ავსტრიასთან ომის წინ ნაპოლეონმა შვეიცარიას ჯერ „აბსოლუტური ნეიტრალიზმის“ პირობა ჩამოართვა, შემდეგ კი გააფრთხილა, „თუ დამჭირდება შვეიცარიაზე გავლა, ამას გავაკეთებ. ყოველთვის ვიპოვი მიზეზს - ყველაზე უმნიშვნელო პამფლეტიც კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იქნება მიმართული, გაამართლებს ჩემს მიზნებს“.
ასე რომ, ნეიტრალიტეტით თავის დაცვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ნეიტრალიტეტი ძლიერთა ხვედრია. საკუთარი თავის იმედად დარჩენილი ნეიტრალური სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს სამხედრო ძალის გაძლიერებაზე, ვიდრე ძლიერ ქვეყნებს თავშეფარებული სუსტი ქვეყანა. სწორედ ნეიტრალიტეტი მოითხოვს ძალების დაძაბვას ერისგან უფრო მეტადაც კი, ვიდრე ნატოს წევრობა.
ასე მოხდა ირლანდიისა და შვეიცარიის შემთხვევაშიც, რომლებიც ნეიტრალური პოლიტიკის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის დროს ვერ გადაურჩნენ „შემთხვევით“ საჰაერო დაბომბვებს. ალბათ, ამითაც არის განპირობებული, რომ თურქეთისა და გერმანიის შემდეგ, შვეიცარიას ევროპაში ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, ხოლო ყოველი შვეიცარიელი მამაკაცი წელიწადში ერთი თვე აუცილებლად მსახურობს ჯარში და მზადყოფნის მიზნით იარაღსაც სახლში ინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას სამხედრო საფრთხე თითქოს არსაიდან ემუქრება.
უფრო მეტიც, ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების სარდლობები ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის მობილიზებას გეგმავდნენ. კერძოდ, 5-მილიონიან ფინეთს ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 90-იანი წლების დასაწყისში იარაღით ხელში უნდა გამოეყვანა 500 ათასზე მეტი ადამიანი, გარდა ამისა, კიდევ 200 ათასი - იარაღის გარეშე, ანუ ზურგისა და დამხმარე სამსახურებში. 6,5-მილიონიან შვეიცარიას ომიანობის დროს უნდა გამოეყვანა 625-ათასიანი შეიარაღებული ძალები, შვედურ სარდლობას კი ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 709 ათასი ადამიანი გამოჰყავდა, რომ არაფერი ვთქვათ ზურგის დამხამარე საშუალებებზე.
ჯერ კიდევ 1989 წელს ნათელი გახდა, რომ მოსკოვი საქართველოს და სამხრეთ კავკასიას იოლად არ დათმობდა, ამიტომ დაიწყო ლაპარაკი ნეიტრალიტეტზე. მომდევნო წლებშიც ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი ცდილობდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რომ თურმე საკმარისია, ჩვენმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ნატოს წევრობაზე უარი თქვას და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ, სამაჩაბლოსაც, რუსეთთან ურთიერთობასაც მოვაგვარებთ და დასავლეთთანაც მეგობრობას მოვახერხებთ.
მეოცნებეთა ეს ფრთა, ალბათ, პარალელს ავსტრიასთანაც გაავლებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულმა ავსტრიამ ნეიტრალიტეტი როგორც კი გამოაცხადა (1955 წელი), საბჭოთა ჯარებმა ქვეყანა დატოვეს. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამდენად, ხომ შეიძლება გაჩნდეს შანსი ტერიტორიების დასაბრუნებლად?!
ამ მიამიტურ მოლოდინს უკრაინის მაგალითიც აბათილებს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ 2002 წელს უკრაინასა და ნატოს შორის გაფორმდა ორმხრივი სამოქმედო გეგმა, რათა რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ უკრაინას შეძლებოდა ნატოში გაწევრიანება. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობა შებღალა და სისხლში ჩაახშო მათი თავისუფლება.
ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში საქართველოში მაინც გააქტიურდნენ ნეიტრალიტეტის მომხრეები. ისინი მოითხოვენ, ქვეყანამ უარი თქვას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე. თუმცა საინტერესოა, ხომ არ არის ნეიტრალიტეტი შირმა, რასაც რუსული პროპაგანდა ამოჰფარებია?! რუსეთის იდეა მარტივია, თუკი ჩვენს მოსახლეობაში ნეიტრალიზმი სერიოზულ გამოძახილს მოიპოვებს, ამით საქართველო შეერთებულ შტატებსა და დასავლურ ღირებულებებს დასცილდება. პარალელურ რეჟიმში, დასავლეთის ინტერესიც განელდება საქართველოს მიმართ და საქართველო რუსეთის ამარად დარჩება.
