამისთანა რამისთვის. ქვეყანას, სადაც მიწისძვრები, მეწყრები ხშირი მოვლენაა, სადაც ხალხი იღუპება სტიქიისგან, სპეციალური კინოლოგიური სამსახური, პრინციპში, არ ჰყავს. ერთადერთი, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურს ჰყავს ძაღლები, რომლებიც ვეფხვის მოსაძებნად არ გამოდგებიან და, გარდა ამისა, პოლიციას ჰყავს კიდევ ძაღლები. ცხადია, ცხოველები გაურბიან იმ ადგილს, სადაც სტრესი მიიღეს და დასამალად ბნელ ადგილებს ეძებენ.
კუს ტბის უკან, ფერდობზე თუ გადავიდა, იქ შველი ან გარეული ცხოველი ბინადრობს?
- იქ არაფერი არ არის, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება, კურდღელი იყოს.
გამოდის, მოსახლეობა ორი კვირა უნდა ელოდოს, როდის დაუძლურდება მტაცებელი, რომ ის უსაფრთხო იყოს?
- სახელმწიფომ რაღაც უნდა მოახერხოს, ასეც არ შეიძლება.
მაგრამ შვეულმფრენებიდანაც ვერ ხედავენ ცხოველს.
- თუ ცხოველი ძირითადად ღამით გადაადგილდება, მას ვერტმფრენი ვერ უშველის. დღისით სადმე ბუჩქის ძირას იქნება ჩაწოლილი. თუმცა მისი მოძებნის შესაძლებლობაც არსებობს, სპეციალური ღამის ხედვის ხელსაწყოებია, რომლებიც თბილ საგანს აღიქვამენ და აჩვენებენ, სად არის ცხოველი ჩაწოლილი. მოგეხსენებათ, ცხოველის ტემპერატურა უფრო მეტია, ვიდრე გარემოს ტემპერატურა.
ჩვენ გვაქვს ეს თანამედროვე ხელსაწყოები?
- ალბათ, სამხედროებს ექნებათ. თავის დროზე მეც მქონდა, ახლა გაფუჭებულია.
ბოლო დროს ზოოპარკის დირექციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ფაქტია, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებას, არცერთი ცხოველი გაქცეული არ არისო, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდა ამისა, არც სპეციალური ჩიპები ჰქონდათ ცხოველებს, რომლებიც კანქვეშ მაგრდება.
- ეს შეცდომაა. ყველა ცხოველს ზოოპარკში ჩიპი აქვს გაკეთებული. ეს არ ნიშნავს, რომ ამით მოიძიებთ ცხოველს და გაიგებთ, სად გადაადგილდება. უბრალოდ, ამ ჩიპზე წერია მისი მოდგმის ნუსხა.
ანუ თანამგზავრთან არ არის დაკავშირებული?
- არა, ჩიპი კანქვეშ უკეთდება ცხოველს. სხვა ამბავია, სატელიტური საყელოები. ზოოპარკში ვინ შეაბამს ცხოველს სატელიტურ საყელოს?
მაგრამ ზოოპარკის დირექტორმაც თქვა, ჩიპი ჰქონდათ ცხოველებს, მაგრამ გაფუჭდაო.
- ჩიპის წამკითხველი ხელსაწყო შეიძლება გაფუჭდა, ეს გასაგებია, მაგრამ არ არსებობს ჩიპი, რომელიც სატელიტურ კავშირზეა და, რომელიც მოგვაძებნინებს ცხოველს. ასე, შინაურ ძაღლსაც უკეთებენ ჩიპს, თუ დაიკარგა, წაიკითხავენ, ვისია. რაც შეეხება ზოგიერთების მხრიდან ე.წ. „ლევი“ ცხოველებით აპელირებას, ზოოპარკი იმისთვისაა, რომ ცხოველი გაამრავლოს და სხვა ზოოპარკებს გადასცეს. როგორ წარმოგიდგენიათ, იმ ტრაგედიის დროს ზოოპარკის დირექტორი ირბენდა და ცხოველთა თვლას დაიწყებდა? თუ ვინმემ იქაურმა მიაწოდა შეცდომით ინფორმაცია, რომ ცხოველები გაქცეულები არ არიანო, ეს კიდევ შესაძლებელია, მაგრამ იმ პანიკურ სიტუაციაში რაიმე ზუსტი მონაცემი ვინმეს ექნებოდა?
