დღეს, მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ, გია სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა. გამოძიების მტკიცებით, სოსანაშვილში განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა ვაზაგაშვილის საჯარო გამოსვლები, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას. გამოძიების მტკიცებით, სოსანაშვილი ნათლად ხედავდა, რომ ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, შესაძლოა, დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, ვინ არიან სოსნაშვილისთვის პატივსაცემი პირები, გამოძიება ამაზე ამ დრომდე არ საუბრობს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, ერთადერთი სწორედ ვაზაგაშვილის საქმეა, სადაც გამოძიებას, მეტ-ნაკლებად, წინსვლა აქვს. გამოძიება ამ დრომდე ვერ საუბრობს რა ხდება ყოფილი დიპლომატის, ეროსი კიწმარიშვილის საქმეში, რომელიც საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. for.ge-სთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, უცნაურად ეჩვენება, რომ ამ ხნის განმავლობაში გამოძიებამ ვერ დაადგინა რეალობა.
რა ახალი დეტალებია საქმეში, რატომ ვერ შეძლო გამოძიებამ ვიდეო-ფირზე აღბეჭდილი პიროვნების იდენტიფიცირება და საქმის რა ნაწილს სწვალობს შსს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.
ბატონო ზურაბ, თუ დაადგინა გამოძიებამ ვის ეკუთვნის იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალი?
- დღეს, გამოძიების ყველაზე მთავარი მიმართულება არის დნმ-ის და სატელეფონო ამონაწერების უფრო გულდასმით შესწავლა, რომელიც ამ წუთისთვის არსებობს ჩვენს საქმეში. ამ ეტაპზე მიდის იმ პირების დნმ-ის შემოწმება, რომლებსაც შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ იარაღთან ჰქონოდათ შეხება. ესენი არიან გამყიდველები, ასევე შსს-ს ის თანამშრომელები, რომლებიც ახალი იარაღების გაყიდვის სისტემაში შესვლამდე გამოცდიან მას, აწარმოებენ გასროლებს იმისათვის, რომ მასრები შეინახონ. ამ ადამიანების დნმ იქნა ამოღებული იმისათვის, რომ შემოწმდეს არის თუ არა თანხვედრაში იმ დნმ-თან, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იარაღზე არის აღმოჩენილი. ვიცით, რომ ამ მიმართულებით ტარდება ექსპერტიზები, მაგრამ დასკვნები ჯერჯერობით არ აქვთ.
გარდა ამისა, სატელეფონო ანძებიდან ამოღებულ ინფორმაციას იძიებს შსს სპეციალური სამსახური. ამ ეტაპზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომლითაც დაკავებულია გამოძიება. შესაბამისი დასკვნები, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება. ამ მოლოდინში ვართ.
არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიდეო-მასალის შესწავლის დროს გამოიკვეთა საეჭვო პიროვნება, რომელიც შემთხევის ადგილას იმყოფებოდა და ის არ იყო ეთნიკურად ქართველი. გამოძიებამ შეძლო ამ პირის იდენტიფიცირება?
- სამწუხაროდ, ეს უცხო გარეგნობის მამაკაცი იდენტიფიცირებული არ არის და ეს საკითხი ისევ ღიად არის. იქ არაა მხოლოდ ერთ ადამიანზე საუბარი. ვიდეო-მასალის შესწავლის დროს, ჩვენ მოვნიშნეთ რამდენიმე პიროვნება, რომელთა გადაადგილება იმ პერიმეტრზე, იმ მომენტში საეჭვოდ მოგვეჩვენა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ამის თაობაზე ჩვენ კამათიც გვქონდა გამოძიებასთან. მას შემდეგ, რაც გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები, მოხდა ამ ადამიანის იდენტიფიცირება. შემდგომ დაიკითხა და გარკვეული ინფორმაცია მისცა გამოძიებას.
ვინ არის ეს ადამიანი და რამდენად ღირებული ინფორმაცია მისცა გამოძიებას?
- ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ადრე იქ ცხოვრობდა და რაღაცა საქმეზე იყო მისული. ამ ადამიანთან კითხვები აღარ დარჩა გამოძიებას, ეს იყო სრულიად შემთხვევითი თანხვედრა. მაგრამ, ამ ვიდეო-ფირში ასევე ჩანს ერთ-ერთი პიროვნება, დავინტერესდით მისი იდენტიფიცირებით, გამოძიებამ იმუშავა, რომ ამ ადამიანის შესახებ მოეპოვებინა ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ.
რატომ უშედეგოდ?
