„საყდრისის მცველები“ კულტურის სამინისტროს სტენდთან პერფორმანსს გამართავენ

„საყდრისის მცველები“ კულტურის სამინისტროს სტენდთან პერფორმანსს გამართავენ

„კულტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს  სტენდზე საყდრისს არ გამოფენს, ამიტომ, მივალთ და ჩვენ გამოვფენთ მას“,- აცხადებენ საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები. ისინი რუსთაველის გამზირზე  სპეციალურად დამზადებული წარწერიანი მაისურებით მივლენ და პერფორმანსს გამართავენ. 26 მაისს მათი ობიექტი მხოლოდ კულტურის სამინისტრო არ იქნება. „საყდრისის მცველები“ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსაც მიაკითხავენ და საყდრისში და მიმდებარე ტერიტორიაზე  მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეების საკითხით ჯეროვნად დაინტერესებას მოითხოვენ.

„საყდრისის მცველების“ გეგმებისა და მიზნების შესახებ For.ge „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრს“ ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.

ირაკლი მამალაძე: დღეს დამოუკიდებლობის დღესასაწაულს ყველა სამინისტროს სპეციალურად მომზადებული სტენდებით აღნიშნავს. სტენდი ალბათ ექნება კულტურის სამინისტროსაც. საინტერესოა, ექნებათ თუ არა მათ ამ სტენდზე  წარმოდგენილი საყდრისი, როგორც უძველესი ოქროს მაღარო. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები აუცილებლად მივალთ კულტურის სამინისტროს სტენდთან და  ჩვენი პერფორმანსით კიდევ ერთხელ გავახსენებთ საზოგადოებას საყდრისის პერიპეტიებსა და იმ ვანდალიზმს, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ კულტურული მეკვიდრეობის წინააღმდეგ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმის საკითხიც, გახსოვთ, ალბათ, კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება, საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში განათავსოს. საინტერესოა, არსებობს თუ არა მუზეუმის კონცეფცია და წარმოადგენს თუ არა ამ კონცეფციას, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  კულტურის სამინისტრო.

-თუ გაქვთ ინფორმაცია სად ინახება დღეს ის არტეფაქტები, რომელიც მუზეუმში უნდა განთავსდეს?

-როგორც კომპანიის წარმომადგენლები და არქეოლოგები გვეუბნებიან, არტეფაქტები გადატანილია ბოლნისში, დაცულ შენობაში, მაგრამ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ისინი.

საყდრისში ორი მოსამართლე იყო ჩასული, ასევე იყვნენ სპეციალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ დეტალურად დაათვალიერეს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია. არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ, სწორედ, იქ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საყდრისში აღარ არსებობს რამე ისეთი, რომლის შესანარჩუნებლად ფართომასშტაბიანი სამუშაოების შეჩერება იქნებოდა აუცილებელი. მოსამართლემაც ამ ფაქტის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინა სამუშაოები. თუმცა, სასამართლო დავა გრძელდება და ეს ეხება კულტურის დამნაშავე მინისტრის, გიორგაძის მიერ 2014 წლის ბოლოს გამოცემულ აქტებს, რომლის საფუძველზეც აფეთქდა საყდრისი.

რა ეტაპზეა ამჯერად სასამართლო?

-სასამართლო სხდომები განახლდება ივნისიდან. ძალიან ბევრ პროცედურულ დარღვევაზეა საუბარი და ველით, რომ საინტერესო დეტალები გამოირკვევა ამ სასამართლო პროცესებზე. ვნახოთ, რით დაასაბუთებენ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები საყდრისის აფეთქების აუცილებლობას.

ჩვენ ამჯერად ბრძოლის სამართლებრივ ეტაპზე ვართ და ასევე ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ და საყდრისში ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG-მ აუცილებლად შეასრულონ მუზეუმის აშენების შესახებ აღებული ვალდებულება. დღეს სრული დუმილია კომპანიის მხრიდან და გაურკვეველია, რა ბედი ეწევა იმ არტეფაქტებს, რომელიც საყდრისში, უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

26 მაისის აქციაზე, სწორედ, ამ საკითხებს შევახსენებთ საზოგადოებას, ჩვენი პერფორმანისთა და სპეციალურად დამზადებული მაისურებით, რომელზეც „საყდრისის მცველი“ აწერია.

სპეციალური მაისურების დამზადება და პერფორმანსები არის თუ არა „საყდრისის მცველების“  ბრძოლის ახალი ეტაპი და რა არის ამჯერად თქვენი კონკრეტული ამოცანა?

