ყოფილ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, რომელსაც პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში, ათასობით ბიზნესმენის საჩივრის მიუხედავად, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია, დღეს უკვე, ადვოკატის ამპლუაში, იურიდიულ კომპანია MKD-თან ერთად (რომლის ერთ-ერთი პარტნიორია), „სამართლიანობის აღდგენისთვის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქართული ლუდის კომპანიის“ წინააღმდეგ, ვინმე, ლევან მაყაშვილის სახელით იბრძვის.
ვინმე მაყაშვილს, 7 წლის შემდეგ, რატომღაც, გაცხოველებული ინტერესი გაუჩნდა დაეწყო დავა მიწისთვის, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, მას არასოდეს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, საქმე საკმაოდ ხანდაზმულია, თუმცა მცხეთის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო „ქართული ლუდის კომპანიას“ (ზედაზნის ქარხანა), რომელიც 3000-ჯერ ძვირადაა შეფასებული, ვიდრე მაყაშვილის მიერ მოთხოვნილი მიწა. შედეგად, ბიზნესი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა - შეჩერდა ძვირადღირებული პროექტები, ჩაიშალა მოლაპარაკებები ინვესტიციებზე, უმუშევრად დარჩენა ემუქრება 4 ათასამდე ადამიანს.
როგორც ჩანს „ბერტას“ ისტორია მეორდება. ვის ინტერესებში შედის ეკონომიკურად წელში გატეხილ ქვეყანაში აწყობილი ბიზნესის განადგურება, ალბათ, მალე დავინახავთ, მანამდე კი მხოლოდ ეჭვები და ვარაუდებია, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები გამოთქვამენ.
ისეთი კვალიფიციური ადვოკატი, როგორიც კბილაშვილია, წესით, იმთავითვე წაგებისთვის განწირულ საქმეს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა სამგზის გასული აქვს, ხელს არ უნდა კიდებდეს, ამიტომ კომპანიის წარმომადგენლებს სწორედ ეს აღურავს ეჭვებს - „სამართლიანობის აღდგენისთვის“ დაწყებული მთელი ეს ბაკქანალია ემსახურება ორ რამეს: 1. კონკრეტული ადამიანის ინტერესის გატარებას, რომელსაც ბიზნესი ეწირება და 2. ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანის შურისძიება - 4 ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვება, რაც პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მიწის ისტორია
2007 წლის 11 მაისს, საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის კუთვნილი 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ცეკავშირის გამგეობის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. განმარტებისთვის - საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნების 100% ცეკავშირს ეკუთვნოდა.
იმავე წლის 22 მაისს (ანუ, სახელმწიფოსთვის მიწის გადაცემიდან 11 დღის შემდეგ), საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობის 100% წილი ცეკავშირისგან ლევან მაყაშვილმა 223 720 ლარად შეიძინა. აქ ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება - როგორც „ქართული ლუდის კომპანიის“ იურისტი ედიშერ ხიმშიაშვილი ამბობს, ხელშეკრულების მიხედვით, მაყაშვილს თანხა განვადებით, 2011 წლის სექტემბრამდე უნდა გადაეხადა. „თუმცა, საქმეში არსებული მასალებით და, ასევე, დამატებით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მაყაშვილის მხრიდან ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი“, - ამბობს ხიმშიაშვილი.
ლევან მაყაშვილმა საგურამოს ექსპერიმენტარული მეურნეობა, შეძენიდან ერთი თვის თავზე, ვინმე ნინო ყიფშიძეზე გაასხვისა. 7 წლის თავზე კი, ანუ, 2014 წელს ნინო ყიფშიძემ საგურამოს ექსპერიმანტარული მეურნეობის 100%-ანი წილი, უკანვე, უსასიყიდლოდ დაუბრუნა ლევან მაყაშვილს, თუმცა ამაზე ცოტა ქვევით.
აღნიშნული 15 ჰა მიწა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, 4 წლის შემდეგ, 2011 წლის 4 ივნისს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯამში, 24 587,9 ლარად სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ შეისყიდა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, 27 162 265 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
მიზანი და საშუალება
ხელისუფლების შეცვლიდან 3 წლის თავზე, 2015 წლის თებერვალში ასპარეზზე გამოდის ლევან მაყაშვილი, რომელსაც იურიდიულ მომსახურებას უწევს კომპანია MKD, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია არჩილ კბილაშვილი და სამართლებრივ დავას იწყებს „ქართული ლუდის კომპანიასთან“.
დავის საგანი არის 2007 წლის 11 მაისის აქტის (რომლის მიხედვით მოხდა ცეკავშირისგან მიწის გადაცემა ეკონომიკის სამინისტროსთვის) ბათილად ცნობა. საქმეში ძირითადი მოპასუხედ მითითებულია ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო „ქართული ლუდის კომპანია“, როგორ ქონების ახლანდელი მესაკუთრე, შუალედური რგოლია.
როგორც ედიშერ ხიმშიაშვილი ამბობს, მაყაშვილის მხრიდან დაწყებული დავა არის დაუსაბუთებული და, რაც მთავარია, ამ მიწის ნაკვეთის კანონიერებასთან დაკავშირებით, 2015 წლის თებერვლამდე მაყაშვილს არავითარი პრეტენზია არ ჰქონია. ამდენად, იურისტი მიიჩნევს, რომ მაყაშვილის უკან ამ მიწის ნაკვეთით დაინტერესებული კონკრეტული პირი დგას.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია დავასახელოთ ეს კონკრეტული პიროვნება ან პიროვნებები, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამთ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ლევან მაყაშვილს მოუმზადებლად არ დაუწყია ეს პროცესი. მან დაიქირავა საქართველოში ერთ-ერთი ძვირადღირებული იურისტების ჯგუფი, რომელთაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, ასეთი სამოქალაქო დავები რა უარყოფით შედეგს გამოიწვევს ბიზნესის განვითარებისათვის.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სასამართლოს როლი. სამწუხაროდ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოიყენა 3 000-ჯერ მეტი ღირებულების ქონება, ვიდრე ამას მოსარჩელე ითხოვდა. ამის შედეგად, კომპანიას შეუჩერდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც არა მარტო ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი.
