ოპტიმისტი ადამიანის ცხოვრებისეული წესები

ოპტიმისტი ადამიანის ცხოვრებისეული წესები

არასდროს ინერვიულოთ წვრილმანებზე – ყველაფერი გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება. სიძნელეები ვის არ აქვს?! ეს ხომ თავად ცხოვრებაა... როგორ შეიძლება, ცხოვრება არ გიხაროდეს, ის ხომ სასიამოვნო სიურპრიზებით არის სავსე!

როცა გიჭირთ, აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ მძიმე და რთული პერიოდი მალე დასრულდება. დროს წინ ვერაფერი დაუდგება, დრო ყოვლისშემძლეა და თქვენს პრობლემებსაც აუცილებლად თან წაიღებს. მთავარია, თქვენ გამოხვიდეთ ამ რთული სიტუაციიდან ღირსეულად. როცა იცით, რომ ყოველი გასული წუთი პრობლემის მოგვარებასთან, მის ფინალთან გაახლოებთ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ. დაიჯერეთ, ყველაზე დიდი ტკივილიც კი, დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მას აუცილებლად ჩაანაცვლებს სიხარული.

არასდროს დათმოთ პოზიციები და არ დაიხიოთ უკან. გულგატეხილობა ახასიათებთ ადამიანებს, მით უფრო, როცა აღმოაჩენენ, რომ რაღაც პრობლემის წინაშე უძლურნი არიან, დროებით უძლურნი. გააქტიურება აუცილებელია სწორედ რთულ სიტუაციაში. პრობლემას ყელში უნდა წაავლოთ ხელი და თქვენ უნდა მოერიოთ. სცადეთ და გამოგივათ!

ნებისმიერ ადამიანში არის დადებითი, პოზიტიური მარცვალი. თუ ყოველთვის იფიქრებთ ამაზე, საერთო ენას ყველასთან გამონახავთ და პრობლემებიც ნაკლებად გექნებათ.

როცა ცუდად ხართ, აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ ვიღაც თქვენზე გაცილებით ცუდად არის – ეს ერთგვარი თერაპიაა, თუმცა, ცოტათი ეგოისტური.

დააფასეთ თითოეული დღე, რომელსაც ცხოვრება გჩუქნით. ყოველი წუთი და წამი ძვირფასია. ცხოვრება და ყოველდღიურობა არ არის რუტინა, თუკი თქვენ თავად არ გადააქცევთ მას მოსაწყენ ჭაობად. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ მართლა მოინდომებთ, გახდებით ოპტიმისტი და, შესაბამისად – ბედნიერიც.