„სრული კოლაფსია გამოძიების სისტემაში, ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო იმის თქმა, რომ თქვენ არ გაქვთ სახელმწიფო“

„სრული კოლაფსია გამოძიების სისტემაში, ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო იმის თქმა, რომ თქვენ არ გაქვთ სახელმწიფო“

უჩა ნანუშვილი გახმაურებული საქმეების გასაჯაროვებას ითხოვს. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიების წარმოება აუცილებელია ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას კი გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს.

900 გვერდიანი ანგარიშის თანახმად, ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, ან სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე. ამის ერთ-ერთ მაგალითად ნანუაშვილი ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის გამოძიების გაჭიანურებას ასახელებს, რასაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა.

ეროსი კიწმარიშვილი, იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი - ამ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რა მოხდა ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის კვალი დაადასტურა, გამოძიება ისევ თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურამ ამ დრომდე ვერც დნმ-ის კვალის იდენტიფიცირება შეძლო.

გამოძიებამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაედგინა, ვინ შეუკვეთა პოლიციის თანამშრომელს, გია სოსანაშვილს, რომ სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილების საფლავზე მოეკლა იური ვაზაგაშვილი.

ვაზაგაშვილი და, მანანა ვაზაგაშვილი ფიქრობს, რომ მკვლელობის დამკვეთი საქართველოშია.

„იმედი მაქვს, გამოიძიებს პროკურატურა, ვინ არის მეორე პირი და ვინ დაუკვეთა მკვლელობა. მკვლელობის ერთი შემსრულებელი გია სოსანაშვილი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან იციან, რომ არ ლაპარაკობს. რაც შეეხება დამკვეთს, ვფიქრობ, რომ ის ალბათ, საქართველოშია“, - ამბობს მანანა ვაზაგაშვილი.

for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა განახორციელა სოსანაშვილმა სხვა პირებთან ერთად და აქედან გამომდინარე, გამოძიება გაგრძელდა სწორედ იმ მიმართულებით, რომ დადგინდეს სხვა პიროვნებებიც. მოსიაშვილის განცხადებით, საუბარია როგორც თანამონაწილეებზე, ასევე დამკვეთებზე.

„პროცესის მწარმოებელი ორგანოს მხრიდან ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მხოლოდ სოსანაშვილის ბრალეულობით არ შემოიფარგლება იური ვაზაგაშვილის მკველობის საქმე. რესურსი არსებობს საქმის მასალებში, რომ მოხდეს სხვა პირების დადგენა, რომლებიც ვაზაგაშვილის მკვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

კიწმარიშვილისგან და ვაზაგაშვილის მკვლელობისგან განსხვავებით, თვითმხილველი ჰყავს ბიზნესმენ ბესო ხარძინის მკვლელობის საქმეს. თვითმხილველი ბიზნესმენის მეუღლეა. როგორც ცნობილია, ხარძიანის მეუღლე სახლის აივანიზე იდგა, როდესაც ბიზნესმენს სახლის სადარბაზოში შეჰყვა დაქირავებული მკვლელი. გამოძიებისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ შავჩაფხუტიანი მამაკაცი შავი ფერის მოტოციკლით მოძრაობდა. პოლიციამ მოტოციკლი კეკელიძის ქუჩის კუთხეში იპოვა. არაოფიციალური ინფორმაციით მას კეკელიძის კუთხეში მანქანა ელოდებოდა.

გამოძიებისთვის არც ამ შემთხვევაში არ არის ცნობილი, ვინ არის მკვლელი და ვინ დამკვეთი. ასევე უცნობია მკვლელის მარშრუტიც. ინფორმაცია არ აქვს არც ადვოკატს. მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ეს დეტალები დაზარალებული მხარისთვის სრულყოფილად ხელმისაწვდომი გახდება მას შემდედ, რაც გამოძიება დასრულდება.

„გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მკვლელი არის ახალგაზრდა დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი. მინდა გითხრათ, რომ საქმეში არსებული მასალების და მტკიცებულებათა მიხედვით, რამდენიმე პირზე არ ყოფილა საუბარი. თვითმხილველები მიუთითებდნენ ერთ პირზე, ამ დროისთვის დასრულებულია მისი იდენტიფიცირება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მალხაზ სალაყაია.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში დიდი ხანია დამკვიდრდა გამოძიებაში საჯაროების პრინციპი, საქართველოში ეს საკითხი ისევ მთავარ პრობლემად რჩება. ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ამბობს, რომ ეს არის კონსტიტუციური და სამართლებრივი შეცდომა, რომელიც უხეშად დაუშვა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგს ახლაც ვიმკით. რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს და რა უშლის ხელს გამოძიებას, რომ საქმე სასამართლოში წარმართოს, მეფარიშვილი ამის მიზეზად გამოძიების დაბალ ხარსისხს ასახელებს, რომელიც ყოველდღე იკლებს.