-13 დეკემბერს საყდრისის აფეთქებამ დაადასტურა, რომ ვერ შევძელით საზოგადოების სათანადოდ გააქტიურება და კულტურული ობიექტის დაცვა. საზოგადოება ვერ პატრიარქის განცხადების შემდეგ გააქტიურდა, რომელიც საყდრისის აფეთქების მეორე დღეს გავრცელდა და რომლის თანახმადაც, პატრიარქმა მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.

ვფიქრობთ, ამ საკითხის ასე „გატარება“ არ შეიძლება. უნდა გავძლიერდეთ და საყდრისის გარდა სხვა ობიექტებიც უნდა დავიცვათ. ტერიტორიაზე, სადაც RMG ოქროს მოიპოვებს, არის სხვა ძეგლებიც და ხვალ და ზეგ, შესაძლოა, მათი აფეთქების საშიშროებაც შეიქმნას.

პრესაში პერიოდულად იწერება და საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებიც საუბრობთ ხოლმე იმის შესახებ, რომ საყდრისის საკითხზე მეცნიერთა და სპეციალისტთა ნაწილის პოზიცია მათ მიერ გარკვეული ფინანსების აღებით არის განპირობებული. თქვენი აქტივობის ახალ ტალღას თუ ჰყავს დამფინანსებელი რომელიმე ფონდის ან კერძო პირების სახით?

-როდესაც ძალიან ცნობილი უცხოური ფონდების წარმომადგენლები გვხვდებიან, ხშირად გვეუბნებიან: თქვენ ხართ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება. ამის მიუხედავად, არც ერთ ფონდს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ დავეფინანსებინეთ ან რამე გრანტი შემოეთავაზებინა. უცხოური ფონდების მიერ გამოცხადებული პროექტები, რატომღაც არ ეხება კულტურულ მემკვიდრეობას - ეს სფერო მათი ინტერესების მიღმაა.

რაც შეეხება ჩვენს ახალ აქტივობას, სულ რაღაც 20-მდე მაისური დავბეჭდეთ და პერფორმანსზე ამ ფორმით ვაპირებთ მისვლას. ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი ხარჯებით. მეცნიერთა ნაწილზე კი მართლაც არსებობს ეჭვი და ვარაუდი, რომ აიღეს გარკვეული თანხები. საუბარია თუნდაც მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებზე, რომლებიც გახდნენ RMG gold-ის ქვეკონტრაქტორები. ეს მათი გადასაწყვეტია, უბრალოდ, საზოგადოება და ისტორია ყველას მიუჩენს თავის ადგილს.

ჩვენ კი განვაგრძობთ საყდრისის დაცვას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოვითხოვთ იმ დამნაშავეების დასჯას, ვინც საყდრისი ააფეთქა. ასევე მოვითხოვთ, აშენდეს ახალი მუზეუმი, რომელშიც განთავსდება უპატრონოდ მიტოვებული არტეფაქტები.

ახლახან „საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, RMG-ის ძირითადი ბენეფიციარების საკითხი გაურკვეველი რჩება, რადგან ამ კომპანიის რეალური მფლობელები ოფშორულ კომპანიებში არიან დარეგისტრირებული, ხოლო, ისინი ვინც საჯაროდ ჩანან, კომპანიის მხოლოდ ცალკეული წარმომადგენლები არიან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე, თუ გაქვთ დამატებითი ცნობები ოქროს მომპოვებელი კომპანიის რეალურ მფლობელებზე?

-კომპანიის შესახებ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია ვერც ჩვენ მოვიპოვეთ. რაც შეეხება მოწილეებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერდა, რომ 22%-იანი წილი პარლამენტარ კობა ნაყოფიას ეკუთვნის, რაც შემდეგ ნაყოფიამ უარყო. სხვა მოწილეები კი არიან რუსი ბიზნესმენი  დიმიტრი ტროიცკი და რამდენიმე პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არც ჩვენ და არც საზოგადოებას არაფერს ეუბნება. უბრალოდ, ისინი RMG-ში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.

ვფიქრობ, არც ერთი ევროპული ღირებულების მქონე კომპანია არ იკადრებდა იმას, რაც ამ კომპანიამ იკადრა, როდესაც  საყდრისს სამხედრო მეთოდებით გაუსწორდნენ და ვანდალურად ააფეთქეს. ამ კომპანიის უკან რომ ევროპული ინვესტიცია ყოფილიყო, სხვა ფორმები მოიძებნებოდა საკითხის მოსაგვარებლად. RMG-იმ კი დილემის წინაშე დააყენა ადგილობრივი მოსახლეობა, თუ ღია წესით არ მოიპოვენდნენ ოქროს და თუ საყდრისში სამუშაობს შეაჩერებდნენ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩებოდნენ. ამიტომაც დადგა ის შედეგი, რაც დადგა. სახელმწიფოც სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაართვა ამ საკითხს თავი და სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად ხისტი გადაწყვეტილება მიიღო.