აბაშიძის რჩევა ოპონეტებს - „თუ მეხსიერების პრობლემა აქვთ, იმკურნალონ“

აბაშიძის რჩევა ოპონეტებს - „თუ მეხსიერების პრობლემა აქვთ, იმკურნალონ“

ე.წ. ადმინისტრაციული ზოლის გადმოწევა, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სინამდვილის ყოველდღიურობა გახდა. რუსი „მესაზღვრეები“ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით თითქმის ყოველდღიურად აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს. დაკავებულები ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ და მხოლოდ  ჯარიმის - 2000 რუბლის გადახდის შემდეგ ანთავისუფლებენ.

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს 42 წლის გია სოლაშვილი, რომელიც გრემისხევში სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან. 

დღეს დილით კი, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებიდან, ხაშურის რაიონის სოფლებიდან - ბროლოსანიდან და წეღვერიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. გატაცებულები - გელა წოწოლაშვილი და შალვა მულაძე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი. 

შსს-ს ინფორმაციით ამ დროისთვის ცხინვალში 13 დაკავებული იმყოფება. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებიდან ადამიანების გატაცების პრობლემა არც დღეს დამდგარა და არც გუშინ, წლებია, პერიოდულად ხდება ადამიანების გატაცება.

„მიმდინარეობდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რომელშიც შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიც არის ჩართული. დღეს გაიმართა ერგნეთში მოლაპარაკებები და იმედია, გადმოგვცემენ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხაცდებით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება აღმაშფოთებელი და ყურადღება მისაქცევია. ხიდაშელს იმედი აქვს, რომ იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ქართულ მხარეს აქვს არჩეული, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ექნება.

„სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ქვეყანასთან გვაქვს საქმე და ასეთი ტიპის ურთიერთობებით ხასიათდება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ქართულ მხარეს აქვს არჩეული, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ექნება.

ჩვენ მოვახერხებთ, რომ ყველა ის პრობლემა, იქნება ეს ადამიანების გატაცება, მცოცავი ანექსია, პირობითი საზღვრის გადაწევა-გადმოწევა თუ სხვა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვაგვაროთ და ასეთი ინციდენტები მინიმალური გახდება. ყოველი ასეთი ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად აღმაშფოთებელი და ყურადღება მისაქცევია, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ჩვენი ამოცანაც ეს გახლავთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ექსპერტი, უსაფრთხოების საკითხებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლების ჩვეულებრივი სტილი, იმისათვის, რომ მუდმივი პროვოკაციების საშუალებით საქართველოს ხელისუფლება გამოიყვანონ სტარტეგიული მოთმინებიდან, რაც ქვეყანას სწორი განვითარების საშუალებას ართმევს.

„მთავარია, ჩვენ როგორც სახელმწიფოს, ზუსტად გვქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა და გზავნილები თუ რა წითელი ხაზები არსებობს, როგორ ვაპირებთ ამ წითელი ხაზების გასმას, როგორც საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურებით, ასევე ჩვენი პარტნიორების დახმარებით. აპრიორი, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა წამგებიანია - მას არ აქვს კონკრეტული მიზანი, საით მიდის ეს პოლიტიკა და რა შედეგი უნდა მოიტანოს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, როდესაც მასზე არ ხდება სათანადო რეაგირება, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. სუსტი სახელმწიფო კი ადვილი სამართავია ყველა ტიპის პროვოკაციისთვის, რაც ჯამში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბათუ ქუთელია.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების გატაცების მთავარ მიზეზად 2008 წლის აგვისტომს ასახელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებით, ეს არის იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ და იმ ფაქტმა, რომ რუსეთი საოკუპაციო ხაზს მიიჩნევს სახელმწიფო საზღვრად.

„ეს არის ძალიან მწარე და მძიმე რეალობა. 2008 წელს გავეხვიეთ დიდ უბედურებაში და კატასტოფაში. რუსეთმა ეს ორი რეგიონი აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამ საოკუპაციო ხაზებს მიიჩნევს სახელმწიფო საზღვრად. ამ საზღვარზე ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაიწყო მავთულხლართების და ელექტრონული სისტემის შექმნა.

რაც შეეხება ადამინების გატაცებას, რუსეთის პასუხია, რომ ისინი არღვევენ საზღვარს. არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც განხილული იქნება ეს საკითხი. ჩვენ სხვა მექანიზმი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგი“, - აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცება ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია, აბაშიძე ოპონენტებს ურჩევს, თუ მეხსიერების პრობლემა აქვთ, იმკურნალონ და წამლები მიიღონ.

„ოპონენტებს შევახსენებ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა სწორედ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების აღიარება, 20%-ის დაკარგვა, იმედი მაქვს დროებით. ამ 20%-ში შედის ის ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებდით - ახალგორი, კოდორის ხეობა.

დიახ, მაგათ დროს მოხდა ის, რომ სამხედრო ბაზები, რომელიც დიდი ვაი-ვაგლახით გავიყვანეთ, ისევ უკან შემობრუნდნენ და აგერ 30 კილომეტრში დგანან. მაგათ დროს მოხდა ის, რომ 30 ათას კაცზე მეტი გამორეკეს ცხინვალის რეგიონიდან. მაგათ დროს მოხდა ის, რომ სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების დიდი ნუსხა გაიყიდა რუსულ კომპანიებზე და ა.შ. თუ მეხსიერების პრობლემა აქვთ, იმკურნალონ, წამლები მიიღონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.