ქართველ ერს ემიგრაციული სიკვდილი ემუქრება

ქართველ ერს ემიგრაციული სიკვდილი ემუქრება

ვიზალიბერალიზაციის მეტად მომხიბლავი პერსპექტივის მიღმა ქართველი დემოგრაფები საშიშროებას ხედავენ. მათი აზრით, ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო და ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ახალგაზრდობისთვის საოცნებო მომავალს სახავს, მაგრამ მოსახლეობისგან ისედაც დაცლილი საქართველოსთვის ეს შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს.

მით უფრო, იმ ფონზე, როცა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ჩვენს ქვეყანაში ღირებულებითი დევალვაცია მიმდინარეობს. დღეს არა მხოლოდ ფერტილურ ასაკში მყოფი ახალგაზრდობა მიისწაფვის უცხოეთიკენ, არამედ შუა ხნის და შუა ხანსაც გადაცლებული თაობაც, ვისაც კიდევ შესწევს მუშაობის უნარი და ეს უნარი საკუთარ სამშობლოში გამოუყენებელი აქვს.

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, რიგში დგომა მიწევდა, რომ ევროპაში ცხვირი შემეყო. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობა ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი“, -აცხადებდა გასულ წელს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირობას დებდა, რომ საქართველო ყველა ძალას გამოიყენებდა, ვიზალიბერალიზაციის კუთხით ჩვენს ქვეყანას მოლდოვის ბედი გაეზიარებინა. თუმცა, რიგის სამიტზე ეს მოლოდინი გაცრუვდა და საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაცია არ განხორციელდა.

არადა, საყოველთაო უმუშევრობის ფონზე პერსპექტივები მეტად მაცდურია: შვეიცარია მიგრანტებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებას და 3 ათას ევროიან ხელფასს სთავაზობს; სიცილიის პატარა ქალაქ განგიში ერთ ევროდ საცხოვრებელი ფართის ყიდვაა შესაძლებელი... ეს ის ქალაქია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ მიატოვა და უკეთესი ცხოვრების ძიებაში მასობრივად გადასახლდა არგენტინაში.

ამიტომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მთელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით ჯერ კიდევ გლობალურად გასააზრებელია და მითები ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეალობას მისაახლოვებელია.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა, სულ მცირე, მოსახლეობის ერთი მეოთხედია გასული საქართველოდან, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მიგრაციას. უფრო მეტიც, ვიზალიბერალიზაცია საერთოდ გამოგონილია მიგრაციის ხელშესაწყობად და მიგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება. ასე რომ, რამაზ საყვარელიძის აზრით, წინასწარი სიხარული, რომ ევროლიბერალიზაცია მხოლოდ კარგი მოვლენაა, არაადეკვატურია - წამალი რომ წამალია, მასაც კი აქვს გვერდითი მოვლენები.

„მანდ პრობლემა ის კი არ არის, რომ მიგრაცია გაძლიერდება, არამედ ვისი მიგრაცია გალიერდება? როგორც წესი, საქართველოდან უფრო ნიჭიერი, სხარტი, ცხოვრებასთან ადაპტირებული ადამიანები გადიან. სამი თვით გავლენ იმ მიზნით, რომ ევროპაში სამუშაო იშოვონ და, გააფორმებენ ფიქტიურ ქორწინებას და დარჩებიან. საერთოდ, მიგრანტად ყოფნა პიროვნებისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა საქართველოს მოქალაქეობა უფრო მძიმე ტვირთია, ვიდრე სხვა ქვეყნის მიგრანტობა, რაც ჩამორჩენილ ქვეყნებს ახასიათებთ. ვიცით, რომ აფრიკიდან, ინდოეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან უამრავი მიგრანტი მიიწევს ევროპისკენ და ღია თუ ფარული ხერხებით ცდილობს გადასვლას. ასე რომ, მიგრაცია ქართული აღმოჩენა არაა. ვიზალიბერალიზაცია, რაც უდაოდ პოზიტიურია და ევროაპასთან დაახლოებას ხელს უწყობს, პრობლემური გახდება და შეიძლება, დრამატულიც გახდეს, თუკი ასეთ გვერდით მოვლენებს არ მიექცა ყურადღება და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის არ გაჩნდა ისეთი პირობები, რომელიც მათ განწყობილებებში მეტ უპირატესობას მიანიჭებს საქართველოში დარჩენას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და ამ კონტექსტში ქვეყანაში გამეფებულ ნეპოტიზმის პრობლემასაც ახსენებს, როცა ყველა სამსახურში ნაცნობობით ხდება მოწყობა და არა - ადამიანის პროფესიონალიზმით. ასეთ პირობებში საზღვარგარეთ წასული ახლგაზრდა უკან დაბრუნებას არ ცდილობს, რადგან აქ მაინც აფასებენ მის განათლებას. ასე რომ, ჩვენ დავკარგავთ ახალგაზრდებს.

ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ხომ არ შეცვალა ადამიანური ღირებულებები და ხომ არ გაცვდა სამშობლოს ცნება?! ამასთან დაკავშირებით რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, თავად ღირებულებებს ჰქონდათ კრიზისი. ექსპერტს ახსენდება იაპონიის მაგალითი, როცა ამ ქვეყანამ ამერიკისგან ორი ატომური ბომბი მიიღო და ათასობით გარდაცვლილი თუ დაინვალიდებული იაპონელის გვერდით, ამომავალი მზის ქვეყანას დანგრეული ეკონომიკა შერჩა. ამ ფონზე რაღა დროს ღირებულებებზე იყო საუბარი, მაგრამ იაპონიამ აირჩია საკუთარი ღირებულებების შენარჩუნების გზა. ანუ, იაპონიის წინაშე დადგა ამოცანა, როგორ ყოფილიყო თანამედროვეც და, თანაც, საკუთარი ღირებულებების მატარებელიც. ეს ამოცანა იაპონიამ გადაწყვიტა და ის ერთსა და იმავე დროს თანამედროვეც არის და ტრადიციულიც.

ამ მაგალითიდან გამომდინარე, ექსპერტი ფიქრობს, რომ, თუკი ღირებულებების მქონე ხარ, ეკონომიკური პრობლემა და სიდუხჭირე ღირებულების დაცვაში ხელს არ შეგიშლის, ხოლო, თუკი ეკონომიკას მოიმიზეზებს ადამიანი, მაშინ იქ ღირებულებები არ ყოფილა.

„ეს არ არის დღევანდელ დღეს დაწყებული პროცესი, ამაზე ამახვილებდა ყურადღებას ილია ჭავჭავაძე, ლუარსაბ თათქარიძის პრობლემიდან დაიწყო სულიერი ღირებულებების დეგრადაცია და გაგრძელდა კომუნისტების მიერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ცხოვრებას უნდა შევეგუოთ. დღევანდელ საზოგადოებას იმაზე ფიქრიც მოუწევს, როგორ აღადგინოს ღირებულებები, ან როგორ შექმნას ღირებულებები. ღირებულებები შესაქმნელია, ის ციდან არ ცვივა“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში პარალელს საბჭოთა კავშირთან ავლებს, როცა მთელი ქართველობა, ანუ მოსახლეობის 97-98% მთლიანად ცხოვრობდა თავის სამშობლოში, საქართველოში და ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამ ფონზე რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სხვა ერი ასეთი მაღალი პროცენტით არ ცხოვრობდა თავის სამშობლოში. მაგალითად, სომხების მხოლოდ 65% ცხოვრობდა სომხეთში, დანარჩენები - სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ წარმოუდგენელი იყო, რომ ქართველებმა უცბად დაიწყეს გარეთ გასვლა, მიუხედავად პატრიოტული მოტივისა და პოეტური განცდისა - „შენს მიწას მიმაბარეო“. ეს დიდი ეკონომიკური გაჭირვებით იყო განპირობებული და ჩვენს თანამოქალაქეებზე იმოქმედა იმან, რომ საარსებო საშუალებები აღარ დარჩათ.

