...ის კი, თეთრი ვარდებით ხელში, მამიდ არიადნას სახლისაკენ გაეშურა, სადაც ცელქი კონჩეტინას ხათრით სტუმრები დაეპატიჟებინათ - კონჩეტინაობა დღე იყო. ლამაზ ქალაქში განა ბევრს ერქვა ეს სახელი, როინაობა დღეს კი თითქმის ყველა ქეიფობდა - ზოგი სად, ზოგი სად... უამრავი როზინა იყო. ახლა კი, კონჩტინაობა დღეს, მხოლოდ რჩულნი თუ მოხვდებოდნენ სახელგნთქმული კარრასკოების ჩამომავლებთან, ძველებური ჭურჭლითა და ავეჯით მორთულ სასტუმრო ოთახში სადაც მამიდა არიადნა უკანასკნელად ამოწმებდა დაპატიჟებულთა სიას იმის შიშით, რომ ვინმე ღირსეული მოქალაქე არ გამორჩენოდა...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
ნუუუ... ყველა ჩვენი ღირსეული მოქალაქე ნამდვილად იყო დაპატიჟებული კონჩეტინობაზე, თუ როგორც ახლა უწოდებენ - კონჩიტაობაზე. სხვა საქმეა, რომ ყველამ ვერ მოახერხა წასვლა. ზოგს ფული არ ქონდა (არც ახლა აქვს), ზოგს არ ქონდა ვიზა (არც ახლა აქვს და კარგა ხანს არც ექნება) და ა.შ. იყვნენ (და არიან) ისეთებიც, ფულიც რომ აქვთ, ვიზებსაც რომ ფლობენ და წასვლაც რომ უნდოდათ, მაგრამ ვერ მოიცალეს, რადგან იმდენად მოცლილები არიან, რომ, უბრალოდ, აღარ იციან რისთვის მოიცალონ. ზოგიერთი, თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით, რომ მიუსაჯო, კონჩიტაობაზე მაინც არ წავა, რადგან წვერ-ულვაშიანი ქალები ბიუსტჰალტერიანი კაცებისთვის დაგვითმია. და ამიტომაც, ჩვენ არ ვართ ღირსეული მოქალაქეები და, შესაბამისად, ჩვენი ადგილი არ არის იქ, სადაც გაუპარსავი ქალები ევრკაცობრიობის პარსვაში კლავენ დროს.
ჩვენში დარჩეს და, ადამიანის მოკვლა რომ ისჯება, დროის კვლაც დასჯადი უნდა იყოს. ეს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ეხება. აი, მაგათ დავსჯიდი იმის გამო, რომ თბილისი არ იკმარეს და მახათში ერთი რაღაცის გასაყრელად ვენას მიაშურეს. ისე კი, მე რისი დამსჯელი ვარ, ფული მე არ მაქვს და ვიზა. არმაგედონის ზანგს კი არც ერთი ჭირდება და არც მეორე. ჰაერშივე გააბარძგვალებს, სადმე, ბუდაპეშტის თავზე.
გასულ კვირაში თბილისელი ნაცების 30-კაციანი შემადგენლობა ბუდაპეშტში გაფრინდა ინტერპოლის შიშით ევროპაში მიმოფანტულ ნაცებთან შესახვედრად. ეს ისე, უცებ გამახსენდა, სხვთა შორის. სასხვათაშორისოები იქით იყოს, ჩვენში კი ის დარჩეს, რომ ევროვიზიის გამო დღეში რამდენჯერმე ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას: რა უფრო ცუდია, ევროვიზიაში რომ ვმონაწილეობთ, თუ ვუდსტოკში რომ არ ვმონაწილეობდით? ანუ, როგორც ჰამლეტი იტყოდა - „თუ ბი ორ იუთუბი?“
ეჰ, ვუდსტოკი... ოცდაორი წლის ჯო კოკერი და, შემდეგ, მრავალი წლის შემდეგ, My Fathers Son. აი ეს, ბოლო, სწორედ ის არის, რაც სააკაშვილს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია და არც მგონია, რომ დიდად წუხდეს. სამაგიეროდ... „ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 51 ქულა - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად არც-ერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების და საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. ამ გაუარესების ნეგატიური რეზულტატი კი თითოეულ მოქალაქეს შეეხო ორი დღის წინ რიგაში, როცა უარი გვითხრეს უვიზო მიმოსვლის მოცემაზე. ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ!“
ორი რამ ხდება პერმანენტულად - დასავლეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სააკაშვილი ადასტურებს, რომ იგი არის ის, რითაც ამ 47 წლისა და რამდენიმე თვის წინ თავად სააკაშვილი გააკეთეს. ჩემი თუ არ გჯერათ, ბოკერიას დაჯგუფებას შეეკითხეთ.