აქვე იურისტი განმარტავს, რომ ლევან მაყაშვილს არ გააჩნია სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან მას არ გააჩნია და არც არასდროს გააჩნდა უფლება იმ ქონებაზე, რომელზეც დავობს. ხიმშიაშვილი, ასევე, ხაზს უსვამს ხანდაზმულობის ვადებს: „კანონი პირდაპირ საზღვრავს რა ვადებში შეიძლება განახორციელო კონკრეტული ქმედება და ეს არის 3 წელი. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ის, რასაც კანონი გვთავაზობს - ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება. სხვა ბერკეტები არ გაგვაჩია და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მოსარჩელე თავისი ნებით გაიხმობს სარჩელს. აშკარაა, რომ ეს ადამიანი გამიზნულად მოქმედებს და ამოფარებულია ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ნიღაბს და ცდილობს, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღოს რაღაცა ქონება. ლევან მაყაშვილს არ ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც დავობს და არ შეიძლებოდა მას აზრად მოსვლოდა თავში დაუსაბუთებელი დავის დაწყება. ამ საქმეს სჭირდება კარგი სამართლებრივი შეფასება და ამისთვის მას ძალიან კარგი იურიდიული კომპანია ჰყავს დაქირავებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ ხიმშიაშვილი.
რაც შეეხება ნინო ყიფშიძეს, რომელმაც მაყაშვილს 223 ათას-ლარიანი ქონება უფეშქაშა, „ქართული ლუდის კომპანიაში“ მის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე სვამს ბანალურ კითხვას - რა ინტერესი ამოძრავებს საკმაოდ კვალიფიციურ ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს, როდესაც სამმხრივად ხანდაზმულობის ვადაგასულ საქმეზე იწყებს დავას? - და იქვე პასუხობს - სახეზეა კარგად დაგეგმილი თაღლითური სქემა.
„არჩილ კბილაშვილი ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის ამოუხსნელია, ასეთი გამოცდილების ადვოკატი რატომ ჰკიდებს ხელს ისეთ საქმეს, რომელსაც სამმხრივად აქვს ხანდაზმულობის ვადა გასული. არჩილ კბილაშვილი, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის ასოცირდება დღევანდელ ხელისუფლებასთან, მსგავს საქმეს ჰკიდებს ხელს და დავას იწყებს იმ კომპანიასთან, აყადაღებს იმ კომპანიის ქონებას, სადაც დასაქმებულია 4 ათას ადამიანზე მეტი. ჩნდება კითხვა - რა ინტერესი აქვს არჩილ კბილაშვილს? ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
ფაქტია, რომ ქარხანა არის დაყადაღებული, დაყადაღებულ ქარხანას უჭირს საბანკო ვალდებულებების გადახდა. ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია რეინვესტირების განხორციელება. თუკი მიწა დაყადაღებულია, წარმოუდგენელია ინვესტორი შემოიყვანო ქარხანაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკმაოდ მძლავრი, მსოფლიოში პირველ ხუთეულში შესული ფინანსური კომპანია შემოდიოდა ინვესტიციით „ზედაზენში“ და მთლიანად, ჩვენთან ასოცირებულ ჰოლდინგში. რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, გრანტის სახით, კომპანიაში რჩებოდა ნახევარი მილიონი, საქმდებოდა დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანი. ამ ყველაფრის ფონზე კი ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა მიქაცაძე და დასძენს, რომ მათ ნინო ყიფშიძეზე ვერავითარი ინფორმაცი ვერ მოიპოვეს გარდა იმისა, რომ ამ საქმეში ფიგურირებს მისი სახელი და გვარი.
„ადამიანი, რომელიც ასეთ ძვირადღირებულ ქონებას უსასყიდლოდ ჩუქნის ლევან მაყაშვილს, მისი სახელი არც მეცენატებში და ქველმოქმედებს შორის არ გაჟღებეულა. სახეზეა კარგად დაგეგმილი და გამიზნული თაღლითური სქემა, მორიგი მცდელობა ლევან მაყაშვილის მხრიდან სხვისი ქონების ხელში ჩასაგდებად. ეს არის ჩემი ვარაუდი და ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ ამ საქმეში ბატონ ლევანს ადვოკატირებას უწევს ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული ადვოკატი, როგორიც არის არჩილ კბილაშვილი.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არ არის ზეწოლა ხელისუფლებზე. კბილაშვილის საქციელი არის ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანის საქციელი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადის დანაშაულს. თუკი 4 ათასი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, უკმაყოფილება ვის წინააღმდეგ გაიზრდება - ცეზარ ჩოჩელის, თუ ხელისუფლების მიმართ აგორდება უკმაყოფილების ტალღა? ეს, სწორედაც, რომ ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო მაქსიმალურად დგას ბიზნესის გვერდით და ცდილობს არ დაუშვას ბიზნენის შევიწროება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, რომლებსაც ჩვენ არ ვიცით რა ამოძრავებთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა მიქაცაძე.