ლეგენდარული ჯგუფი “Black Sabbath”-ის დამაარსებელი და ვოკალისტი ოზი ოსბორნი 62 წლისაა. ასაკის მიუხედავად ბატონი ოზი ჩინებულ ფორმაში იმყოფება და აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობასაც განაგრძობს.
ცოტა ხნის წინ უბერებელი როკმენი ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემა “Kerrang!”-მა მას “ლეგენდარული მუსიკოსის” წოდება მიაკუთვნა. მიმდინარე წლის 9 ივნისს, ლონდონში ჩატარდება ამ ბეჭდვითი ორგანოს დაარსებიდან 30 წლის საზეიმო ღონისძიება და ოზი ოსბორნი მასზე დასასწრებად პერსონალურად არის მიწვეული.
ოზი ოსბორნი ჟურნალ “Kerrang!”-ის მიერ დასახელებული მეორე “ლეგენდარული მუსიკოსის” ტიტულის მფლობელი გახდა. პირველად ეს პატივი ჯგუფი AC/DC-ის გიტარისტს ანგუს იანგს ერგო. თავად ოზი კი “ლეგენდის” წოდებით მეორედ დაჯილდოვდა. 2008 წელს პოპულარულმა გამოცემა “Classic Rock”-მა მას “ცოცხალი ლეგენდის” წოდება უკვე მიანიჭა.
ლონდონში, 9 ივნისს დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ოზი ბრიტანეთის დედაქალაქში დარჩება და 21 ივნისს “Hammersmith Apollo”-ს საკონცერტო დარბაზში სპეციალურ კონცერტს გამართავს.
რამდენიმე დღის წინ, 16 აპრილს ოზიმ ერთი საპატიო მისია უკვე შეასრულა. აშშ-ში, 2007 წლიდან ტარდება ე. წ. “მუსიკალური მაღაზიის დღე”. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს აშშ-ში მომუშავე მუსიკალური დისტრიბიუტერების დახმარებას და აპრილის თვის მესამე შაბათს ტარდება. ამ დღეს ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებს გასაყიდად გამოაქვთ თავიანთი საკოლექციო რელიზები და ატარებენ საქველმოქმედო კონცერტებს.
2011 წლის “მუსიკალური მაღაზიის დღის” საპატიო სტრუმარი ოზი ოსბორნი აღმოჩნდა. მან გასაყიდად გამოიტანა 1981 წელს შექმნილი სინგლი “Flying High Again”, ასევე სპეციალურად ამ დღისათვის გამოშვებული ვინილის დისკები ალბომებისა “Blizzard of Ozz” და “Diary of a Madman”.
რამდენიმე თვის წინ ოზი ოსბორნის შემოქმედების თაყვანისმცემელმა ამერიკელმა მეცნიერებმა საყვარელ მუსიკოსს ერთგვარი საჩუქარი მოუმზადეს. მათ გამოიკვლიეს ოზის წარსული და მისი გენეალოგიური სქემაც შეადგინეს. გაგიკვირდებათ და მისტერ ოზი ნეანდერტალებისა და იმ უძველესი რომაელების პირდაპირი შთამომავალი ყოფილა, რომლებიც ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას დაიღუპნენ 79 წლის 24 აგვისტოს.
ამის გარდა ცნობილი გახდა, რომ ოსბორნი რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორისა და დიდი ბრიტანეთის მეფის გეორგ პირველის შორეული ნათესავი ყოფილა