„უმძიმესი მდგომარეობაა გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით. გამოძიების ხარისხი ყოველ დღე იკლებს, რაც ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება. დღეს გამომძიებელი პრაქტიკულად არ არსებობს, განადგურებულია. თუ სახელმწიფომ ამას ყურადღება არ მიაქცია, შედეგი უფრო მძიმე გვექნება. არ სჭირდება ამას ე.წ. რეფორმები, რომელიც ყველას ამოუვიდა კისერში. 25 წელია მიდის რეფორმები და კონკრეტულ შედეგებს ვერსად ვერ მივაღწიეთ. საჭიროა გააზრებული კანონმდებლობა, პოლიტიკური ნება და პროფესიონალიზმი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილი.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სრული კოლაფსია გამოძიების სისტემაში, რის შედეგადაც გათავხედდა დამნაშავეთა სამყარო. მისივე თქმით, პროკურატურა შეთანხმებულად მუშაობს ამ დამნაშავეთა სამყაროსთან და სრულიად ფორმალურია ის მიდგომა, რომ ქურდულ სამყაროს ებრძვიან. იურისტი ამბობს, რომ ქურდებს იყენებენ როცა სჭირდება და როცა არ სჭირდებათ სვამენ ციხეში.

„ამდენი წელია პროკურატურა ხელფასს იღებს და ეჭვი მაქვს, რომ საკამოდ გაზრდილ ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის საფასურს რას აკეთებენ, ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, რომ გამოძიებას ძალიან კარგად ხელმძღვანელობენ, ადგენენ დამნაშავეებს და ვერც იმას ვხედავთ, რომ სასამართლოში იგებდნენ პროცესებს. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოში აგებენ პროცესებს. მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებზე გამოდის გამამართლებელი განაჩენი და იმის ნაცვლად, რომ ეს წარუმატებელი პროკურორები სახლში მაინც გაუშვან, არაფერს ვამბობ პასუხისმგებლობაზე, პირიქით, ისინი დაწინაურებული აგრძელებენ მუშაობას“, - აცხადებს მუხაშავრია.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ სახელმწიფო შედგეს, სისტემას სჭირდება სასწრაფო და გადაუდებელი რეფორემა.

„სრული კოლაფსია გამოძიების სისტემაში, ეს კოლაფსი გრძელდება და ამ კოლაფსის შედეგია ის, რომ გათავხედდა დამნაშავეთა სამყარო. ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო იმის თქმა, რომ თქვენ არ გყავთ სახელმწიფო, არ გაქვთ საგამოძიებო ორგანოები, აი ჩვენ ასეთი საშინელი ფორმით გავუსწორდებით ვაზაგაშვილს, მოვკლავთ და შეგვრჩება.

ის, რომ აღმსრულებელი დააკავეს, ეს არაფერს არ ნიშნავს. მე მაინტერებს ვინ დაიქირავა, სად არის გამოძიება! თვეებია ეს კაცი დაკავებული ჰყავთ და რატომ არ იციან დღემდე ვინ დაუკვეთა მას მკველობა?! მკველი დაკავებული ჰყავთ და ამ დროს არ იციან ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი. მეჩვენება, რომ პროკურატურა ძალიან კარგად შეთანხმებულად მუშაობს ამ დამნაშავეთა სამყაროსთან და სრულაიდ ფორმალურია ის მიდგომა, რომ ქურდულ სამყაროს ებრძვიან. პირიქით, როცა სჭირდებათ ქურდებს იყენებენ და როცა არ სჭირდებათ სვამენ ციხეში. ვიდრე არ გვექნება გამოძიება, ვერ ვილაპარაკებთ, რომ გვაქვს სახელმწიფო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

პროკურორთა კორპუსს უპირისპირდება იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს პროკურორთა კორპუსი დიდი კომპეტენტურობით არ გამოირჩევა. მინისტრმა გადაცემა „20 30“-ის ეთერში აღნიშნა, რომ პროკურორებს წინა მთავრობების დროს სჭირდებოდათ ერთადერთი რამ - ადამიანების მოყვანა და ციხეში ჩასმა.

„პროკურატორის ორგანოებში არაერთი პროფესიონალია, მაგრამ, ნუ ეწყინება ნურავის, დღეს პროკურორთა კორპუსი დიდი კომპეტენტურობით არ გამოირჩევა. იმიტომ კი არა, რომ მათ თეორიული ცოდნა აკლიათ, არამედ უმრავლესობამ ამ ადამიანებისა არაერთი მთავრობის, და ძირითადათ წინა მთავრობის ხელში გაიარა დიდი წნეხის ქვეშ და მათ რეალურად არ ჰქონდათ თავისუფალი სასამართლო. ისინი მიჩვეულნი იყვნენ, რომ პატარა დიქტატორებივით მივიდოდნენ სასამართლოში, დაჯდებოდნენ, არც არაფერს ასაბუთებდნენ და იცოდნენ, რომ მოსამართლე ბრმად გაიზიარებდა, რასაც პროკურორი ამბობდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.