ეროსი კიწმარიშვილი: „თავად ჩავიხერგე უკან დასახევი გზა“

ეროსი კიწმარიშვილი: „თავად ჩავიხერგე უკან დასახევი გზა“

For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარისვილის მოგონებების გამოქვეყნებას.

4 ნოემბერს დილით ირაკლი ჩუბინიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ თქვენი წასვლის შემდეგ ზურამ 2 საათი გამოიძინა, მერე ადგა და ყველას გამოგვიცხადა: მოემზადეთ, ხვალიდან ისევ ვიქოქებითო და მართლაც 4 ნოემბერს ჟვანიამ ფილარმონიაში მოხრეები შეკრიბა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ჟვანია სააკაშვილს შეუერთდა. მიშა ითხოვდა, რომ გამარჯვებულად ეღიარებინათ, ჟვანია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

5 ნოემბერს ცეესკო- ახალი მონაცემები გამოაქვეყნა:

“ნაციონალური მოძრაობა - 22,0; “ახალი საქართველოსთვის”- 24,7; “ლეიბორისტები” - 13,5; “აღორძინება” - 6,5; “ბურჯანაძე-დემოკრატები” - 8,85; “ახალი მემარჯვენეები” - 7,76; “მრეწველები” - 6

5 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო მიტინგზე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა, ლევან კენჭაძემ ნანა ლეჟავას ვიდეოკამერა დაუმტვრია. ხელისუფლებას მხოლოდ „რუსთავი 2“ აღიზიანებდა.ს

6 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აჭარიდან საარჩევნო მონაცემები ჩამოიტანეს. შედეგი გაუგონარი: 284 ათასი ამომრჩევლიდან “აღორძინებამ” 270 ათასი ხმა მიიღო. ამასთან, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 50 ათასით გაუზრდიათ. 6 ნოემბერს ასლანი უკვე ფავორიტი გახდა და შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიაც გაუჩნდა. ჯერ პარლამენტის თავმჟდომარის პოსტი, ხოლო შემდე პრეზიდენტობაც - ასლანსაც ამის სურვილი ჰქონდა. აჭარის ხმების გათვალისწინებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ნაციონალური მოძრაობა - 18,5; “ახალი საქართველოსთვის” - 20,2; “ლეიბორისტები” - 11,7; “აღორძინება” - 21,0; “ბურჯანაძე- დემოკრატები” - 7,76; “ახალი მემარჯვენეები” - 6,5; “მრეწველები”- 5

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკმაყოფილოები დარჩნენ შალვა ნათელაშვილი და ირინა სარიშვილი-ჭანტურია. სარიშვილმა-ჭანტურიამ შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა - ჟვანია ხმებს აყალბებს და თუ იგი ბარიერს მიღმა არ დარჩება მაშინ მე საარჩევნო სიიდან ამომიღეთო. შალვა ნათელაშვილმაც თქვა, რომ უცხოეთში ხმები ჟვანიას სასარგებლოდ ყალბდება და თუ ასე გაგრძელდა, მე პარლამენტში შესვლაზე უარს ვაცხადებო. შალვას, რა თქმა უნდა, აწყობდა, რომ ცოტა პარტიას გადაელახათ ბარიერი, ასე ხომ მეტ მანდატს მიიღებდა, რაც მისთვის მეტ პოლიტიკურ და ფინანსურ სარგებელს ნიშნავდა. არც ერთს არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ აჭარაში არჩევნები საშინლად გაყალბდა. 6 ნოემბერს სააკაშვილის, სარიშვილის და ნათელაშვილის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა: ჟვანია პარლამენტში არ უნდა შესულიყო. ამით სააკაშვილი პოსტშევარდაძისეული პერიოდისთვის საპრეზიდენტო მარათონში ყველაზე საშიში მეტოქის გამოთიშვას ესწრაფვოდა.

