რა დაავადებებს იწვევს სიმსუქნე

რა დაავადებებს იწვევს სიმსუქნე

გაფრთხილებთ, რომ სიმსუქნე – ეს არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, კანქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ დაგროვებას. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების 40 პროცენტს შეადგენს მსუქანი მოსახლეობა, 14 პროცენტამდე, მსუქანი ბავშვების რაოდენობა.

სიმსუქნემ, შეიძლება, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მძიმე გართულებები, შაქრიანი დიაბეტი, ნაღველ-კენჭოვანი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ნიკრისის ქარი და ასე შემდეგ.

სიმსუქნე ამცირებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. მისი განსაკუთრებით გავრცელებული ფორმაა პირველადი სიმსუქნე.

გამოყოფენ პირველადი სიმსუქნის ორ სახეობას: კვებითს, ანუ ალიმენტურს და ნეირო-ენდოკრინულს.

მეორადი სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირველადი სიმსუქნის კვებით ფორმას:

სიმსუქნის ხარისხებია:

პირველი – როდესაც სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას არაუმეტეს 29 პროცენტით აღემატება;

მეორე – როდესაც სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას 30-49 პროცენტით აღემატება;

მესამე – როდესაც სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას 50-99 პროცენტით აღემატება;

მეოთხე – სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას 100 პროცენტით და მეტით აღემატება.

სიმსუქნის განვითარებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის დარღვევა, მცირე ფიზიკური დატვირთვა, სისტემატურად გადამეტებული ჭამა და ალკოჰოლის ჭარბად მიღება. I და II ხარისხის სიმსუქნის დროს ავადმყოფს ჯანმრთელობის მხრივ ჩივილები არ აქვს. შეწუხებულია მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით.

გამოხატული სიმსუქნის დროს შეიძლება დაირღვას მიკროცირკულაცია. ავადმყოფს აღენიშნება ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული დარღვევის სიმპტომები. საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე სხეულის დიდი მასით გამოწვეულმა ძლიერმა დატვირთვამ მამოძრავებელი ფუნქციის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.

სიმსუქნით დაავადებული ადამიანები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, აჩქარებულ და გაძლიერებულ გულისცემას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ქოშინს.

სიმსუქნე ასევე იწვევს არტერიული წნევის მომატებას, შეიძლება, გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი. სიმსუქნით დაავადებულებში შეიმჩნევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. სიმსუქნით დაავადებული მამაკაცები ხშირად სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას უჩივიან, ქალები კი – მენსტრუალური ციკლის დარღვევას. ასეთ ავადმყოფებს უფრო ხშირად უჩნდებათ ნიკრისის ქარი.