რომელი დაავადების დროს იკრძალება ტკბილეულის მიღება

რომელი დაავადების დროს იკრძალება ტკბილეულის მიღება

კანი დაკავშირებულია მთელ ორგანიზმთან, მის ცხოველმოქმედებასთან. ამიტომ, მისი გარეგნული ცვლილება, არცთუ იშვიათად, შინაგანი დაავადების მანიშნებელია. კანის დაავადებამ შეიძლება ავადმყოფობის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს და ნერვულ სისტემაზეც. ნერვულ დაავადებებს, ფსიქიკურ ტრავმებს, ყველაზე ხშირად თან სდევს ფსორიაზი.

ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს კანზე წარმოიქმნება სხვადასხვა სახის გამონაყარი. ზოგჯერ მისი მწვავე, უეცარი დასაწყისი ძლიერ სტრესს უკავშირდება. ცნობილია, რომ ფსორიაზის წარმოშობა და რეციდივები ხშირად გამოწვეულია ნერვულ-ფსიქიკური ტრავმებით, გონებრივი დაძაბვით, ძლიერი შიშით და ასე შემდეგ. დაძაბული ცხოვრების რიტმი და მძიმე სოციალური პირობები საგრძნობ გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ხშირია ნევროზები, ფობიები, რომლებიც ნევროზს სდევს თან. უეცარი ფსიქიკური ტრავმა, ძლიერი შიში, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკას ძლიერ დარტყმას აყენებს, ამას კი თან სდევს კანის ცვლილებები, თმის ცვენა, გამონაყარი და საბოლოოდ ყალიბდება ფსორიაზი.

ფსორიაზის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა, რადგან ის აწესრიგებს ნივთიერების ცვლას. კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ცილებითა და ნახშირწყლებით, ცხიმები კი უნდა შეამციროთ. ჭამეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული და კენკრა; ასევე, სვით მათი წვენები. რაციონში ჩართეთ ზღვის პროდუქტი. სასარგებლოა შვრიის ფაფა და ჭარხალი, კერძოდ: მოხარშული ჭარხალი გახეხეთ და შეურიეთ პირშუშხა. მოასხით არაჟანი, შეაზავეთ მარილით და ისე მიირთვით. შვრიის ფაფა კი მოხარშეთ წყალში, დაუმატეთ ცოტა ნაღების კარაქი, რძე, შაქარი და ისე ჭამეთ.

თუ ფსორიაზი გაწუხებთ, ნუ მიეძალებით ტკბილეულს, ცხიმიან, მწარე და მჟავე საკვებს. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ და ვიტამინებით მდიდარ საკვებს. თავი აარიდეთ სტრესს, ნერვულ და ფსიქიკურ გადაძაბვას. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე. დაიცავით დღის რეჟიმი, გაიკაჟეთ ორგანიზმი, ივარჯიშეთ და სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნეთ ფეხით.