ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხმა საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბიზნესი, პრეზიდენტის აპარატი და არასამთავრობოთა ნაწილი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, ხოლო ხელისუფლება და სპეციალისტები მეორე მხარეს. კანონპროეტის პარლამენტში განხილვამდე 2 ბანაკად გაყოფილი ჯგუფი მომხრეების მობილიზებას შეუდგა.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს შეხვდა და ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი განიხილა. შეხვედრაზე აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალსახად წინააღმდეგია აღნიშნული ცვლილების განხორციელების და კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
როგორც შეხვედრაზე გამოჩნდა, ექსპერტების უმრავლესობა პრინციპულად წინააღმდეგი არ არის თუკი ეროვნულ ბანკს მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა კი არა, დამოუკიდებელ სტრუქტურად მთლიანად საფინანსო ზედამხედველობა გამოეყოფა, ანუ შეიქმნება იმის მსგავსი მოდელი, როგორიც საქართველოში 2008 წელს არსებობდა. ექსპერტებს შორის გამართული დისკუსიის შედეგად გაქარწყლდა მოსაზრება, თითქოს საბანკო ზედამხედველობა იმიტომ დაუბრუნეს ეროვნულ ბანკს, რომ ეს შეცდომა იყო. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა. ამ მოსაზრებას დაეთანხმა ექსპერტების უმრავლესობა და მათ შორის ეროვნული ბანკის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ასევე მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ვატო ლეჟავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დემურ გიორხელიძემ და სანდრო თვალჭრელიძემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ დატოვეს შეხვედრა, რადგან მათი განცხადებით, სხდომაზე ნინო ევგენიძის მხრიდან გიორგი ქადაგიძის ლობირება და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის მხარდაჭერა-პროპაგანდა მიმდინარეობდა.
მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბობოლა ბიზნესმენები ცალკე შეიკრიბნენ და სათქმელი ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას თქვეს - მათ კომერციულ ბანკებს და ეროვნულ ბანკს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს და ნებისმიერი დონის ჩინოვნიკი იყოს ბიზნესისადმი დადებითად განწყობილი.
ბიზნესმენებმა და მათმა ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება და, რომ, როდესაც მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეკონომიკას და მით უმეტეს „ქართული ეკონომიკის გარანტ“ საბანკო სექტორს ეხება, ამაში ბიზნესი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ღიად განაცხადა, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მნიშვნელოვანი ხარვეზი გააჩნია. კერძოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა საბანკო ზედამხედველობის გარეშე, ვინაიდან საბანკო ზედამხედველობა მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობის, გარე შემოწმების, აქტივების კლასიფიკაციის, საოპერაციო რისკების მართვის და სარეზერვო მოთხოვნების საკითხებს და სხვა, რაც პირდაპირ განაპირობებს ფინანსური სექტორის სტაბილურობას. ამდენად, საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკს ხელს შეუშლის თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ეროვნული ბანკის ფუნქციების შეკვეცას ცდილობს. დაახლოებით ერთი წლის წინ კრიტიკის საგანი გახდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში გადაცემა.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გასულ წელს ფინანსური მონიტორინგისა და ამჟამად საბანკო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევა ცალსახად ეროვნული ბანკის დასუსტებას ისახავს მიზნად.
„პოლიტიკური მოსაზრებებით და არა პრაქტიკული საჭიროებებით ნაკარნახევი საკანონმდებლო ინიციატივები ხელს ვერ შეუწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინიციატივა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც მმართველ გუნდს შეიძლება მოწონდეს ან არ მოწონდეს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
სპეციალისტებს კი ბიზნესმენთა და არასამთავრობოთა ზედაპირული საუბარი არად მიაჩნიათ. მათ ვერ მოისმინეს არგუმენტები თუ რატომ არ შეიძლება საბანკო ზედამხედველობის სამსახური არსებობდეს დამოუკიდებელ სტრუქტურად.
„სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტები, რატომ არ შეიძლება საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად არსებობდეს. საუბარი და არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს საბანკო სექტორს არ მოსწონს ან არ უნდა, ჩემთვის მისაღები არ არის. ასევე, მიუღებელია არგუმენტი იმის თაობაზე, თითქოს ამით საბანკო სექტორი ჩამოიშლება. საბანკო ზედამხედველობის სამსახური ძალიან ბევრ ქვეყანაში დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობს და ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ.
მისი შეფასებით, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.
„ვფიქრობ, ამ თემაზე მსჯელობა, დებატები, არგუმენტების წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს. ასევე, მრავალმხრივ რეჟიმში უნდა იქნას დათვლილი ყველა რისკფაქტორი, რომელიც ამ თემას უკავშირდება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყოველგვარი პოპულიზმი, ყოველგვარი მერკანტილური ინტერესები და ყოველგვარი პოლიტიკა ამ სფეროს უნდა ჩამოვაშოროთ“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.