გარდა ამისა, ნეიტრალიზმის შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია ბუნდოვანი იქნება. მაგალითად, როგორ უნდა იმოქმედოს ნეიტრალურმა სახელმწიფომ, თუკი მას სთხოვენ საკუთარი საჰაერო და საზღვაო საზღვრების გახსნას ანტიტერორისტულ ოპერაციაში, ჰუმანიტარულ ინტერვენციაში, კონფლიქტის პრევენციის ან გენოციდის აღკვეთის დროს დახმარების მიზნით? თუკი დასავლეთს დახმარებაზე უარს ვეტყვით, მაშინ რა გველის ჩვენ 21-ე საუკუნის მსოფლიო გამოწვევების წინაშე მარტოდ დარჩენილებს?! ხომ არ ემსგავსება ასეთი ნეიტრალიტეტი იზოლაციონიზმს?!
თავისთავად ცხადია, რომ ნეიტრალიტეტის ცნება დაკავშირებულია საომარ მდგომარეობასთან. ნეიტრალიტეტის ისტორია რამდენიმე საუკუნის ისტორიას ითვლის და საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში. ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც (ასეთებია: მალტა, ავსტრია და შვეიცარია).
მაგალითად, ცივი ომის ათწლეულებში ევენტუალურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ შვედეთი და ფინეთი. უნდა ითქვას, რომ რომელიმე კონკრეტულ ომში ევენტუალურად ნეიტრალური სახელმწიფო სრულიად არ არის ვალდებული, ასევე, ნეიტრალური იყოს ნებისმიერ სხვა ომშიც.
საქართველოსგან განსხვავებით, თანამედროვე პერიოდის ნეიტრალური ქვეყნები (ავსტრია, შვედეთი, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ფინეთი) დიდი და დემოკრატიული სახელმწიფოების გარემოცვაში იმყოფებიან, მათ ძლიერი ეკონომიკა გააჩნიათ. ამასთან, მათ ტერიტორიაზე არ არის ეთნიკური კონფლიქტები და სეპარატიზმი. ამ მხრივ გამონაკლისი კოსტა-რიკა და თურქმენეთია.
რაც შეეხება ტერმინოლოგიას, „ნეიტრალიტეტი“ ლათინური ძირისაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „არც ეს და არც ის“, ანუ „არც აქეთ და არც იქით“. ნეიტრალიტეტს სამი აუცილებელი პირობა აქვს: 1) სხვათა ომში ჩაურევლობა; 2) მეომარი მხარეებისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენებაზე უარის თქმა; 3) იარაღის ან სამხედრო დანიშნულების ტვირთების არმიწოდება ან ორივე მხარისთვის თანაბრად მიწოდება.
ისტორიისთვის ცნობილი პირველი ნეიტრალიტეტი ბერძნულმა ქალაქებმა დაამკვიდრეს მაკედონიის მეფე ფილიპეს მიმართ. თუმცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 340 წელს ბერძნულ ქალაქებიც მიხვდნენ, რომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შემთხვევაში, ალექსანდრე მაკედონელის მამა - ფილიპე ცალ-ცალკე ყველას დაიპყრობდა და ნეიტრალობაც დაარღვიეს, ანუ ერთად გამოვიდნენ მაკედონიის წინააღმდეგ.
1779-1783 წლებში ჩრდილო ამერიკაში ომის დროს რუსეთმა, დანიამ და შვედეთმა „შეიარაღებული ნეიტრალიტეტი“ გამოაცხადეს, ანუ ინგლის-ამერიკის ომში არ ერეოდნენ, ოღონდ შეიარაღებული ძალით იცავდნენ სხვა ნეიტრალურ სახელმწიფოთა საზღვაო ქარავნებს.
1792 წელს ჯორჯ ვაშინგტონმა, რომელსაც იმ დროს უკვე 2-მილიონიანი არმია ჰყავდა და ათეულობით მილიონი ადამიანი უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ ამერიკა ნეიტრალური იქნება ნაპოლეონის ომებში. ბუნებრივია, ეს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა კიდეც.
ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, 1815 წელს, ვენაში ჩატარდა ისტორიული კონგრესი, რომელზეც ევროპული სახელმწიფოები შეთანხმდნენ შვეიცარიის მუდმივ ნეიტრალიტეტზე, ანუ თვით შვეიცარიის სურვილი და მისი განცხადება კი არ იყო საკმარისი, არამედ ყველა დიდი ევროპული სახელმწიფოს შეთანხმება ამ ქვეყნის ნეიტრალობაზე. ასე რომ, საქართველო მხოლოდ იმ პირობით გახდება ნეიტრალური სახელმწიფო, თუ ამაზე კავკასიის რეგიონში მოქმედი ყველა დიდი ძალა შეთანხმდება და, პირველ რიგში, ამაზე შეთანხმდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი.
მსოფლიოში 8 ნეიტრალიტეტგამოცხადებული სახელმწიფოა, რომელთაგან ერთი, მოლდოვა, ფიქტიურ ნეიტრალურ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებული არიან რუსეთის ჯარები.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათი ნეიტრალიტეტის ისტორია ასეთია:
ავსტრია
26 ოქტომბერი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულია. 1955 წელს ხელი მოეწერა ფედერალურ საკონსტიტუციო კანონს, რაც ავსტრიის მუდმივ ნეიტრალიტეტს ქადაგებდა. ნეიტრალიტეტს წინ უსწრებდა რთული პერიოდი. 1945 წელს ავსტრია, ისევე, როგორც გერმანია, მოკავშირეთა მიერ იყო ოკუპირებული. ბერლინის ანალოგიით, ვენა ორ ნაწილად გაიყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირმა მშვიდობიანი ხელშეკრულება გააფორმა ავსტრიასთან და იქედან ჯარი გაიყვანა (გერმანიას უფრო დიდხანს, 1990 წლამდე მოუწია ლოდინი) იმ პირობით, რომ ავსტრია მუდმივ ნეიტრალიტეტს დაიცავდა. 1955 წლის 19 ოქტომბერს ავსტრიის ტერიტორია უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა, ხოლო 25 ოქტომბერს ავსტრიიდან საოკუოპაციო ჯარების უკანასკნელი ბრიტანელი ჯარისკაცები გავიდნენ.
შვეიცარია
შვეიცარია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მუდმივად იცავდა ნეიტრალიტეტს. ზოგადად, შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა 1515 წელს უკავშირდება, როცა მარინიანოსთან ბრძოლაში კონფედერაციის ჯარები დამარცხდნენ. თუმცა ოფიციალურად, შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებამ მხოლოდ 1815 წლის 20 ნოემბერს აღიარა, როცა მაშინდელმა წამყვანმა სახელმწიფოებმა გამოაცხადეს, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი და ხელშეუხებლობა მთელი ევროპული პოლიტიკის ჭეშმარიტ ინტერესს წარმოადგენდა. იმ დღიდან მოყოლებული, შვეიცარია ნეიტრალური სახელმწიფოს სანიმუშო მაგალითია და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში. საქართველო-რუსეთის ომშიც მან ნეიტრალური მხარე დაიჭირა და ის დღემდე ნეიტრალურია.
ბელგია
შვეიცარიის მსგავსად, ნეიტრალიტეტს მიმართა ბელგიამაც, მაგრამ, თუ შვეიცარიას ჰყავდა ჯარი და მზად იყო, დაეცვა საკუთარი ნეიტრალიტეტი, სამხედრო თვალსაზრისით უსუსურ ბელგიას მსოფლიო ომის დროს, უბრალოდ „გადაუარეს“.
შვედეთი
შვედეთსა და რუსეთს შორის ბოლო ომი 1808 წელს დასრულდა, თუმცა შვედეთის საგარეო პოლიტიკა XIX და XX საუკუნეებში მთლიანად რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაზე იყო მიმართული. ბრიტანული დიპლომატიის ძალისხმევით, შვედეთმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1945 წლის შემდეგ შვედეთის ნეიტრალიტეტი უფრო მეტად ევროპაში არსებულ ძალთა ბალანსის შედეგი იყო, ვიდრე ამ ქვეყნის მიერ ცნობიერად გაკეთებული არჩევანი: იმ პირობებში, როცა მეზობელ ფინეთში საბჭოთა კავშირის ჯარები განლაგდნენ და ქვეყანა დე ფაქტო საბჭოთა სატელიტად აქციეს, შვედეთს დასავლეთის ალიანსსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული ბუფერის როლი ბუნებრივად ერგო, თუმცა ცივი ომის განმავლობაში შვედები საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ დასავლეთთან. 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შვედეთის სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გადაიხედა და შვედეთის ხელისუფლებამ ევროკავშირში შესვლის სურვილი გამოხატა. შვედეთი 1995 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.