არც ზურა იჯდა გულხელდაკრეფილი და მას უცხოეთიდან ხმები ნამდვილად ჩამოუვიდა, ისევე როგორც “ახლებს” და “მრეწველებს”. თუმცა, ასლანის შედეგის გადასაფარად იქაც სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. ემიგრანტები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ ლუკმა პურის საშოვნელად აიძულა, რომ სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ, ვითომდა შევარდნაძეს აძლევდნენ ხმას. მოსკოვში თითო ამომრჩეველი 8 წამში ასწრებდა ხმის მიცემას, ეს შედეგი ქვემო ქართლში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილმაც გაიმეორა. სადღაც სვეტლოგრადში, რომელსაც შესაძლოა რუკაზეც ვერ იპოვით, ქართველ ემიგრანტებს არჩევნებზე დიდად უაქტიურიათ და ხმები მრეწველების, ახლების და შევარდნაძის სასარგებლოდ მიუციათ. თუმცა გადამოწმების შემდეგ საარჩევნო უბნის მისამართზე სუპერმარკეტი აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძეს ეკუთვნოდა. ნოვოსიბირსკში საარჩევნო უბანი ვითომდაც ვიღაცის კერძო კომუნალურ ბინაში მოუწყვიათ.

არჩევნების გაყალბება სახეზე გახლდათ. ჩვენ არჩევნების შემდეგ “კმარას” კლიპებს მუდმივად ეთერში ვატრიალებდით. ეს კლიპები ალექსანდრე ლომაიამ მოამზადებინა და საზოგადოებას არჩევნების გამყალბებლებს ვუჩვენებდით. “ეს არ არის მისი სახე” - ისმოდა ტექსტი გამყალბებლების სახეების ფონზე.

7 ნოემბერს ოფისში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რაღაც გაფრთხილების წერილი გამომიგზავნა, “კმარას” ეს კლიპები აღარ აჩვენო, თორემ სასამართლოში გიჩივლებთო. ყურადღება არ მიმიქცევია, პირიქით ახალ ახალ გამყალბებლებს ვამათრახებდით.

ამასთან საღამოს დებატებზე იწვევდნენ დაპირისპირებულ მხარეებს და გამყალბებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დებატებში, როგორც წესი, მარცხდებოდნენ. ეს საუბრები თითქმის ნონ-სტოპის რეჟიმში მუშაობდა.

ჟვანია და სააკაშვილი ცალ-ცალკე ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას, თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ თუკი რომელიმე მათგანი ხელისუფლებასთან გარიგდებოდა, მის წინააღმდეგ „რუსთავი 2“ აუცილებლად მწვავე რეაგირებას მოახდენდა. ხმებით ვაჭრობას არაფერი საერთო ჰქონდა არჩევნებთან და ამ მომენტში გამყალბებლებთან გარიგება ამორალურად მიმაჩნდა.

8 ნოემბერს დიდი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. საღამოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ზაზა შენგელიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჯორბენაძეს და ხელისუფლების სხვა პირებს ჩემთან შეხვედრა სურდათ. საღამოს მე შენგელიას სახლში მივედი, სადაც ავთო ჯორბენაძე, შევარდნაძის დაცვის უფროსი სულხან პაპაშვილი, შინაგან და უშიშროების მინისტრები დამხვდნენ. მათ აწუხებდათ ქუჩაში გამოსული ხალხი და მთხოვდნენ, რომ საპროტესტო მიტინგი პირდაპირი ეთერიდან გამომერთო.

- რა ვქნათ, ახლა რა გავაკეთოთ? - მეკითხება ჯორბენაძე.

- ავთო, მე შენ გაფრთხილებდი, გეუბნებოდი, რომ რაც მეკუთვნოდა, ის უნდა გადაგეხადა, შენ პატარკაციშვილს დაუჯერე და ჩემი ტელეკომპანიის დახურვა გადაწყვიტე. რაც მიიღე, ხომ ხედავ?

- კი, მაგრამ, ჩვენ თანახმა ვართ 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებ და მოვლენებს ნეიტრალურ რეჟიმში გააშუქებ.

- არა, ეს საქმე აღარ გამოვა, - ვპასუხობ მე.

