რიგის სამიტის შედეგებით საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური კმაყოფილია - „ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც გვარწმუნებს, რომ, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეძლონ.
პრემიერის განმარტებით, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით „ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა“. ღარიბაშვილის ოპტიმიზმის მიუხედავად, რიგის სამიტის დეკლარაციაში მითითებული არ არის კონკრეტული თარიღი, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საუკეთესო შედეგი, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რიგის სამიტიდან და პრინციპში, ასეთი მოლოდინი არსებობდა კიდეც.
თორნიკე შარაშენიძე: ასეთი მოლოდინი არსებობდა კიდეც რამდენიმე მიზეზის გამო - ესაა სუსტი ლობირება ჩენი ინტერესებისა ევროპის დედაქალაქებში - ასეთი რამ არ კეთდება უშუალოდ სამიტზე, საჭიროა წინასწარი მუშობა საკმაოდ სერიოზულ დონეზე, ადგილობრივ მთავრობებთან და ა.შ.
კიდევ ერთი მიზეზი ეს არის ევროპის პრობლემა რუსეთთან, ევროპას მაინც ეშინია ისეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის, როგორიცაა ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოსა და უკრაინასთან.
გარდა ამისა, არის პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებობს - ეკონომიკური კრიზისი, რაც პირდაპირ ნიშნავს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გაქცევას ევროპაში.
გადა ამისა, იყო რამდენიმე შემთხვევა საზღვრის გადაკვეთისა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გადავიდნენ სირიაში - ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება და ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ, ამის დაფარვა შეუძლებელია.
გარდა ამისა, დასაჩქარებელია გარკვეული რეფორმები - მაგალითად, ბევრს ლაპარაკობენ ბიომეტრიულ პასპორტებსა და ID ბარათებზე - ეს არ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაბამისი ჩანაწერი არ გაკეთდა, მაგრამ კარგად აღწერს ზოგად სიტუაციას - როდესაც საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ID ბარათებში და ბიომეტრიულ პასპორტებში სატანა ზის, ასეთ პირობებში რეფორმების გატარება მაინც და მაინც იოლი არ არის.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რა წარმატების მოლოდინიც გააჩნდათ, გაუმართლდათ - თვლით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია საზოგადოების დასამშვიდებლად?
- მთავრობისგან მოდიოდა საკმაოდ წინააღმდეგობრივი განცხადებები. საერთოდ, საქართველოს მთავრობას სჩვევია, რომ შეთანხმებული პოზიცია არ აქვს - ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს. მთლიანობაში კი საქმეში ჩახედულები ვინც იყვნენ, ყველამ კარგად იცოდა, რომ ვერ მივიღებდით ვიზალიბერალიზაციას რიგის სამიტზე. მიზეზი ისევ და ისევ არის ის, რომ ევროპის ქვეყნების დედაქლაქებში სერიოზული მუშაობა არ მიდიოდა, სტრატეგია არ იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისი დავალებები არ ეძლეოდათ საელჩოებს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს არის.
ევროპის დარწმუნებაა საჭირო იმაში, რომ არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება უვიზო მიმოსვლა და ა.შ. არამედ მათაც სჭირდებათ საქართველოსთან დაახლოება.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ეს ეხება როგორც მთავრობს, ასე ოპოზიციას, დაკავებულია შიდა პოლიტიკური ბრძოლით და დანარჩენი ყვლაფერი მათთვის მეორეხარისხოვანია.
სააკააშვილის რიგის სამიტზე დასწრების ფაქტს რა შეფასება შეიძლება მიეცეს, მაშინ, როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული?
- ეს ნაბიჯი კარგი იყო საკაშვილისთვის და ცუდია საქართველოს დღევნდელი ხელისუფლებისთვის, რომელმაც არ ვიცი, საიდან მოიფიქრა მასზე ძებნის გამოცხადება და შემდეგ უარესი კიდევ - მოთხოვნების დაგზავნა სააკაშვილის გადმოცემაზე. ნებსმიერი საღად მოაზრვნე ადამიანი კარგად ხვდება, რომ მათ სააკაშვილს არავინ გადასცემს რუსეთის გარდა, ხოლო რუსეთში რომ არ ჩავა, ესეც კარგად ვიცით. საინტერესოა, ამით რის მიღწევა სურთ და ვის გულს იგებენ? - ვერ ამიხსნია ვერანაირად.