ფინეთი
ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ისტორიული კონტექსტი სრულიად განსხვავდება შვედეთისგან. ფინეთი 1917 წლამდე ცარისტული რუსეთის ნაწილი იყო და მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1939 წელს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ, სსრკ თავს დაესხა ფინეთს, მაგრამ ვერ მოახერხა მისი სრული დაპყრობა. 1941-1944 წლებში, მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში, ფინეთი და სსრკ კვლავ იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც ფინეთის ფაქტობრივი კაპიტულაციით დასრულდა. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ფინელთა მოკავშირე ნაცისტური გერმანია ომში მარცხდებოდა, ფინეთმა, მართალია, დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ თავისი მიწა-წყლის ნაწილი დაკარგა და იძულებული გახდა, დარჩენილ ტერიტორიაზეც საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგებას დათანხმებოდა. ასეთ პირობებში ფინეთის ნეიტრალიტეტი „ცივი ომის“ განმავლობაში უფრო საკუთარი დამოუკიდებლობის საბჭოეთისგან დაცვას ემსახურებოდა, ვიდრე რეალურ ნეიტრალურობას დაპირისპირებულ სამხედრო ბანაკებს შორის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შვედეთი და ფინეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ, საქართველოს მსგავსად, ფინეთი და, განსაკუთრებით, შვედეთი NATO-სთან დაახლოებას საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით და ცხელ წერტილებში მრავალრიცხოვანი კონტინგენტების წარგზავნით ცდილობენ.
ლიხტენშტეინი
შვეიცარიასა და ავსტრიას შორის მდებარე პატარა სახელმწიფომ- ლიხტენშტეინმა (ქვეყნის ფართობი სულ რაღაც 162 კვ. კმ-ია) დამოუკიდებლობა 1866 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ნეიტრალიტეტის გამო 1868 წელს ლიხტენშტეინმა სულ რაღაც 80 მამაკაცისგან შემდგარი თავისი არმია დაითხოვა.
პოლიტოლოგი გია თვალავაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ჯერ არავინ სთავაზობს ნეიტრალიტეტს. როგორც წესი, ნეიტრალიტეტი უნდა შემოგვთავაზოს მოსაზღვრე ძლიერმა, ჰეგემონისტურმა ქვეყნებმა, რომლებსაც საქართველოში თავიანთი პოლიტიკური, სტრატეგიული ინტერესები გააჩნიათ. თანაც, ეს მოსაზღვრე ქვეყნები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ, რომ საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, თორემ თუ რომელიმე ამის წინააღმდეგი იქნება, ნეიტრალიტეტი არ გამოვა, რადგან მაშინ საქართველოს ეყოლება ნეიტრალიტეტის დამრღვევი აგრესიული ქვეყანა.
„ნეიტრალიტეტი კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამის მაგალითი გვაქვს ავსტრიის, ფინეთის სახით, ნატოში არცერთი მათგანი არ შევიდა და შესანიშნავად განვითარდა ყველანაირ სფეროში. ჩვენზე არ არის დამოკიდებული ნეიტრალიტეტი და შეუძლებლად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად ნეიტრალიტეტის გამოცხადება. როგორც ვიცი, რუსეთიც არ არის საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე, პირიქით, რუსები მოითხოვენ, საქართველო სტრატეგიულად დაუკავშირდეს რუსეთს. ამიტომ ნეიტრალიტეტი ვერ იქნება ნატოსა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საპირწონე. ერთ-ერთი გზა უნდა აირჩიოს საქართველომ - ან ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანდეს, ან ევრაზიულ კავშირში“, - აღნიშნა გია თვალავაძემ და განმარტა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტს შეუშალა ხელი, არამედ- უკრაინის სწრაფვას ევროკავშირისკენ, ნატოსკენ. ამდენად, ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ, ამ სწრაფვის სამაგიეროდ მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ნატოს მხრიდან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ გაერთიანდება ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ რუსეთისგან დარტყმებს ვერანაირად ვერ იცილებს თავიდან.