- აბა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

- რა ქენით და თუ შევარდნაძე რამე სისულელეს გიბრძანებთ, გიჟის ხალათი ჩააცვით, გაკოჭეთ და დააშოშმინეთ, - ვურჩიე გამოსავალი.

არ ვიცი შევარდნაძეს რა გადასცეს, მაგრამ ამერიკის ელჩის, მაილსის შუამავლობით მეორე დღეს ბურჟანაძე, ჟვანია და სააკაშვილი შევარდნაძეს მოსალაპარაკებლად კანცელარიაში ეწვივნენ. ამაზე ძალიან გავცხარდი. მე ვითხოვდი, რომ ეს შეხვედრა ნეიტრალურ ადგილზე შემდგარიყო, ესენი მაინც კანცელარიაში ესტუმრნენ, რითაც შევარდნაძემ აჩვენა, თუ ვინ იყო ოჯახის უფროსი.

ამ შეხვედრამ ის შედეგი გამოიღო, რომ სააკაშვილმა რესპექტაბელური ჟვანია-ბურჯანაძის ფონზე კვლავ ქულები ჩაიწერა. შეხვედრიდან გამოვარდა, შევარდნაძე ჩაუშესკუა და მე მასთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვსო იძახა. შევარდნაძემ თავი მოისაწყლა, დარღვევებზე არაფერი ვიციო და ჟვანიას შეთავაზა, რომ მოდი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომ დარღვევები აღმოვხვრათო. ეს იყო სრულიად უადგილო შეთავაზება. შევარდნაძე მოვლენებს ადექვატურად ვერ აფასებდა და რამდენიმე დღის შემდეგ ეს ყველასთვის თვალნათელი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურა მომიტინგეებთან ჩავიდა და განაცხადა, რომ შევარდნაძის დანიშნული პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოსო. ამის პასუხად ნათელაშვილი გაიძახოდა, რომ სოროსი, რაღაც სომხური ლობი და მადლენ ოლბრაიტი რევოლუციას აწყობენო. შემდეგში მხოლოდ სომხურ ლობს და სოროსს ახსენებდა, ოლბრაიტი დაივიწყა.

სააკაშვილი კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს თანხმდებოდა, თუ ერთდროულად საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა. მან იგრძნო, რომ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.

10 ნოემბერს ცსკო-მ ახალი მონაცემი დააფიქსირა, სადაც უკვე შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა ასლანს გადაასწრო:

“ნაციონალური მოძრაობა - 18,1; “ახალი საქართველოსთვის” - 20,6; “ლეიბორისტები” - 12,2; “აღორძინება” - 18,8; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,81; “ახალი მემარჯვენეები” - 6,7; “მრეწველები”- 4,9

10 ნოემბერს სააკაშვილის და ჟვანიას მომხრეებმა პარლამენტის წინ შიმშილობა გამოაცხადეს. “შევარდნაძემ აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ან გადადგეს,” - მოითხოვდნენ მოშიმშილეები.

10 ნოემბერს “მრეწველებმა”, “ლეიბორისტებმა” და “აღორძინების” წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია მოიწვიეს და გამოაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აღარ მისცემდნენ და აღარც თავთავიანთ ოფისებში შეუშვებდნენ. ცოტნე ბაკურიამ გამოაცხადა, რომ ჩვენ დანაშაულებრივი დაჯგუფება ვიყავით და მან იცოდა, რომ ჩვენ ორი გლობალური სექტა გვაფინასებდა, “ლეიბორისტები” ამტკიცებდნენ, რომ თურმე ჟვანიამ 14 მილიონ დოლარად მოგვისყიდა. სრული იდიოტიზმი.

11 ნოემბერს შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილს გადასცა ჯილდო - “სახალხო აღიარებისთვის.”

11 ნოემბერს ჯორბენაძის მითითებით სამგორის რაიონის სასამართლომ იმ საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა, სადაც “ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ მაჭავარიანი ლიდერობდა. ჟვანიამ და მაჭავარიანმა ერთი ამბავი ატეხეს, მანდატს გვართმევენო, თუმცა მიტინგებზე აცხადებდნენ, რომ უკანონოდ არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდნენ.