საინტერესო იყო ნინო ბურჯანაძის, ასევე, კახა კუკავას განცხადებები რიგის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით... თვალშისაცემი იყო ნიშნისმოგების ტონი...
- ყველას თვისი პოლიტიკური წესრიგი აქვს და ყველაფერი ცუდი, რაც მოხდება საქართველოს, ევროპასა და ნატოს შორის, მათთვის ხელსაყრელია პოლიტიკურად - იტყვიან, აი, ხომ ვამბობდი... და ჩვენი ერთადერთი ხსნა არის რუსეთი.
მეორე მხრივ, ისიც კარგად იცის დასავლეთმა, რომ თუ ღიად არ გამოხატავს მხარდაჭერას, იმედგაცრუებულმა ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება შვების ძებნა სხვა მიმართულებით დაიწყოს... პრორუსული ძალებიც უკვე საკმაოდ აქტიურობენ...
- სწორედ ესაა პრობლემა - ჩვენ ვერ ვარწმუნებთ დასავლეთს, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ბოლომდე შეგვიწოვს რუსეთი. თუმცა მეორეცაა, როგორც ჩანს, ევროპელები ფიქრობენ, რომ კი ბატონო, ეს მათი არჩევანია და თუ უნდათ რუსეთთან, ამ არჩევანს ჩვენ ვერ შევაცვლევინებთ... მათაც ბევრი პრობლემა აქვთ ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, როგორმე დავარწმუნოთ, რომ მათ ინტერესებშია ჩვენი გადარჩენა და ევროპისკენ წაყვანა. როგორც ჩანს, ვერ ვარწმუნებთ.
იმ განცხადებების მიხედვით, რაც გაკეთდა, ვიზალიბერალიზაციის თარიღის დასახელების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზუსტი თარიღის განსაზღვრა, როდის უნდა დასრულდეს რეფორმები საქართველოში, ანუ როდის გვექნება რეალური პერსპექტივა...
- არ მგონია, ევროპა ამას დათანხმდეს, როგორც ყოველთვის, გვეტყვიან, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კი, შეიძლება რეფორმებზე გამოგვედავონ, მაგრამ თარიღებზე საუბარი მაინც მგონია, რომ მეორეხარისხოვანია. მოდით, ასე ვთქვათ, რეფორმებზე გამოდავება ყოველთვის შეიძლება, ყოველთვის შესაძლებელია, მისი უფრო უკეთ გაკეთება მოითხოვო. მთავარი პრობლემა აქ არის საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური ლობირების ჩავარდნა და რუსეთთან ურთიერთობის გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთიობებზე - ეს სამი პრობლემაა.
ბოლო პერიოდში გაისმა განცხადებები იმის შესახებ, რომ ნატოს გაფართოების სტრატეგია კვლავ რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად გამოიყენონ და რიგი ქვეყნების განცხადებებში საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების სურვილიც ისმოდა...
- ასეთ პერსპექტივას ნაკლებად ვვარაუდობ. რაც შეეხება თურქეთის განცხადებას, მარტივი მაგალითი გავიხსენოთ - ამერიკას ძალიან უნდოდა საქართველოს ნატოში მიღება 2008 წელს, მაგრამ ერთმა გერმანიამ ეს დაბლოკა.
ანუ, ევროპული მომავალი ოცნებად რჩება?
- გამოსავალი არის ეკონომიკის გაძლიერება, დემოკრატიზაციის გაძლიერება, რადგან ამასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს დასავლეთს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერება და ა.შ. თუ ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, ყველა კარი უფრო ადვილად გაიღება. თუ სუსტები ვიქნებით, არავის არფერში ვჭირდებით - ვის სჭირდება ქვეყანა, რომელსაც ეროვნული ვალუტა გაუუფასურდება, რომელშიც ბოგინებს რუსეთის მეხუთე კოლონა, რომელშიც ხელისუფლებასა და ოპოზიცია შორის 24-საათიანი ხელჩართული ბრძოლაა? ასეთი ქვეყანა ევროკავშირში ვის რად უნდა?
თუ ამ პერიოდს არ გავივლით, როგორც ამ ბოლო დროს ხუმრობენ-ხოლმე ევროკავშირში კი არა, მაკდონალდშიც არ შეგვიშვებენ. შიგნით უნდა დავალაგოთ სიტუაცია - ყველაზე სამწუხარო რეალობა ეს არის.