ამიტომ გია თვლავაძე თვლის, რომ დასაფიქრებელია ეს საკითხი და გარკვეული გარანტიების მიღების შემდეგაა საჭირო ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. მისი თქმით, პოლიტიკა შედეგით ისაზღვრება, შედეგი კი ძალზე ცუდია - უკრაინამ დაკარგა ყირიმი, დონბასი, ლუგანსკის ოლქი და არავინ იცის, კიდევ რომელ ტერიტორიებს დაკარგავს. საქართველომ კი დაკარგა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს ორგვარი ნეიტრალიტეტი - რეალური და ილუზორული. თუკი ჩვენი ქვეყანა ევროპულ გეოპოლიტიკურ სივრცეში იარსებებდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტი კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური სივრცე ისეთია, რომ ძალზე საეჭვოა, ისეთი ნეიტრალიტეტი გვქონდეს, რუსეთი აღარ ჩაერიოს ჩვენს საქმეში. ამიტომ, თუ ვიღაც დაგვპირდება, რომ აფხაზეთი თუ არა, ცხინვალის რეგიონი მაინც ჩვენი იქნება, მაშინ უკვე შეიძლება ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, ოღონდ ეს დასავლეთის გარანტიით და რუსეთის თანხმობით უნდა მოხდეს.
„ჯერჯერობით, ეს რუსული პროექტი ჩანს. რუსული პროპაგანდა უნდა იყოს დაინტერესებული ნეიტრალიტეტის შემოთავაზებით. პრინციპში, ნეიტრალიტეტი საქართველოს არც არასდროს ჰქონია. მართალია, პირველი რესპუბლიკის დროს გამოვაცხადეთ ნეიტრალიტეტი, მაგრამ მაშინ გერმანული ჯარები შემოდიოდნენ საქართველოში, გერმანული გარანტიის და დაცვის ქვეშ ვიყავით. იმ დროს მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და გამოვაცხადეთ, არც ერთ ომში არ მივიღებთ მონაწილეობასო. ასე რომ, ყველაფერს სიფრთხილე უნდა“, - აცხადებს დიმიტრი შველიძე და შედარებით საინტერესოდ მიიჩნევს კავკასიის მთლიანი რეგიონის ნეიტრალიტეტის იდეას საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, რადგან სომხეთი არასდროს დათანხდება ნეიტრალიტეტს, მას სხვა ინტერესები აქვს.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრი ჯგუფისგან გვესმის ნეიტრალიტეტის რიტორიკა. ამ ჯგუფებში შეიძლება იყვნენ ისინი, ვინც თვლიან, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს რუსული აგრესიისგან დაცვის გარანტიაა და - ისინიც, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, მაგრამ გამიზნულად ემსახურებიან ამ პროპაგანდის გავრცელებას. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინანდელი ისტორიაც ადასტურებს, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინასთან მიმართებით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც უკრაინამ უარი თქვა, ყოფილიყო ატომური იარაღის მფლობელი სახელმწიფო და აღნიშნული ხელშეკრულების გარანტორებად უდიდესი სახელმწიფოები გამოვიდნენ, მათ შორის - რუსეთიც. ამის მიუხედავად, ამ ხელშეკრულების ხელმომწერმა სხვა სახელმწიფოებმაც ვერაფერი დააკლეს რუსეთს. ამიტომ ექსპერტს ლოგიკური კითხვა უჩნდება, ჩვენი ქვეყნის დაცვის გარანტი იქნება კი ის ხელშეკრულება, რომლითაც უნდა მოხდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება?!
„ახლა არის ძალზე საინტერესო სიტუაცია, როცა საქართველოში შეიძლება განთავსდეს იმდენი ქვეყნის ფინანსური ინტერესი, რომ თავად შემდეგ ამ უზარმაზარმა ფინანსებმა შეძლონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროკავშირთან თავისუფალმა სავაჭრო სივრცემ საქართველოს მისცა ძალიან კარგი საშუალება, რომ რეალურად ვიქცეთ დიდი ფინანსური ნაკადების მომბილიზირებელ ცენტრად. ამ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია გადასახადის გარეშე გავა ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე. ჩვენ ამ ბაზრის სრულყოფილად ათვისების რესურსი არ გვაქვს, სამაგიეროდ, სწორედ ამ ხელშეკრულების შემდეგ გაასმაგდა საქართველოს მიმართ ჩინური, იაპონური, ირანული, შუა აზიის რესპუბლიკების და სხვათა კაპიტალის ინტერესი. ეს არის შანსი, როცა შეიძლება, თითოეული ამ ფინანსური გიგანტის კაპიტალი ჩაიდოს საქართველოში და შემდეგ ამ ფინანსებმა დაიცვას საკუთარი თავიც და საქართველოს უსაფრთხოებაც. ამ მოდელზე უნდა ვიფიქროთ და არა - ნეიტრალიტეტზე. ნეიტრალური სტატუსი შეიძლება, კიდევ უფრო შემაფერხებელი გახდეს ამ მოდელისთვის“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე და მიიჩნევს, რომ ეს პერსპექტივა სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველომ უარი თქვას ნატოზე და აღიაროს ნეიტრალიტეტი.