 

12 ნოემბერს ზაზა შენგელიამ კვლავ დამირეკა და მთხოვა, კიდევ ერთხელ შევხვედროდი ჯორბენაძეს და ძალოვან მინისტრებს. ეს შეხვედრაც შენგელიას ბინაზე შედგა და პირველი შეხვედრის მსგავსად უშედეგოდ დამთავრდა. ის თანხა, რომელსაც არჩევნების წინ ჯორბენაძეს ვთხოვდი, მე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლების და ბადრის წინააღმდეგ საბრძოლველად, საკუთარი ტელეკომპანიის გადასარჩენად მჭირდებოდა და არა გასამდიდრებლად. რის სანაცვლოდ ამეღო ფული, რომ მშვიდად მეცქირა გამარჯვებული ჯორბენაძე-პატარკაციშვილისთვის? ესენი ხომ პირველივე ხელსაყრელ მომენტში სასტიკად გამისწორდებოდნენ? ამიტომ იმ მილიონების აღებაზე უარი ვთქვი და კვლავ პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი საპროტესტო აქციებს, ყოველ საღამოს დებატები იმართებოდა და “კმარას” რეკლამასაც ვაჩვენებდი. ამ დროს პირველად ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი სერბულ რევოლუციაზე, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხთან ერთად ბელგრადელებმა მილოშევიჩი დაამხეს.

12 ნოემბერს შუა ღამით ჯორბენაძე და სააკაშვილი საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. სააკაშვილი, რომელიც ორი დღის წინ აცხადებდა, რომ შევარდნაძესთან მოლაპარაკებას წყვეტდა, ჯორბენაძეს ეთათბირებოდა. მე მათი შეხვედრის თაობაზე, ტელევიზიით ამერიკის ელჩისგან შუადღისით შევიტყვე. სააკაშვილი მანამდე გატრუნული იყო, ვითომ არაფერი მომხდარა. მაილსი წინ და უკან დარბოდა, რომ როგორმე ოპოზიციას ხელისუფლებასთან საერთო ენა გამოენახა და “პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გასულიყო”.

სააკაშვილი უხერხულ დღეში ჩავარდა, შესაძლოა არ ეგონა, თუ მაილსი ჯორბენაძესთან მის ღამეულ შეხვედრას არ გაახმაურებდა, თუმცა ფაქტის წინაშე დადგა და, მაილსის თხოვნით შევხდითო - თავს იმართლებდა. თავის მხრივ ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავდა. ზურა თამაშგარე დატოვეს. 2009 წელს ჟურნალისტებთან 4-საათიანი შეხვედრისას, სააკაშვილმა ჯორბენაძესთან შეხვედრის მიზეზი დაასახელა: ის დამატებით სამ სადეპუტატო მანდატს ითხოვდა, 32 ადგილის ნაცვლად - 35-ს. სულ ეს იყო მისი რევოლუციონერობა. მანამდე კიდევ ჟვანია სამგორის სადეპუტატო მანდატს მისტიროდა.

ფაქტია, რომ ესენი საპარლამენტო ადგილებს ითხოვდნენ. ხელისუფლება მათ უარეს შემთხვევაში სასურველი რაოდენობის მანდატებს არ მისცემდა, მხოლოდ მე არ დავიტოვე და თავად ჩავიხერგე უკან დასახევი გზა. ჯორბენაძე სააკაშვილს ჰპირდებოდა, რომ მას გამარჯვებულად გამოაცხადებდნენ, მაგრამ “ნაციონალები” სახელისუფლებო ბლოკს 0,1 პროცენტით გაუსწრებდა. სააკაშვილს ეს პირობა არ აკმაყოფილებდა, მას პარლამენტში მეტი კანდიდატის გაყვანა სურდა. ჯორბენაძეს და სააკაშვილს ფარული ალიანსი ჰქონდათ. დაუკვირდით, რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა შევარდნაძის ჩინოვნიკებს ტყავი გააძრო, ფულები გადაახდევინა, ციხის კედლები ახეხინა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შევარდნაძის საარჩევნო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა ამ ეგზეკუციას გადაურჩა. მას არც კაპიკი გადაუხდია და არც მის ბიზნესს შეხებია ვინმე. ამიტომ, ზურას ეჭვი, რომ სააკაშვილი ჯორბენაძესთან ერთად ცდილობდა, მის პარლამენტს გარეთ დატოვებას, სავსებით ლოგიკურია.

13 ნოემბერს, ანუ მეორე დღეს როცა ჯორბენაძე მოლაპარაკებიდან გაწბილებული გავუშვი, ცსკო-მ „რუსთავი 2“-ს აკრედიტაცია გაუუქმა.

14 ნოემბერს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა არმაზ თავაძემ “კმარას” რეკლამის გაშვების გამო ვაკის სასამართლოში გვიჩივლა.

14 ნოემბერს ახალმა მემარჯვენეებმა გამოაცხადეს რომ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ. ამ დროს ცსკო-ს მონაცემი შემდეგია:

“ნაციონალური მოძრაობა - 17,5; “ახალი საქართველოსთვის”- 20,7; “ლეიბორისტები” – 12; “აღორძინება” - 18,5; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,81; “ახალი მემარჯვენეები” - 6,7; “მრეწველები”- 5,18

სად უნდა შესულიყვნენ “ახლები”? ამ მონაცემებით ხომ ბარიერს ვერ ლახავდნენ? მაგრამ მათ ბადრის იმედი ჰქონდათ, რომ 7-პროცენტიან ბარიერს ის გადაალახვინებდა. მე ამ მომენტით ვისარგებლე და მამუკა ხერხეულიძის სახლში ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებს და დათო გამყრელიძეს შევხვდი. მათ ვურჩევდი, რომ ჟვანია-სააკაშვილის საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ. გიორგი მეთანხმებოდა, მაგრამ გამყრელიძემ დაიჟინა, რომ ჟვანიასთან და სააკაშვილთან არ გაერთიანდებოდნენ და ჩემი ინიციატივა საპროტესტო აქციის გასაძლიერებლად წარუმატებლად დასრულდა.

შალვა ნათელაშვილისთვის იდეალური სურათი შეიქმნა. პარლამენტში ვერც “მრეწველები” და ვერც “ახლები” ხვდებოდნენ, თუმცა “ბურჯანაძე-დემოკრატებზე” მიუთითებდა, რომ საარჩევნო ბარიერი ვერც მათ გადალახეს. 14 ნოემბერს შალვა აცხადებდა, რომ შევარდნაძემ სააკაშვილი გამარჯვებულად უნდა აღიაროსო. შალვას სურდა, რომ სიტუაცია ჩამცხრალიყო, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, უკვე მერამდენედ, პარლამენტს გარეთ დარჩებოდა. მისმა პარტიულმა აქტივმა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად გამოაცხადა. ისიც, საპრეზიდენტო სავარძელს თავისებურად უმიზნებდა.

საარჩევნო ბარიერის გადასალახად ძალიან ჯახირობდნენ “მრეწველები,” მათ საზღვარგარეთიდან 20 ათასი ხმა დაუმატეს, მაგრამ ასლან აბაშიძემ და ლევან მამალაძემ იმდენად გაბერეს საარჩევნო სიები, რომ ბარიერის გადასალახად აღარც ეს ხმები ჰყოფნიდათ. ცსკო-მ თამასის დასაწევად ბათილი ხმების რაოდენობა სათვალავში აღარ მიიღო, რომ როგორმე არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა შეემცირებინა, რათა “ახლებს” და “მრეწველებს” პარლამენტში შესვლა მოეხერხებინათ, თუმცა ეს ნაბიჯი მხოლოდ “ახლებს” წაადგათ.

(გაგრძლება იქნება)