ლეხ ვალენსა ეკრანზე

ლეხ ვალენსა ეკრანზე

ცნობილი პოლონელი კინორეჟისორი ანჯეი ვაიდა ახალ პროექტზე მუშაობას შეუდგა. ეს კინოსურათი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, ლეხ ვალენსას ბიოგრაფიას მიეძღვნება. ფილმის სათაური ჯერჯერობით უცნობია და ამჟამად მასში მონაწილე მსახიობების შერჩევა, ასევე სხვა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ანჯეი ვაიდას ინიციატივით, პოლონეთის ექს-პრეზიდენტის როლის შემსრულებელი მსახიობის ვინაობა თავად პოლონეთის მოსახლეობამ უნდა დაასახელოს. ამ მიზნით, ვარშავაში გამომავალმა გაზეთმა “ Gazeta Wyborcza”-მ ერთგვარი გამოკითხვა დაიწყო. ამ ბეჭდვითმა გამომცემლობამ საკუთარ მკითხველს რამდენიმე მსახიობის კანდიდატურა შესთავაზა.

 

დასახელებულ აქტიორთა სიაში არიან: პეტრ ადამჩიკი, რობერტ ვეჩკევიჩი, ბორის შიცუ, ცეზარ პაზურუ და ბოგუსლავ ლინდე. გუშინდელი საღამოსათვის ცნობილი იყო, რომ ამათგან ერთი მსახიობი ხმების 42 პროცენტით ლიდერობდა. მის ვინაობას ინტერაქტივის დასრულებამდე არ ამჟღავნებენ.

 

თავად პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თავის დროზე განაცხადა, რომ თუ მის შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებდნენ, მოხარული იქნებოდა თუკი მის როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო განასახიერებდა.

 

“შეშფოთებული ვარ პოლონეთში დღეს არსებული მდგომარეობით. მიმდინარეობს ჩვენი უახლოესი ისტორიული წარსულის მიზანმიმართული დამახინჯება. ეს ყოველივე მიზნად ისახავს, ლეხ ვალენსას მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლის მიჩქმალვას. აღშფოთებული ვარ იმითაც, რომ ყოფილ პრეზიდენტს ყველაზე მეტად ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებსაც იმ დროინდელ პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ” - ვერ მალავდა საკუთარ წუხილს ერთ-ერთ ინტერვიუში ანჯეი ვაიდა.

 

ვაიდას ინფორმაციით, ამ მხატვრული სურათის დასახელება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება მის შინაარსს, ფილმის სიუჟეტური ხაზი აიგება ვალენსას მეუღლე დანუტას მოგონებებზე.

 

ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ ამ კინოსურათში ერთ-ერთ როლს შეასრულებს ცნობილი ფრანგი მსახიობი მონიკა ბელუჩი. ის განასახიერებს იტალიელ ჟურნალისტს ორიანა ფალაჩის. სენიორა ორიანას სხვადასხვა დროს ინტერვიუები აუღია ისეთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეებისაგან როგორებიც არიან მუამარ კადაფი, დენ სიაოპინი, იასირ არაფატი, ინდირა განდი და სხვები.

 

წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფალაჩი შეხვდა და ესაუბრა ლეხ ვალენსას და ანჯეი ვაიდას სურათში ეს ეპიზოდი აუცილებლად იქნება შეტანილი.

 

მაისის დასასრულს მონიკა ბელუჩი პოლონეთს ეწვევა და ზემოთდასახელებული ეპიზოდის გადაღებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

საინტერესოა, რომ ვაიდა მოლაპარაკებას აწარმოებს ცნობილ ამერიკელ მსახიობთან მერილ სტრიპთან, რათა მან მომავალ სურათში მარგარეტ ტეტჩერი განასახიეროს. კურიოზია თუ ბედის ირონია, მაგრამ მერილ სტრიპი ამ დღეებში დაკავებულია რეჟისორ ფელიდი ლოიდის ფილმის “რკინის ლედის” საგადასაღებო პროცესში. ალბათ იცით, რომ მერილ სტრიპი ამ სურათში სწორედ რომ მარგარეტ ტეტჩერის როლს თამაშობს.