დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ექსპერტი თვლის, რომ ეს უფრო მისი სახელით გაკეთებულ განცხადებას ჰგავდა, ვიდრე ოთხეულის პოზიციას. რა შანსები აქვთ ყოფილ ნაციონალებს და რა შემთხვევაშია შესაძლებელი პროდასავლური კოალიციის შექმნა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე: უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა ჯაფარიძემ, საკმაოდ წინააღმდეგობრივია. რატომ საუბრობს ჯაფარიძე პირველ პირში, „მე ასე და მე ისე“ და დანარჩენების სახელით აკეთებს განცხადებას? ეს უფრო მის პირად განცხადებას წააგავს და არა ოთხეულისას. ამას გარდა, განცხადება სავსეა წინააღმდეგობრივი მომენტებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ განცხადების ფაქტობრივი ავტორი ჯაფარიძეა, რომელიც როგორც ჩანს, თავის თავს მოიაზრებს ახალი პოლიტცენტრის ლიდერად. თუკი ეს მათი კოლექტიური გადაწყვეტილება იყო, რატომ არ გამართეს ბრიფინგი და რატომ არ ილაპარაკა ოთხივემ ერთად?
მიუხედავად იმისა, რომ ოთხივემ ერთად დატოვეს პარტია, შესაძლებელია, რომ ერთიანი პოზიცია არ ჰქონდეთ?
- ჩვენ ჯერ ბოლომე არ ვიცით რეალური მოტივაცია, რატომაც დატოვეს პარტია. ის განცხადება და მოტოვაცია, რაც გავრცელდა სოციალური ქსელით, ჩემთვის ბოლომდე დამაჯერებელი და სარწმუნო არ არის. ეს არის უბრალოდ, მათი ნაბიჯის კეთილშობილური შეფუთვა, რადგან პროდასავლური იდეებით მანიპულირება კარგად ხვდება გარკვეული აუდიტოორის ყურს. სინამდვილეში, რა მოხდა და რამ აიძულა ისინი პარტიიდან წამოსულიყვნენ, ამას ალბათ, უახლოეს მომავალში გავიგებთ, როდესაც უფრო მეტი ინფორმაცია წამოვა მათი ამ გადაწყვეტილების რეალურ მოტივებზე.
ერთ რამეს მინდა ყურადღება მივაქციოთ, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ შექმნიან ახალი მიზიდულობის პოლიტიკურ ცენტრს, მიჩნდება კითხვა - ამ ოთხეულის პოლიტიკური ღირებულება რამდენად არის იმდენად მაღალი, რომ გამოდგნენ მიზიდულობის ცენტრად? იმიტომ, რომ საზოგადოებაში საკამოდ ცალსახა დამოკიდებულება არსებობს იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, საიდანაც ისინი მოდიან. შეიძლება ეს ნაკლებად ეხებოდეს ჯაფარიძეს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია ამ პარტიაშია, მაგრამ ეს სრულად ეხება იმ დანარჩენ სამს, რომლებიც დიდი ხანია ამ პარტიის წევრები არიან და მათ სახელებთან ასოცირდება ყველა ის ნეგატიური მოვლენა, რაც არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. არ მგონია, რომ მაინც და მაინც მაღალი იყოს ამ ადამიანების პოლიტიკური შანსები.
როგორ ფიქრობთ, ვისთან ერთად შეიძლება მათ შექმნან ალიანსი?
- ისინი ამბობენ, რომ არ იბრძოლებენ საპარლამენტო მანდატებისთვის. მაშინ საინტერესოა, როგორ აპირებენ თავიანთი იდეების განხორციელებას, თუ ამის პოლიტიკური ინსტრუმენტები არ ექნათ ხელში, რადგან საამისო პოლიტიკური ინსტუმენტები არის სწორედ პარლამენტის ტრიბუნა და ის სახელისულებო ბერკეტები, რომელსაც პარტია იღებს, როდესაც შედის პარლამენტში. ასე რომ, აქაც გარკვეული წინააღმდეგობებია. მე ვფიქრობ, რომ ერთ დღეში მოხდა ისეთი რაღაცა, რის გამოც მათ შეცვალეს თავიანთი სცენარი და გადაწყვიტეს ასეთი ფორმით ემცნოთ საზოგადოებისთვის თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზები.
აცხადებენ, რომ ქმნიან ახალ პროდასავლურ ძალას. ბატონო ზაალ, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ქვეყანაში მიმდინარეობდეს ფართო პროდასავლური ძალის ჩამოყალიბების სამზადისი?
- არანაირი პარამეტრებით ისინი არ არიან იმ წონის პოლიტიკური ფიგურები, რომ ვიღაცამ მათ გარშემო დაიწყოს ტრიალი და ისინი აღიარონ ლიდერებად, არ მგონია - მათ საამისო მონაცემები არ აქვთ. პროდასავლური კოალიციის შექმნა შესაძლებელია დავუშვათ იმ შემთხვევაში, თუკი ამ ქვეყანაში გაძლიერდებიან პრორუსული ძალები და ეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო ხილული გახდება.
შესაძლოა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა თქვან, რომ საქართველო გადასარჩენია, ახალა არ არის პარტიული განხეთქილების დრო, საჭიროა გავერთიანდეთ ერთი იდეის გარშემო. ასეთი რამ თეორიულად დასაშვებია, რომ სიტიუაციური მოკავშირეები გახდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ითვლებიან პროდასავლური ორიენტაციის მატარებლად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ცენტრი მაინც და მაინც ჯაფარიძის ირგვლივ გაერთიანდეს. ჯაფარიძე არ არის იმ დონის ლიდერი, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას.