„ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობა დაირღვა - დღეს ოთხი დეპუტატი იმ მიზეზებზე ისაუბრებს, რის გამოც დედა-პარტიას გაემიჯნენ. ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ.
„ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას.
მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები „უპასუხისმგებლობასა“ და „წნეხის ვერ გაძლებასთან“ დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცხადია, ახალი ნაციონალური ოთხეული განცხადებას გააკეთებს და ბევრ კითხვას უპასუხებს, თუმცა საკითხავია, რამდენად ბოლომდე გახსნიან ფრჩხილებს და ისაუბრებენ თუ არა მშობლიური პარტიის დატოვების რეალურ მიზეზებზე. ახალი პოლიტიკური ძალა თუ სააკაშვილის სატელიტი პარტია - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სიახლეებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ამ ეტაპზე არსებობს ორი ვერსია - ის, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან და ლიდერები გაიშალნენ, ან მოხდა სერიოზული განხეთქილება, და ნაცმოძრაობა გაიხლიჩა. თქვენი შეფასებით რომელი ვერსია შეიძლება იყოს რეალობასთან მიახლოებული?
- ვიქრობ, რომ ეს მაინც არის გახლეჩა და არა ლიდერების გაშლა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ ურთიერთობა ან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ერთმანეთს მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ გამოვალთ იქიდან, რომ პარტიის მიზანი არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებაა, ისინი იქნებიან კონკურენტი ძალები.
სამი (მეოთხეზე ვერაფერს მოგახსენებთ) ძალიან აქტიური სახის გასვლა პარტიიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მუდამ იყო საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მონოლითურობაზე, რაც ნიშნავს ძლიერ ორგანიზაციულ სტრუქტურას. ამ ოთხი ადამიანის წასვლა გამოიწვევს თუ არა რყევებს, ეს საკითხავია, მაგრამ ამომრჩევლისათვის რომ ნაციონალების ერთიანობის ლეგენდა დაიმსხვრა, ეს ფაქტია.
კულუარული ინფორმაციით ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ხშირად იყო განხეთქილებები, საქმის გარჩევები და ა.შ. მაგრამ გუნდი დღემდე ისე მოვიდა, რომ საქმე დაშლამდე არ მისულა...
- ვფიქრობ, გარკვეული როლი ამ პროცესში ითამაშა იმანაც, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს ისეთი მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა, რომ საქართველოს მოსახლეობაში მათ მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ თუ არა, ნეიტრალურობისკენ მაინც შეცვლილიყო.
ვფიქრობ, NDI-ის გამოკითხვები, სადაც პარტიების რეიტინგებზე იყო საუბარი, კვლევის ერთი ნაწილია. მგონია, მათ უფრო დაზუსტებული მონაცემები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორია მათდამი მოსახლეობის დამოკიდებულება.
რყევები და კამათი ყველა პარტიაშია, აზრთა დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გარკვეული ჯგუფი ტოვებს პარტიას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გააანალიზეს ვითარება. რა თქმა უნდა, გამოკითხვის ზუსტი და რეალური მონაცემები არ ვიცი, მაგრამ ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ამომრჩევლის შემოტრიალება, პერსპექტივა რომ აღარ აქვს, ეს დაინახეს და შეეცდებიან სხვა ფორმითა და სხვა პოლიტიკური მესიჯით წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ ნაწილს, ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობში აღმოჩნდნენ მონოლითურობის იმიჯის დაკარგვის გამო - ვერც რებრენდინგის განხორციელება მოახერხეს, ვერც ახალი ლიდერების წამოწევა; კვლავ რჩებიან ძველი ლიდერის ამარა, რაც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანში არჩევნები წარმატების მომტანი ნამდვილად არ იქნება მათთვის.
ვიცით ისიც, რომ მიშას გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერია, მაგრამ მიშასთან ერთად - კიდევ უარესი. ამ პრობლემას როგორ მოუვლის ის ჯგუფი, რომელიც ნაცმოძრაობას გამოეყო?
- არ მგონია, ვინმე იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათი ჩათვლით, ვინც გუნდს გამოეყო, არ იყოს დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკშვილის ლიდერობით დიდ წარმატებას ვერ მიაღწევენ.
მგონია, მიშას რეიტინგსა და მის კავშირებს კი არა, მის ფინანსებს ვერ ელეოდნენ, რომელიც, როგორც ჩანს, სააკშვილის ხელშია მოქცეული - ეს იყო პრობლემა.
თუ ამ ოთხეულმა მოძებნა პარტიული ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსები (არ ვლაპარაკობ მილიონებსა და მილიარდებზე), ძალან მალე გამჩნდება. თუ მათ ეს შეძლეს, გამოდის, რომ სწორი ნაბიჯი გადაგეს.
რამდენად ეყოფათ დარჩენილი დრო იმისათვის, რომ არჩევნებში რაღაც ქულები აიღონ, ძნელი სათქმელია. ერთი წლის წინ რომ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი, თუ ფინანსური მხარე გააჩნდათ, ეს გუნდი შეძლებდა, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონოდა.
ბარიერის გადალახვის პრობლემა დღეს შეიძლება, ნაციონალებსაც არ ჰქონდეთ, მაგრამ მეტის „გამქაჩავი“ არ არიან და ეს ნიშნავს, რომ არც მომავალში ექნებათ პერსპექტივა.
ასე რომ, გათვლა ამ ოთხეულისა, თუ ისინი აპირებენ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, არის სწორი, თუ ფინანსური საყრდენი გააჩნიათ და დრო ეყოფათ პარტიული სტრუქტურის ასაგებად. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ უკეთესი შანსები გაუჩნდეთ, ვიდრე სააკაშვილის ლიდერობით დარჩენილ ნაციონალებს.
შეიძლება განვიხილოთ ვერსია, რომ ეს არის სააკაშვილის ტაქტიკა - მან გაუშვა გუნდი ახალი პარტიის შესაქმნელად და არჩევნებნის წინ მათ ლიდერად ვიხილოთ? ხოლო ნაციონალურ მოძრაობას შემორჩნენ ის ადამიანები ვის მიმართაც ეჭვები და კითხები დღემდე არსებობს? - გვახსოვს, როდესაც სააკაშვილმა ახალაიასთან ნაცნობობაც კი უარყო როცა ეს დასჭირდა...
- ყველაზე დიდი ეჭვები და კითხვის ნიშნები თავად სააკაშვილისადმია საზოგადოებაში. რომელ გუნდთანაც ის მოხვდება, ზღვაში მოცურავე ადამიანს ლოდს რომ დაჰკიდებ დაახლოებით ამგვარი ეფექტი აქვს.
ჩემი აზრით, ამ გუნდმა თავიდანვე არასწორი ტაქტიკა აირჩია. სააკაშვილს გარკვეული პერიოდი, თუნდაც ერთი წელი რომ დაესვენა და აქტივობისაგან თავი შეეკავებინა, შეასაძლოა, მისდამი დამოკიდებულება შეცვლილიყო. მისი აქტივობა მუდმივი გამაღიზიანებელი ფაქტორი რომ იქნებოდა საზოგადოებისათვის, იმთავითვე ცხადი იყო. იმ ერთწლიან პერიოდში მაინც, როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი იყო, უნდა ეგრძნო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ იყო ძალზე აგრესიული. ის უნდა გარიდებოდა პოლიტიკურ ასპარეზს და დალოდებოდა დროს, როდესაც მისი თავიდან შემოსვლა იქნებოდა მომგებიანი. მან ეს არ, თუ ვერ გააკეთა - არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისდამი დამოკიდებულება გაცილებით აგრესიულია დღეს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო.
ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას არ გამოხატავდა, შესაძლოა შიშის გამო, მაგრამ ეს ნაწილი ჩუმად იყო. დღეს სააკაშვილი საზოგადოებისათვის ხიფათს აღარ წარმოადგენს და მისი გამოსვლები და აქტიურობა კიდევ უფრო აღიზიანებს საზოგადოებას.
პოლიტიკაში გუნდებად დაყოფა და შემდეგ შეკრება სახიფათო თამაშია გარდა ამისა, თუ ეს ოთხეული გეგმავს, რომ ოდესღაც სააკაშვილი უნდა მოიწვიონ, ეს მათთვის კატასტროფა იქნება. არ მგონია ისეთი მეამიტები არიან,რომ ამას ვერ მიხვდნენ და ეს რომ ვერ გაეთვალა, მაშინ არც წამოვიდოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ეს ის ოთხეულია, რომელიც დიდი ალბათობით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველ ათეულში მოხვდებოდა. რაკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, არ მგონია, ვერსია, რომ სააკაშვილი პარტიას შლის პატარ-პატარა რაზმებად რათა მერე ისე ერთი დროშის ქვეშ გააერთიანოს, რეალური იყოს.
გამოდის, უფრო რეალურა, რომ ამ გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლაქა ჩამოიცილოს. ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდეთ თუ არა მათ გაერთიანებას რომელიმე სხვა პარტიასთან?
- ვფიქრობ, ეს ასე მარტივად ვერ მოხერხდება. მაინც მგონია, მათ რაღაც მონახაზი ექნებათ, რომ ცალკე ორგანიზაციის ჩამოყალიბება დაიწყონ. შემდეგ რა იქნება - არჩევნების პერიოდში ბლოკში გაერთიანდებიან თუ არა ვინმესთან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ არ მგონია უახლოესი პერიოდის განმვლობაში ისინი რომელიმე სხვა პარტიას მიეკედლონ.
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, მათ რაღაც ფინანსები აქვთ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა სიტუაციაც იციან.
იმედი მაქვს, რომ ეს ოთხეული არ იქნება მარტო და პარტიის მეორე და მესამე ეშელონებიდან ბევრი წეამოყვება- შეეცდებიან, შექმნან ახალი პარტია. ვფიქრობ, მათ ეს სამუშაო ჩატარებული აქვთ და გარანტიებიც გაჩნიათ, რომ ფინანსებს მოძებნიან. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე ხანში გამოჩნდება.
რაც შეხება ფინანსებს - ვხედავთ, რომ პროდასავლური ძალები საქართველოში საკმაოდ დასუსტებულია. შესაძლებელია, რომ დასავლეთმა ფსონი გააკეთოს ნაციონალების ამ ჯგუფზე და მათი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოს?
- ეს არ არის ის ოთხეული, რომელსაც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან დიდი კავშირები ჰქონდათ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ასეთი კავშირები ჰქონდეს, კუბლაშვილია. ჯაფარიძე შედარებით ახალბედა ნაციონალია, ხაჩიძეს არ მგონია, დასავლურ პოლიტიკურ წრეებში დიდი გავლენები ჰქონდეს, მთელი მისი ცხრაწლიანი მოღვაწეობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუბერნატორის ჩარჩოს ვერ გაცდა; მელაძე საერთოდ არ ვიცი, როგორი ლიდერი იქნება და რას წარმოადგენს. ამიტომ, შესაძლოა, მათ რაღაც ფინანსები მიიღონ დასავლეთიდან, დახმარება და მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მაგრამ ვფიქრობ აქცენტი უფრო შიდა რესურსებზე ექნებათ ვიდრე გარე დაფინანსებაზე.
რაც შეეხება პროდასავლურ ნიშას, ისინი ნამდვილად შეეცდებიან ამ ადგილის დაკავებას.
ის სახეები რომლებიც გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, საზოგადოებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ. ზოგიერთი მათგანის ცინიზმი საზოგადოებისთვის, შესაძლოა, გამაღიზიანებელიცაა. ასეთი მონაცემებით როგორ მოიპოვებენ ისეთ პოპულარობას, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული ადგილი დაიკავონ?
- ისინი უფრო სხვაგვარად მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე - ნახეს, რომ ნაციონალებთან ერთად შანსები ძალიან მცირეა. ალბათ ამიტომ გადაწყვიტეს ცალკე ძალების მოსინჯვა.
რაც შეეხება ცინიკურ დამოკიდებულებას, ხაჩიძის ინტერნეტაქტივობები დიდად არ მუშაობს და პირადად მე, ხაჩიძის აღქმა, როგორც პოლიტიკური ფიგურისა ძალიან მიჭირს. რომ არ იყოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხაჩიძე-პოლიტიკოსს ვერ ვხედავ.
სხვა საკითხია კუბლაშვილი და ჯაფარიძე - ჯაფარიძე რომ გამოდის (თავი დავანებოთ, რამდენად ღრმა ანალიზს აკეთებს), საკმაოდ რესპექტაბელურია, როდესაც ეკონომიკაზე ლაპარაკობს.
კუბლაშვილი საკმაოდ ძლიერი იურისტია. შეიძლება ეს პირველი ნაკადი იყოს და რაღაც გადათამაშება კიდევ მოხდეს, მაგრამ ძირითადი გამწევი პოლიტიკური ძალა როგორც ჩანს, კუბლაშვილი და ჯაფარიძე იქნებიან.