მაშინ ხომ არ ჯობდა, ეთქვათ, არ ვიცით, ცხოველები გაიქცნენ თუ ზოოპარკში არიანო.
- ახლა მიხვდნენ, რომ ზოოპარკი გადასატანია, გადატანა დაჯდება მილიონები და ეძებენ მიზეზებს, თუ რა მიაწერონ ზოოპარკის დირექტორს, რომ როგორმე მოხსნან. ვიღაცას ფულის ჭამა უნდა. არადა, გურიელიძემ ქურდობა მოსპო ზოოპარკში.
საბჭოთა დროს ამბობდნენ, რომ ზოოპარკიდან ამოღებული ხორცის ფული მერიაში მიედინებოდა.
- მე ვიცი, რომ ორი ათასი მანეთი (როცა მანეთის კურსი იყო საბჭოთა პერიოდში), მერიაში შედიოდა მარტო ზოოპარკიდან. იპარავდნენ ცხოველებისთვის განკუთვნილ ხორცს, ყიდდნენ. ხომ ვიცით, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით. ვფიქრობ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაიმე მოუძებნონ ზოოპარკის დირექტორს და ზოოპარკის ახალ მშენებლობას მოაცილონ. ახლა ზოოპარკის საერთოდ გაუქმებაზეც იყო საუბარი. ამათ იდეალურად იციან თემების შეგდება ხალხში. ვიღაც მაგით პირადად არის დაინტერესებული, თორემ როგორ შეიძლება, ამისთანა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის დახურვა?! უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში, სამეცნიერო კვლევა მიდიოდა, ეს ერთადერთი საშუალებაა ცოცხალი ბუნების შესასწავლად. ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც არ წარმოუდგენიათ, რომ ჭიაყელაც ცხოველია, ასეთი საგანმანათლებლო ცენტრი არ უნდა არსებობდეს? საერთოდ, ბუნებასთან დაკავშირებით მე ამისთანა უვიცი ქვეყანა არ შემხვედრია, შემოვლილი მაქვს მთელი ევროპა.
თქვენ შინაურ პირობებში უამრავი მგელი გყავდათ გამოზრდილი, მგლის ლეკვებს ზრდიდით ოროთახიან ბინაშიც, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ამიტომ, ალბათ, ყველაზე უკეთ უნდა იცოდეთ ცხოველის თავისუფლების ფასი. როცა გამომწყვდეულია ცხოველი, ის მეტად აგრესიულია და ტყვეობაში ძნელად მრავლდება. ალბათ, ესეც არის ზოოპარკის იდეის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი.
- ამ ზოოპარკში, რაც ზურაბ გურიელიძეს დახვდა, იგი ვერაფერს შეცვლიდა. შეცვლა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მშენებლობა. ახლა ის ვოლიერი, სადაც მაიმუნებია, როგორ უნდა გადაეკეთებინა? სხვა ამბავია ახალი ზოოპარკის გაკეთება, საამისოდ უცხოელების მიერ შექმნილი რამდენიმე ბრწყინვალე პროექტი არსებობს. ცხოველს სჭირდება ნორმალური ფართობი, სამხეცე კი არ უნდა იყოს. ნორმალური პირობები უნდა შეუქმნა, რადგან ტყვეობაშია. ახლა კიდევ ერთი რამეა, ეს ცხოველები ტყვეობას თაობიდან თაობაში არიან შეჩვეულნი, ბუნებაში გასულებს უკვე აღარ ექნებათ ის უნარები.