„რუსეთში ბევრი წავიდა, ემიგრაციული ნაკადების 75% რუსეთში იყო, იქ ენობრივი ბარიერი არ არსებობდა, ამას ემატებოდა მართლმადიდებლური ფაქტორიც, შემდეგ მიდიოდნენ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. შედეგად მივიღეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს საზღვარგარეთ. ეს საშინელებაა. ჩვენი მოსახლეობა ისედაც 3 მილიონ 729 ათასია და ამ დროს მილიონ 700-ათასამდე ცხოვრობს საზღვარგარეთ. ფაქტობრივად, ერს ემიგრაციული სიკვდილი ემუქრება. ახლახანს გამოკვლევა ჩავატარეთ სტუდენტებთან, 300-ზე მეტი სტუდენტი გამოვკითხეთ თსუ-ში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თითქმის ყველა სტუდენტს აქვს სურვილი, სწავლის დამთავრების შემდეგ წავიდეს საზღვარგარეთ. მათი მოტივი იყო, რომ უცხოეთში უნდოდათ სწავლის გაგრძელება ან დროებითი სამუშაოს შოვნა, თითქმის 10%-ს კი მუდმივად სურდა საზღვარგარეთ დარჩენა. მხოლოდ 7-მა სტუდენტმა თქვა, რომ არ უნდოდა წასვლა საზღვარგარეთ. სინამდვილეში, დროებით წასულებიდანაც ვინ დაბრუნდება, არავინ იცის, რადგან უცხოეთში შექმნიან ოჯახებს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოში ვერ დამყარდა წესრიგი, ქართველმა ხალხმა ვერ მოუარა ნაცმოძრაობას. ეკონომიკურ ფაქტორებზე რომ არაფერი ვთქვათ, ნიჰილიზმს სხვა რამეც იწვევს. თუ სიმართლე არ იზეიმებს, ხალხი ამას ვერ შეეგუება. როგორ შეიძლება, კაცის მკვლელი ნაციონალები დღეს ისხდნენ პარლამენტში?! აჭარლებიც გადადიან თურქეთში, იქ მუშაობენ და ცოტა ხნის შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ ჩვენ უნდა განვასხვავოთ, რომ თურქეთი მეზობელი სახელმწიფოა, ხოლო, როცა ადამიანი ინგლისსა და ამერიკაში მიდის, იქ უფრო დიდია დარჩენის მომენტი. საელჩოსთან რიგები გვაქვს, ყველა გარბის, მერე გინდ სააკაშვილი დაიჭირონ, გინდ ნიურნბერგის პროცესი მოუწყონ ნაციონალებს, არ აქვს მნიშვნელობა. სამშობლოს სიყვარული, ურთიერთობები დაიკარგა“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

მანვე განმარტა, რომ, სამწუხაროდ, ვიზალიბერალიზაციის პროცესს უარყოფითი მხარე გადაწონის და სამშობლოში ძალზე ცოტა დაბრუნდება. 25 წელია, ეს საშინელი ცხოვრება გრძელდება და ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთიდან საკუთარ მშობლებს უგზავნიდა დახმარებას, ამ ხნის მანძილზე ამ მოტივაციასაც დაკარგავს, რადგან 25 წლის შემდეგ ის იქ ოჯახს ქმნის, სამშობლოში მშობლები ეხოცება და ვიღას უნდა გაუგზავნოს ფული?! ასე რომ, გზავნილებიც შეწყდება. ის კი ჩარჩება უცხოეთში და შეიძლება, მაშინ დაბრუნდეს, როცა ძალზე მოხუცდება.

„როცა უჭირდა შენს ქვეყანას, შენი ძალ-ღონე სხვა ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარე. ეს დასაძრახისია, რომ შენს ქვეყანას ვერ უდგახარ გაჭირვების წლებში, მაგრამ რა უნდა ვუთხრათ ასეთ ადამიანს? კაცმა სადაც ფული იშოვა, იქ წავიდა“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.