აფახეთის ომის გმირების, ძმები ზალდასტანიშვილების საფლავი ძმათა სასაფლაოზე დაარბიეს. ძმები ზალდასტანიშვილები და მათი ორი ბიძა, სოხუმიდან თბილისში იდენტიფიცირების შემდეგ 2014 წლის 9 დეკემბერს გადმოასვენეს. როგორც ბელა ზალდასტანიშვილი აცხადებს, ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრების სასაფლაო ორშაბათს დილით დარბეული დახვდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„საფლავზე ყოველდღე ავდივარ, მათ შორის, გუშინ ვიყავი და ცოცხალი ყვავილები ქოთნით ჩავრგე, რაშიც ჩემი შვილების მეგობრები დამეხმარნენ. დილით ავედი და საფლავი ფეხით გათელილი დამხვდა. მიწიდან ამოუყრიათ ყვავილები და შემდეგ დაუპუტიათ, საყვავილე დამტვრეული დამხვდა. მომკლეს უკვე, ეს რა ქართველობაა?!
ვენაცვალე იმ აფხაზებს, რომლებსაც ჩემი შვილები ეომებოდნენ და ამის მიუხედავად, საფლავები შემინახეს. 21 წელიწადი აფხაზებმა შემინახეს საფლავი, თბილისში ჩამომისვენეს და ქართველებმა ასე გამიოხრეს საფლავი! ეს რა ქართველობაა?! არასოდეს ჩემს ბიჭებს სიცოცხლის განმავლობაში სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ჩემს გარდა სასაფლაოზე ორი შაოსანი დედა იყო, რომლებიც დალაგებაში დამეხმარნენ. შემდეგ გამოვუძახე პოლიციას და დაიწყო გამოძიება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ბელა ზალდასტანიშვილმა.
აფხაზეთის ომის გმირის, კოტე ანდრიაძის დედა, ნინელი ანდრიაძე დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
„ეს არის ვანდალიზმი. იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა ძალიან ხმაურიანი ამბავი და ვიღაცა ბოროტმა ადამიანმა გააკეთა. მეტი ყურადღებაა საჭირო სახელმწიფოსაგან, უნდა გამოჩდეს ვინმე, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რომ ეს სასაფლაო მართლაც დაემსგავსოს ძმათა სასაფლაოს. სასურველია პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტრომ აიღოს, თუ არადა ვეტერანთა დეპარტამენტმა მაინც აიღოს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ ეს სასაფლაო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინელი ანდრიაძე.
ძმათა სასაფლაოზე 69 სამხედროა დასაფლავებული. 39 სამხედროს ნეშტი ლევან სამხარაულის ექსპეტიზაზეა გადასვენებული, იდენტიფცირების შემდეგ, მათ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, დეტელებზე ინფორმაცია არ აქვთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. ნაცვლად კომენტარისა, ირაკლი შეხიაშვილის უწყებაში იმაზე გვითითებდნენ, როგორ უნდა მოგვემზადებინა მასალა. ჩვენ შევეცადეთ კომენტარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორისგან მიგვეღო, თუმცა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მათ ირაკლი შიხიაშვილთან წვდომა არ აქვთ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანრი უბირია აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
„იმედია, გამოძიება დაადგენეს დეტალებს. თუ ვინმემ მიზანმიმართულად გააკეთა, რა თქმა უნდა, შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა. ეს არის ძალიან დიდი შეურცხყოფა ყველასი - ჩვენი ქვეყნის, ამ ბიჭების და ჩვენი უახლოესი ისტორიის. ძალიან ვწუხვართ, რომ ეს მოხდა. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ქოთანი მართლაც იყო ამოღებული მიწიდან“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას უბირია.
რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ძმათა სასაფლაოს მოვლაზე, სადაც აფხაზეთის ომის გმირები არიან დაკრძალულნი, უბირია აცხადეს, რომ დაინტერესებული არიან საფლავზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ და მივმართავთ შესაბამის სამსახურს, თუ არის შესაძლებლობა ჩვენს სამსახურს გადაეცეს ძმათა სასაფლაო, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენზე არ მოხდება ამ ტერიტორიის გადმოცემა, მაშინ გადაეცეს სხვა შესაბამის უწყებას, ვინც აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას. ეს ტერირორია დღეს-დღეობით არ არის ჩვენი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ჯანრი უბირია.