საერთოდ არ შევეხებოდი ვენაში გამართული კვერცხობის თემას, მაგრამ ანგარიშს ვუწევ იმ საზოგადოებას, სადაც ყურცქვიტაშვილს შეუძლია გადაფაროს ვაზაგაშვილი, ხოლო ვიზალიბერალიზაციაზე საუბრებს ევროვიზიაზე საუბრები ცვლის.
ვიზალიბერალიზაცია კი, დამეთანხმებით, მართლაც მთავარი იყო და რაც იყო, იყო. დღეს რა გვაქვს? დღეს გვაქვს... როგორ გითხრათ... აივანზე სიგარეტს რომ ეწევი, ოთახიდან ტელევიზორის ხმა რომ გესმის, თბილისში მოღრუბლულობააო და მერე რომ გესმის, ამინდის პროგნოზი თიკა გრძელფეხებაშვილმა გაგაცნოთო.
პროგნოზი არა ტოროლა!! პროგნოზი ის არის, მანამდე რომ იტყვი, როგორც თბილისში ჩამოსულმა ავსტრიის პრეზიდენტმა: „ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგაში უარყოფითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“. ეს იყო პროგნოზი, რომელიც არ გამართლდა. დაჯდა მეტი გოლი ჩვენ კარში, მეტი კუთხური ჩვენ კართან და მეტი გინება ჩვენ გასახდელში.
ხოლო ეს - „ნინო ბურჯანაძე: „მე არაფერს ველოდი რიგის სამიტიდან“ და ეს - „ალექსი პეტრიაშვილი: „ხელისუფლებას ევროკომისიამ საშემოდგომო გამოაყოლა“, არის ის რაზეც ზემოთ მოგახსენეთ - თიკა გრძელფეხებაშვილის მარიაჟობა ტელევიზორიდან.
„ვამბობდი, რომ რიგის სამიტზე არ იქნება არც ვიზალიბერალიზაცია და არც რაიმე წინსვლა ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამის გამო ლამის ანათემას გადამცეს და ყველაფერი ე.წ. ჩემს პრორუსულ პოლიტიკას მიაწერეს იმიტომ, რომ არავის უნდა მოისმინოს, მართალია არასასიამოვნო, მაგრამ რეალური ანალიზი“, - განაცხადა ბურჯანაძემ, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 7 ნოემბრის შემდეგ, უმტკიცებდნენ იმას, რასაც უმტკიცებდნენ და რასაც მხოლოდ საპარლამენტო სიების შედგენის შემდეგ მიხვდა.
აი, რა სავალალო შედეგების მომტანია, როცა თავში პოლიტიკური აზრები გაწუხებს, ლეიბის ქვეშ კი - ხორბლის მარცვალი.
„მე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ტექნიკურ მხარეს 100%-ით შეასრულებდა, რადგან ეს არ იყო ძნელი. მეგონა, რომ არ მივცემდით საბაბს ევროკავშირს, ტექნიკური მიზეზით გადაედო რაიმე სახის წინსვლის აღიარება“, - თქვა მაია ფანჯიკიძემ.
არ გეგონოთ, თითქოს მაია ფანჯიკიძეს ნიშნს ვუგებდე, „ეგ როგორ იფიქრე“ და რამე. უბრალოდ, მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ, ამ სიტყვებს - „მეგონა, რომ არ მივცემდით საბაბს ევროკავშირს“.