- იმიტომ უშედეგოდ, რომ გამოძიებამ ვერ მიაკვლია ვერავის, ვინც იცნობდა ამ ადამიანს, ან სად შეიძლებოდა ამ ადამიანის შესახებ მიეღო ინფორმაცია.
როდესაც გამოძიებას არ შეუძლია პირის იდენტიფიცირება, ან მის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, არ ფიქრობთ, რომ ეს გამოძიების არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს?
-რასაკვირველია. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, უცნაურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ საკმაოდ არაორდინალური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცის, ვგულისხმობ მის სპორტულ ფიზიონომიას, იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ შეძლო გამოძიებამ, ეს ჩემთვის ძალიან უცნაური გარემოებაა.
ამ ადამიანის იდენტიფიცირება, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციულად გამოძიებისთვის?
- შესაძლებელია, რომ ამ ადამიანის იდენტიფიცირებამ ბევრი ახალი ინფორმაცია არ მოგვცეს საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვთლით, რომ ეს არის მთავარი გარემოება. უბრალოდ ვეჭიდებით ყველა იმ საშუალებას და მასალას, რომელიც საქმეში გვაქვს. სამწუხაროდ, ეს არც ისე ბევრია და ამიტომაც, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბოლომდე იქნას შესწავლილი თითოეული ეს გარემოება.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არის მნიშვნელოვანი დეტალები, მითუმეტეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო ცხელ კვალზე, გამოძიებას წინსვლა არ აქვს ამ საქმეში. ვერც იმას ამბობს, რომ ეს იყო მკვლელობა და ვერც თვითმკვლელობას ამტკიცებს. რა არის მიზეზი, მხოლოდ არაკვალიფიციურობა?
- გარკვეულწილად, დაგვიანდა რეაგირება. ჯობდა, რომ უფრო მოქნილად და მობილურად გვემოქმედა. ის პროცედურები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, საკამოდ დიდი ხნით ადრე შეიძლებოდა გაკეთებულიყო და მგონია, რომ ეს საქმის გამოძიების ეფექტურობისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა. სამწუხაროდ, გამოძიებას ნამდვილად არ აქვს ხელთ უტყუარი მტკიცებულებები რომელიმე ვერსიის სასარგებლოდ. ამ ეტაპზე გამოიძიებას ძალიან გაუჭირდება ეს საქმე გახსნილად ჩათვალოს და საზოგადოებას წარუდგინოს დასკვნა, რომელიც ყველა გარემოებას ლოგიკურად აღწერს.
დღეს არსებული საქმის მასალებით, რამდენად გაუჭირდება გამოძიებას ამტკიცოს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა?
- ნამდვილად, ამ ვერსიის გამოტანაც გაუჭირდებათ. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც ჩვენ ვდაობთ, ანუ მკვლელობაზე, არც ამ კუთხით არ არის საკმაოდ ბევრი მასალა. მიაჩნია, რომ ეს პროცედურები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელმაც შესაძლებელია ამ ვერსიის სასარგებლოდ რაღაცა მასალა გამოკვეთოს, უმჯობესი იქნებოდა უფრო ადრე დაწყებულიყო. ჩემთვის მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს ხარისხიანად. თუ ახლა მიმდინარე საგამოძიებო პროცესები წარიმართება ეფექტურად, შესაძლებელია, ამან მართლაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვცეს. ვიმეორებ, რომ უმჯობესი იქნებოდა ასეთი ინტესნიობით თავიდანვე წარმართულიყო გამოძიება.
დარწმუნებული ვარ დასვამდით ამ კითხვას, რატომ არ იყო თავიდანვე ასეთი ინტენსიობით გამოძიება ჩართული და რა პასუხი მიიღეთ გამოძიებისგან?
- როდესაც ვიდეო-მასალაში დაფიქსირებული ადამიანების იდენტიფიცირებას და ძალიან მოქნილი დაკითხვის პროცესის წარმართვას ვითხოვდით, ამაზე გამოძიება ამბობდა, რომ მათ ამოწურულად ჩათვალეს ინტერესი მთელი რიგი პერსონების მიმართ. გამოძიება ამას იმით ხსნიდა, რომ მათთვის ამოსავალი იყო ის ფაქტობრივი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შემთხვევის ადგილზე და მის ახლო-მახლო იყო ამოღებული. გამოძიებამ იმუშავა იმაზე რაც ხელთ ჰქონდათ, ჩვენ ვეძებდით დამატებით მასალებს. არ მინდა ვესიები და ჭორები, მინდა საქმის გამოძიება და ამისთვის გამოძიებამ უნდა იმუშაოს.