მას შემდეგ, რაც დაანონსდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - გიორგი ქადაგიძის საქმიანობა შემოწმდებოდა, ლარმა სულ რაღაც 2-3 დღეში გამყარება დაიწყო. ამან კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოების იმ ნაწილის ეჭვი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეროვნული ბანკი თვითლუსტრაციას ახდენდა და ლარის დევალვაცია ეს იყო ერთგვარი შეთქმულება ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. სახელდება კონკრეტული თანხებიც, რომ ამ ოპერაციებით მავანმა 300-400 მილიონი დოლარით იხეირა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ლარის გამყარების ტენდენციას ეხმაურება და ამბობს, რომ საგარეო ფაქტორებიდან არცერთი ფაქტორი არ გაუმჯებესებულა, არც საშინაო ფაქტორებიდან გაუმჯობესებულა რამე, პირიქით, უარესდება და ამ დროს „ეს დაქანებული ლარი ახლა თავპირისმტვრევით „ამორბის“ უკან აღმართზე... მთავრობა კმაყოფილია, აშკარად შეაშინეს ქადაგიძე!“ ამასთან, დემურ გიორხელიძე ორი წლის განმავლობაში მის მიერ მიცემულ ინტერვიუებს იხსენებს, სადაც ხისტად წერდა საქართველოს ეროვნული ბანკის თაღლითურ პოლიტიკაზე.
ლარის მერყევ პოზიციას სულ ახლახანს საერთაშორისო სავალუტო სკანდალიც დაემატა - კურსის მანიპულაციისთვის აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მსოფლიო მნიშვნელობის ხუთი ბანკი დააჯარიმა, რომელთაგან ოთხმა დანაშაული აღიარა. მათ შორის, “JPMorgan Chase” და “Citigroup” სავალუტო კურსის მანიპულაციებისთვის დაჯარიმდა. “JPMorgan Chase”-მა ჯარიმის სახით 550 მილიონი გადაიხადა, “Citigroup”- მა კი 925 მილიონი. ბრიტანულმა ბანკმა “Barclays Plc”-მა- 650 მილიონი დოლარი, “Royal Bank of Scotland PLC”-მა- 395 მილიონი. რაც შეეხება შვეიცარუილ “UBS AG”-ს, ის დადანაშაულებულია საპროცენტო განაკვეთების ფალსიფიკაციაში.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 4 ბანკის ტრეიდერებმა საკუთარი თავი გაასაღეს „კარტერის“ წევრებად და სპეციალური ელექტრონული ჩატის მეშვეობით (სადაც ისინი კოდირებული სიტყვებით ესაუბრებოდნენ ერთმენთს) ახდენდნენ გაცვლითი კურსის მანიპულირებას.
ვალუტის კურსით მანიპულირების საერთაშორისო სკანდალები და ხელოვნურად დაჭერილი ფასები ახალი თემა არ არის. მსოფლიოში ვალუტის კურსით მანიპულირების არაერთი სკანდალია ცნობილი. უცხოური მედიის ცნობით, დიდმა ბანკებმა კრიმინალური შეთქმულებებით, 2005-დან 2012 წლამდე 800 ტრილიონი დოლარი გააყალბეს. კერძოდ, დიდი ბანკები მოლაპარაკების შედეგად ლიბორის კურსით (ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი) მანიპულირებდნენ, ზოგჯერ ლიბორის კურსს ზრდიდნენ, ზოგჯერ ამცირებდნენ, რითაც ხალხის სხვადასხვა ჯგუფი ზარალდებოდა.
ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა მსოფლიოში ცნობილი ბანკების მანიპულაციასთან ავლებს პარალელს და მოითხოვს, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურონ.