ევროკავშირი თუ საბაბს ეძებს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მაია, მაია... მაისი მაინც არ იყოს და დიპლომატი მაინც არ იყო, შე ქალო.
რა ვიცი, მაისია?
ესეც მაგარია - „თეა წულუკიანი: საქართველო რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლას არასოდეს ელოდა“.
კინაღამ დამავიწყდა. ავსტრიის პრეზიდენტის ნიუსი ნამდვილად ღირს იმად, რომ უფრო სრულად გავეცნოთ: „რიგაში არ იქნება მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს ბრძანა მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ტუსკმაც. ბოლო დღეს, ევროკავშირის 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის გადაწყდება, რამდენად კონკრეტული და მოცულობითია ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს უარმყოფელი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად უარს ეტყვის საქართველოს“.
მოკლედ, რიგაში დედას ნამდვილად არ გაგინებენ, არც კარგებს, კეთილებს და პატრონ-მყვარებელს, რომლებიც თვითონვე არიან. მხოლოდ მკვდარით და ცოცხალით შემოიფარგლებიანო.
როგორც გითხარით, გასულ კვირაში ავსტრიის პრეზიდენტი გვესტუმრა და ნიუსებიც ოხრად დაგვიტოვა, რომელთაგანაც ორს გამოვარჩევ: „პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჰაინც ფიშერის და მარგიტ ფიშერის პატივსაცემად სადილი გამართეს“ და „მაკა ჩიჩუამ ავსტრიის რესპუბლიკის პირველ ლედის ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა“. რადგან მასპინძლობაზე ჩამოვარდა საუბარი, ბარემ აქვე, „პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა“ და „პრეზიდენტმა ლიდერ ქალებს უმასპინძლა“.
არა, ის „ფინჯანი ჩაი“ რაღა იყო, მეორე ფინჯანი დაენანა თუ ჩაი არ ვარგოდა? მთელი ფული რეზიდენციის გათბობა-გაგრილება-განათებაზე იხარჯება და „გურიელის“ მეტი ვერ გაქაჩეს? მაკა ის გოგო არ არის, სტუმრისთვის ჩაი დაენანოს. ალბათ, ჩაის ხარისხი ვერ გაქაჩეს და, საერთოდ, მარგველაშვილის ხალხი რაღაც ვერ ქაჩავს. მაგალითად გასულ კვირაში იყო, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა რომ თქვა „ახლა არ არის საუკეთესო დრო ურთიერთბრალდებებისთვის, მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები“-ო.
ეგ რა მაგრად იციან ხოლმე, შეცდომებზე მიგითითებენ, დროს დაგიწუნებენ... ბარემ, თუ მაგარია, აბაშიშვილს ისიც ეთქვა, როდის არის საუკეთესო დრო ურთიერთბრალდებებისთვის - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ვაზის ყვავილობა, ნუშის ყვავილობა, ალუბლის ყვავილობა, ფოთოლცვენა თუ რა ვიცი კიდევ რა!
აბაშიშვილი ერთხელ მყავს ნანახი, „ჭაშნაგირში“ შემოვიდა, ხინკალს გეახლებოდით, ამ დროს გამომიწოდა ხელი გასაცნობად და კინაღამ ვუთხარი, ახლა არ არის საუკეთესო დრო გასაცნობად-მეთქი.
ყველაფერს ხომ მოფიქრება უნდა?! მაგალითად ამას: „თბილისში მინი-ფეხბურთში საზღვრის ერთიანი მართვის თასის გათამაშება გაიმართა“. ყანწი რომ გაეთამაშებინათ, კიდევ ჰო. ანაც ეს: „ენპარდის საკომუნიკაციო ჯგუფი აპირებს მხარი დაუჭიროს პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად“. ამ პროექტს მეც ვუჭერ მხარს, მაგრამ ქალაქელმა ქალებმა რა დააშავეს?