თავის დროზე ბორჯომის ნაკრძალში თქვენ დათვს გადაეყარეთ და დააფრხეთ. ვეფხვთან დაკავშირებითაც ისმოდა რეკომენდაციები, რომ მტაცებელი თუ გადაგეყარათ, ჯოხი უნდა ურტყათ მიწას და ყვირილით გაეცალოთ. გარდა ამისა, კადრებშიც გვინახავს, კენიის ეროვნულ პარკში მცხოვრები პატარა მანგუსტი როგორ გადადის იერიშზე და აფრთხობს ოთხ ლომს, რომლებმაც მისი პირადი სივრცე დაარღვიეს. ამართლებს ცხოველთან ხმაურიანი საგნების აჟღრება და ხელების ქნევა?
- ყვირილი, ხტუნვა, ხელების ქნევა ჭრის დათვთან. ვეფხვთან ეს არ გაჭრის, თუ რაიმე ხმაურიანი საშუალება არ გაქვს, რომ ხმამ შეაშინოს. უკან უნდა დაიხიოთ, ზურგი არ უნდა აჩვენოთ, არ უნდა გაიქცეთ, მაგრამ ეს პანაცეა არ არის. სიტუაციას გააჩნია. თუ არის საშუალება, ვეფხვის მხედველობის არედან უნდა გახვიდეთ, მაგრამ ხმაურმა შეიძლება ის უფრო გააღიზიანოს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, დათვზე ეს ჭრის.
ბორჯომის ნაკრძალში დიდი დათვი გადამეყარა, ბელი რომ ყოფილიყო, დედამისი შემჭამდა. ამიტომ რაც ცხოველის ერთ სახეობაზე ჭრის, მეორეზე შეიძლება, არ გაჭრას, სიტუაციას გააჩნია, ცხოველის განწყობას, ადამიანის თავშეკავების უნარსაც გააჩნია. ეს მთლად წაუგებელი ვარიანტი არ არის. ამას წინათ ვუყურებდი, ტაქსა ძაღლებით მიდიან ვეფხვზე სანადიროდ. ერთადერთი, ტაქსა შეიძლება მაშინ გამოიყენონ, თუკი ვეფხვი გამოეკიდება ადამიანს, ტაქსა შეიძლება მიუგდონ, რათა თავი გადაირჩინონ. დიდი სანადირო ძაღლებიც თავიანთი ხრიკით აჩერებენ დათვს და უზარმაზარ ტახსაც. ერთი მათგანი მტაცებლის ყურადღებას მიიცევს, მეორე უკნიდან კბენს.
თბილისის ზოოპარკის ბეჰემოტ- ბეგლარისგან განსხვავებით, რომელიც მშვიდად იდგა მოზღვავებულ წყალში, თურმე, ზოგადად, არც ბეჰემოტები ყოფილან მაინცდამაინც უწყინარი ცხოველები და აფრიკაში ბეჰემოტს პირველ მკვლელ ცხოველსაც უწოდებენ.
- ჩვენი ზოოპარკის ბეჰემოტი აფრიკაში მცხოვრები ბეჰემოტისგან ძალიან განსხვავდება. ეს საცოდავი ბეჰემოტი გამოვიდა უცხო ტერიტორიაზე. როგორც ამბობენ, აფრიკაში ბეჰემოტს გაცილებით ბევრი ხალხი ჰყავს მოკლული, ვიდრე ნებისმიერ სხვა მტაცებელს. ისინი ამით თავის ტერიტორიას იცავენ. ეს საცოდავი კი აზრზე არ იყო, სად იმყოფებოდა. გარდა ამისა, ზოლებიანი აფთარიც მშიშარა ცხოველია, გაურბის ადამიანს.
და ბოლოს, თბილისის ზოორაკიდან დაკარგული პინგვინი აზერბაიჯანში ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს. როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანში?
- წყალი წაიღებდა, ფეხით ვერ წავიდოდა. მე მიკვირს, ორთაჭალჰესი როგორ გაიარა. შეიძლებოდა, იქ მომკვდარიყო, მაგრამ, გადარჩა. როგორც ჩანს, იქ გაშვებულ წყალს უბრალოდ, გადაჰყვა.