მწერალი ბობ დილანი

მწერალი ბობ დილანი

ამერიკელი მომღერალი ბობ დილანის სახელი ნებისმიერი მელომანისათვის კარგადაა ცნობილი. ბატონი ბობი ასაკში კი შევიდა, მაგრამ საესტრადო სცენაზე გამოსვლას კვლავ აგრძელებს. ბოლო წლებია დილანს ახალი გატაცება გაუჩნდა. ხანგრძლივი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მოისურვა, რომ ეს ყველაფერი ქაღალდის ფურცლებზე გადაეტანა. სურვილი ამერიკულ გამომცემლობებსაც გაანდო და რამდენიმე ხნის  წინ ერთ სარფიან კონტრაქტსაც გამოკრა ხელი.

 

გამომცემლობა "Simon & Schustler"-მა მომღერალ ბობ დილანს მოგონებების ერთდროულად ექვსი წიგნის დაწერა შეუკვეთა.

 

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს დილანმა საკუთარი „ქრონიკების“ პირველი ტომი უკვე გამოსცა. ეს თხზულება ამერიკული ბესტსელერების სიას ნახევარი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

 

ალბათ, დაგაინტერესებთ, რა თემებს მოიცავს  ბობ დილანის მემუარები. პირველი ორი წიგნი იქნება ზემოთ დასახელებული „ქრონიკების“ გაგრძელება. მესამე დაფუძნებული იქნება მუსიკოსის მოგონებებზე და მიეძღვნება მის ერთ-ერთ რადიოში გატარებულ წლებს. ორი ათეული წლის განმავლობაში, ბობ დილანს  პოპულარული ტოკ-შოუ "Theme Time Radio Hour"  მიჰყავდა. ეს გადაცემა თავის დროზე აშშ-ში მეტად პოპულარული იყო.

 

დარჩენილი სამი წიგნის თემატიკა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამერიკული მუსიკალური გამოცემა „როლინგ სთოუნის“ ინფორმაციით,  ბობ დილანის მომავალი ჰონორარი რამდენიმე მილიონი დოლარია.

 

ბობ დილანის შემოქმედების თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მისი მწერლური შემოქმედების დღის სინათლეზე გამოტანას. 2004 წლის კალმოსნური დებიუტი წარმატებული გამოდგა და, ალბათ, მუსიკოსის მომავალ თხზულებებსაც არანაკლები პოპულარობა ელოდება.