კიდევ ბევრი იყო, ძალიან სასაცილოებიც და ძალიან დამაფიქრებლებიც. სასაცილოებიდან ეს ამოვარჩიე: „საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე სპორტულ (სამეჯლისო) ცეკვებში 2015 წლის ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს, ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, აღნიშნული ჩემპიონატი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრია სპორტულ ცეკვებში“.
ხოლო ეს - „მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მოინახულა და მოძრავ ექსპოზიციას „ილია XXI საუკუნის ადამიანი“ გაეცნო“ - სასაცილოც არის და დამაფიქრებელიც.
მუზეუმების საერთაშორისო დღე რომ არა, ილიას სახლ-მუზეუმს ალბათ 100 წელი არ მოინახულებდნენ.
ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩახუტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატები, განურჩევლად ერისა, სქესისა, კანის ფერისა თუ პარტიულობისა, სხედან სხდომათა დარბაზში, ერთმანეთს ეხუტებიან და მტრედებივით ღუღუნებენ. ამ დაპირისპირებული პარტიების ურთიერთობას რომ ვაკვირდები, მაგათთვის ყოველი დღე ჩახუტების დღეა და, მართალი გითხრათ, ისევ ასე ჯობია. აბა, კოცნის საერთაშორისო დღე ჯობს? მაგათ ზასაობას რომელი ამომრჩევლის ნერვები გაუძლებს? ჩახუტებას კიდევ ვითმენთ. მეტი რა გზაა?! ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატია თბილისის საკრებულოში და მის შესახებ მართებულად აღნიშნა გუშინდელმა იუბილარმა, ზვიად გელაშვილმა - ალეკო ელისაშვილი ლარზე სწრაფად უფასურდებაო.
ეეე... ლარი სად იყო, ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე ერთად რომ უფასურდებოდნენ.
ორი ნიუსი უნდა გაახლოთ და მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ თავად იმსჯელეთ. პირველი ნიუსი ჩემმა მეგობარმა სააგენტომ 18 მაისის 17 საათსა და 25 წუთზე გაავრცელა, რასაც, იმავე დღეს,18 საათსა და 21 წუთზე მოყვა მეორე.
პირველი ნიუსი: „ზურაბ ადეიშვილი: „მე გავყიდე ჩემი სახლი საქართველოში. ჩემი ახლობლები იტანჯებიან იმის გამო, რომ ისინი სამშობლოში არ არიან“.
მეორე ნიუსი: „იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა“.
სწრაფი რეაგირება შემიძლიაო - წულუკიანმა უნდა თქვას.
რეაგირება, ანუ პასუხი. რაც შეეხება პასუხს და პასუხებს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა - „რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხები გვაქვს შოკებზე“.
ამ მთავრობას რა ვუთხარი, თორემ გიორგი ქადაგიძე ამდენი ხანი ციხეში, პარაშასთან უნდა იჯდეს და ტანსაცმელში მწერებს უნდა ითვლიდეს. იმასაც ვნახავდით, როგორი რეაგირება ექნებოდა არჩილ მესტვირიშვილს ქადაგიძის ტილებზე.
ნუუუ... ქადაგიძის კრისობები ძველი ამბავია. ქადაგიძე კი არა, ირაკლი ღარიბაშვილი გვირჩევს, სააკაშვილი წარსულია, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და ნუ საუბრობთ მასზეო.
მართალია ეს კაცი. აგერ, ინტერპოლმა დაივიწყა და ვითომ ჩვენ ვინ ვართ, რომ არ დავივიწყოთ? არადა, რას წარმოვიდგენდი, მაგის დავიწყებას თუ შევეცდებოდი? სულ მეგონა, რომ სერგო ორჯონიკიძე და მიხეილ სააკაშვილი ისევე არიან ჩვენი თანამედროვეები, როგორც იაკინთე ლისაშვილი და ლაშა ბუღაძე-მეთქი.