For.ge-სთან საუბარში ლია ელიავა საბანკო შეთქმულებაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ სპეკულაციური ფასები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმმა და გულგრილობამ გამოიწვია, რადგან ქადაგიძის უწყება ვერ ატარებს ადეკვატური მონეტარული და სავალუტო კურსის რეჟიმის პოლიტიკას და ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე მიშვებული ჰყავს კომერციული ბანკები. სწორედ ამის შედეგია, რომ არაეკონომიკური ფაქტორებით დავარდნილი ლარის კურსი მყისიერად გამყარდა ისევ არაეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით, ანუ აშკარად ადგილი ჰქონდა სავალუტო კურსით მანიპულირებას. ამიტომ ეროვნული ბანკის საქმიანობას გამოძიება სჭირდება და მისი ხელმძღვანელობა სასწრაფოდ გამოსაცვლელია.
რაც შეეხება „ფაინეშლ თაიმსსა“ და „ბლუმბერგში“ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე მსხვილი ბანკის დაჯარიმების შესახებ, ლია ელიავა აცხადებს, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც შეერთებული შტატები, ევროპა და თუნდაც შვეიცარიაა, სადაც საბანკო ზედამხედველობა საკმაოდ მკაცრია, კომერციულმა ბანკებმა მაინც დაარღვიეს კანონი და მოახდინეს ვალუტის კურსით მანიპულირება, რაც არ შეიძლება გამოვრიცხოთ საქართველოში, სადაც საბანკო ზედამხედველობა სუსტია, ხოლო ეროვნული ბანკი - არაადეკვატური.
„უცხოური ბანკების კრიმინალური შეთქმულების შესახებ ვიცოდი, რომ მიმდინარეობდა გამოძიება. ეტყობა, გამოძიება ახლახანს დასრულდა და ეს არ არის ერთადერთი სკანდალი დასავლეთის საბანკო სივრცეში. უარესს გეტყვით, სარეიტინგო სააგენტოების- Fitch-ის, Moody s-ისა და Standard & Poor s-ის საქმიანობის შესახებ ფბრ-მა დაიწყო გამოძიება. ამ სააგენტოების დანაშაული იმდროინდელია, როცა საბანკო კრიზისი დაიწყო შეერთებულ შტატებში და მერე მოედო მთელ მსოფლიოს ფინანსური კრიზისის სახით. კერძოდ, წინა დღით ამ სამმა სააგენტომ კომერციული ბანკების ფასიან ქაღალდებს მიანიჭა სამი „ა“ რეიტინგი, ანუ უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და მეორე დღეს ამ ფასიანი ქაღალდების ღირებულება გახდა ნული. სწორედ ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ფბრ-მა და იცით, რა უპასუხეს სარეიტინგო სააგენტოებმა? ეს იყო კომპიუტერული ტექნიკური შეცდომაო. როცა უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში ასეთი რამ ხდება, რას ელოდებით საქართველოს ბანკებისგან?!“ - განმარტავს ლია ელიავა.
რაც შეეხება დიდი ბანკების მიერ ლიბორის კურსით მანიპულირებას, ექსპერტი აცხადებს, რომ საქართელოში ლიბორის მსგავსი განაკვეთი არ არსებობს, ანუ ჩვენთან ბაზარი არ ქმნის საჯარო ინდექსს, ასეთ ინდექსს ქმნის მხოლოდ ეროვნული ბანკი თავისი გადაწყვეტილებით, რასაც ჰქვია რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი და ამ რეფინანსირების განაკვეთით ეროვნული ბანკი ახდენს მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღებას. პროცედურა კი საკმაოდ მარტივია.
„ვინაიდან რეფინანსირების სესხი არის შვიდდღიანი, მისი გამოყენება კომერციულ ბანკებს თავიანთ საქმიანობაში არ შეუძლიათ და რა განაკვეთიც უნდა იყოს რეფინანსირების სესხზე, ეს გავლენას ვერ მოახდენს ეკონომიკაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ცალკე ნორმატიული აქტით კომერციულ ბანკებს ნება დართო, ლარში გაცემული სესხი მიაბან რეფინანსირების განაკვეთს. პრაქტიკულად, თქვენ როცა მიდიხართ კომერციულ ბანკში და იღებთ სესხს, რომლის საპროცენტო განაკვეთიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, თქვენ გგონიათ, რომ ეს ფული, რომელიც ჩაგასესხათ კომეციულმა ბანკმა, მას დაუჯდა რეფინანსირების განაკვეთი, სინამდვილეში, მისთვის ეს ფული სულ სხვა ღირებულებისაა, ანუ რეფინანსირების განაკვეთი არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ფაქტორი და, როცა იცვლება რეფინანსირების განაკვეთი, ამით ეროვნული ბანკი ახდენს მოსახლეობის ჯიბეებიდან დამატებითი თანხების ამოღებას, რასაც ჰქვია გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე. ასე რომ, ეროვნული ბანკი ყოველგვარი ხმაურის გარეშე ეკონომიკას ართმევს ფულს, პირველ რიგში, ფულს ართმევს მსესხებლებს და ამით ცდილობს, თავისი მონეტარული პოლიტიკის რაღაც მიზნებს მიაღწიოს, ანუ თამაშობს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ამიტომაც არა მარტო კომერციული ბანკები აფათურებენ ხელს მოსახლეობის და ბიზნესის ჯიბეში, არამედ საკუთრივ ეროვნული ბანკიც“, - აცხადებს ლია ელიავა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ, თუკი გავიზიარებთ, რომ დიდმა ბანკებმა კრიმინალური შეთქმულებით, 2005-დან 2012 წლამდე 800 ტრილიონი დოლარი იშოვეს, მაშინ ამ მდგომარეობას მიუყვანია მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე და არა - აშშ-ის სასაქონლო ბირჟებზე კრიზისს. ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია და თეორიულად ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ ქართულმა ბანკებმაც „მიბაძეს“ ამას ქვეყნის იმიჯის თუ ეკონომიკური პოტენციალის შელახვის ხარჯზე. თუმცა რეალურად, ეს რამდენად განსახორციელებელია, ამაზე პასუხის გაცემა ექსპეტს უჭირს.
„არსებულ სიტუაციას თუ შევხედავთ, რომ ლარის კურსი 48 საათის განმავლობაში სწრაფად 7 პუნქტით გამყარდა, ეს ეკონომიკურ პროცესებთან არანაირ კავშირში არ არის, ისევე, როგორც ეკონომიკურ პროცესებთან არანაირ კავშირში არ იყო ლარის გაუფასურება. კი ბატონო, დაიკლო გადმორიცხვებმა, ინვესტიციები შემცირდა, მაგრამ ახლა გაიზარდა ინვესტიციები? ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარის კურსის ამ სახით გაუფასურება, ან თუნდაც გამყარება შეუძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი ცვლილებები პირველად არ მომხდარა. გავიხსენოთ ის ფაქტი, როცა თებერვლის ბოლოსთვის ლარის გაუფასურებამ დიდ მასშტაბს მიაღწია, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს და უშუალოდ გიორგი ქადაგიძეს დაადო ხელი. ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსი გამყარებული იყო. შემდეგში ისევ წავიდა მისი დევალვაცია, ანუ სხვა ფაქტორებთან ერთად, აქ პიროვნული მახასიათებელი დიდ როლს ასრულებდა. ამიტომ ეს იყო ეროვნული ბანკის საბოტაჟი. მოგვიანებით, ეროვნულმა ბანკმა თითქოს განახორციელა ჩარევა და გასაყიდად დოლარის რეზერვები გამოიტანა, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ეს დაგვიანებული პროცესი იყო. უფრო მეტიც, როდესაც ქვეყანაში იყო ლარის ვარდნა და საჭირო იყო კურსის გამყარება, ეროვნულმა ბანკმა რატომღაც წინმსწრებად გადაიხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დავალიანება, რომელიც ორი წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო გადასახდელი. ცხადია, არასწორი დრო იქნა შერჩეული და ამანაც, გარკვეულწილად, ჩვენი რეზერვები შეამცირა. ანუ საგარეო ფაქტორებს დაემატა პიროვნული და ეკონომიკური ფაქტორები და ჩვენ ვერ უარვყოფთ ნაციონალების ინტერესსაც ამ საქმეში“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.