სასიამოვნო ფაქტები... ლუდზე

სასიამოვნო ფაქტები... ლუდზე

ხორბლისგან დამზადებული ლუდი ღია ფერისაა და ეს ბუნებრივია. ის უფრო ბელგიელებსა და გერმანელებს უყვართ. თეთრი ფერის ლუდი არ ნიშნავს გაუფილტრავს. თუ ლუდის ფერი ოდნავ დაბურულია, ესე იგი, მას ქერის მარცვალიც აქვს შერეული.

ფრანგებსა და ბულგარელებს ერთდროულად მოუვიდათ აზრად, ხორბლის მარცვლისგან მოხარშულ ლუდში ფორთოხლის ქერქი და კორიანდრი ჩაემატებინათ. ასე იქცა ჩვეულებრივი ლუდი განსაკუთრებულ სასმლად.

ევროპაში ძალიან პოპულარულია ლუდის კოქტეილი. ეს არის ხორბლის ლუდისა და ლიმონათის 50X50 პროპორციით ნარევი. სხვათა შორის, სრულიად გაუგებარია, რატომ, მაგრამ, მას „რუსული“ ჰქვია, რუსებს მასზე წარმოდგენაც არ აქვთ.

ფრანგებს მიაჩნიათ, რომ კარგი ხორბლის ლუდი შუა საუკუნეების ტრადიციის მიხედვით უნდა იხარშებოდეს, თანაც, ნარჩევი ხორბლის ჯიშებისგან. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ქიმიკოსი იყო ჩართული საქმეში, რომ იდეალური, მაგიური არომატი მიეღოთ. სწორედ მათი თავგანწირვისა და ზოგჯერ მსხვერპლის ხარჯზეც (დეგუსტატორები არცთუ იშვიათად იწამლებოდნენ) შეიქმნა არაჩვეულებრივი ლუდი. თითქმის ყველა ფრანგულ მონასტერში ბერები ხარშავდნენ ლუდს სწორედ შუა საუკუნეების ტრადიციებით.

ლუდი ცივი უნდა დალიო – სულაც არა, ასე მთელი არომატი და გემო ეკარგება. გაზიანი, ცივი წყალი თუ გინდათ, მიირთვით. მართალია, სიცხეში ცივი სასიამოვნოა, მაგრამ გერმანული, ბელგიური ლუდი უმჯობესია, თორმეტ გრადუსზე მეტად არ გააცივოთ.

ლუდი ცოტათი მწარე უნდა იყოს – არ არის მართალი. არის ჩეხური ლუდი, მუქი ფერის „ველიკო პოპოვიცკი კაზელი“ აი, ის მართლაც ცოტა მწარეა, მაგრამ ყველა ლუდი მწარე არ უნდა იყოს.

ლუდთან კარგია ზღვის პროდუქტი ან შავი, ნივრიანი ორცხობილა – პირიქით, კარგი ლუდი არ საჭიროებს არავითარ დანამატს, მით უფრო, მკვეთრი არომატის მქონეს. ყველაზე ოპტიმალური მისაყოლებელი ლუდთან ყველი გახლავთ.

ჩამოსასხმელი ლუდი გაცილებით გემრიელია – სულაც არა. ყველა ლუდი ერთი და იმავე ტანკერებიდან ისხმევა. განსხვავება ისაა, რომ ბოთლს თქვენ ხსნით და მაშინვე სვამთ. ჩამოსასხმელს ხსნიან და რამდენიმე დღე ისმევა. გარდა ამისა, არის ლუდის სახეობები, რომლებიც აუცილებლად ბოთლში უნდა ესხას.

ლუდის დალევა პირდაპირ ბოთლიდან შეიძლება. კატეგორიულად არა. ლომის წილი იმ სიამოვნებისა, რომელსაც ჩვენ ლუდის დალევისას ვიღებთ, მოდის ყლუპის მოცულობაზე, ის ენას დიდ ფართობზე უნდა ხვდებოდეს. ბოთლიდან დალევით კი ეს შეუძლებელია.