ეს ევროვიზიაც წარსულია, სხვა ვარსკვლავს, მომავალ ევროვიზიას ვსდიოთ და კრება თუ არა, ქელეხი ხომ მაინც დარჩება მხიარული?
აი, მხიარული კრების საუკეთესო მაგალითი: „საკრებულოში პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ განიხილეს“. როგორც ვხვდები, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 64 მუნიციპალიტეტიდან, თითოეულ მათგანში, სულ ცოტა, თითო ირაკლი ღლონტი გვეყოლება. აბა როგორ? ყველას უნდა კაი ცხოვრება და პაესტკები. ა, ბატონო - „საქართველოს პროფკავშირების თვმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი რიგაში საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა“ და
„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები თამარ ტალიაშვილი და გულიკო ზუმბაძე ბაქოში მე-3 მსოფლიო კულტურათაშორის ფორუმში მონაწილეობენ“.
ხმამაღლა ვაცხადებ: ვგმობ ყოველგვარ უსაქმურობას!!! ყოველგვარს!!!
ამ სიტყვას - „ყოველგვარს“ - იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ გასულ კვირაში ჩემმა მეგობარმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სახალხო დამცველი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელში ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევას გმობს“.
სახალხო დამცველისგან განსხვავებით, მე არა მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში, არამედ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და, მეტიც, მსოფლიოს ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ბავშვებზე განხორციელებულ ყველანაირ ძალადობას ვგმობ. რაც მთავარია, ამას ვაკეთებ ყოველგვარი გრანტის, ხელფასის, პრემიისა და დანამატის გარეშე.
აეგრე!!!
ხელნაწერთა ინსტიტუტის გაფიცულ თანამშრომლებზეც მინდოდა ერთი-ორი სიტყვის თქმა, მაგრამ დრო და სივრცე არ მყოფნის. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ხელნაწერებს არ უნდა იცავდნენ ძონძები და ის ხომ ყველამ ვიცით, ამ ძონძებში ვინც და რაც იმალება? და თუ დამალვაზე მიდგება საქმე, ვარაუდების გამოთქმაც შეიძლება. გასულ კვირაში აჭარის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ სამუზეუმო ექსპონატი უწოდა.
ნაციონალური მოძრაობის ადგილი დღეს ციხეშია, ხვალ - ისტორიის სანაგვეზე, მუზეუმში კი ფიროსმანი და კაკაბაძე გამოვფინოთ.
ღმერთმა არ ქნას და ნაციონალები რომ დაბრუნდნენ, ის მაღალჩინოსანი თავს გაიმართლებს, იმას ვგულისხმობდი, რომ მიშას ნაქონი კალმის ადგილი დეოკუპაციის მუზეუმშიაო.
ასეთი ტიპი შორს წავა... თუ ჩვენ თვითონ არ გავუშვებთ „შორს“.
და, ბოლოს ამ სტატიის სათაური, რომელიც ერთი ნიუსის წაკითხვისას მომივიდა თავში.
„არ დავმალავ, დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის დემურ დიასამიძის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.
მხოლოდ დაჟინებით რომ საქმე კეთდებოდეს...
ძველისძველი განცხადება მახსენდება - „ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით“.
რავი... ნახევარი საქართველო დაჟინებით უმზერდა ევროვიზიას, მაგრამ...
ბუასილისა არ იყოს, ევროვიზიაც ისეთი რამ არის, თვალი რომ უნდა აარიდო.
ე.დ. (ევროვიზიაც დამთავრდა) უბედნიერესი კონჩეტინა გულის ჭაბუკის მარცხენა მკლავს დაეყრდნო, მეორე ხელით კი ნეფეს საწოლ ოთახში ხორაგით სავსე კალათა მიჰქონდა. და როცა კარი მიიხურა, მამიდა არიადნამ თავში ფრთხილად შემოირტყა ხელი და წარმოთქვა: „ჰოი, განგებავ! ეს უპირუტყვესთაგანი - თვით დიდი ბენჯამინო კარრასკოს სარეცელზე!!“ ქორწილი დამთავრდა.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)