ტყუპი ძმები არველაძეები ჩინებული ფეხბურთელები გახლდნენ. ისინი მობურთალთა იმ კატეგორიასაც მიეკუთვნებოდნენ რომლებიც იუმორის გრძნობასთან „დაახლოებულნი“ არიან და ათასი სახალისო ისტორიის მოყოლა ძალიან უყვართ.
დღევანდელი „ისტორიების“ მთავარი გმირი არჩილ არველაძე იქნება, რომელიც რამდენიმე „შემთხვევას“ გაიხსენებს. თავდაპირველად თურქეთში გადავინაცვლოთ და ტყუპების იმდროინდელი „თავგადასავლებიდან“ ერთ-ერთს „გავეცნოთ“.
„რეზის თურქები გამორჩეულად დიდ პატივს სცემდნენ, მარტო იმიტომ კი არა, რომ მართლაც შესანიშნავად თამაშობდა, არამედ, იმიტომაც, რომ რეზი „რიჟა“ იყო და ამ შავ-შავ თურქებს მოიწინააღმდეგე გუნდთან შეჯიბრის დროს თილისმად მიაჩნდათ – ეს გვიხსნის „შაითანისგანო“. არ იფიქროთ, რომ რეზი მხოლოდ თურქებს „აოცებდა“, ერთხელ ქუთაისშიც კი, ქუთათურმა გასახმობენიანმა, მეორე იარუსიდან დაუყვირა: ე ბიჭო, არ წეიქცე, სიმონ და თავი არ დაჰკრა მინდორზე, პაჟარი არ გაგვიჩნდეს აქანა, არ ამოგვბუგო მთელი ქუთეისიო.
შოთიც პატიოსნად თამაშობდა და მეც. ნელ-ნელა შევუდექით თურქული ენის შესწავლას.
კიჭა (მამაჩვენი) ჩამობრძანდა – ვნახო, ერთი, რას აკეთებენ ეს ჩემი შვილები ამ მუსლიმანურ იმპერიაშიო. ჩვენც, მამის მომავალი სიამაყეები, მთელი ღირსებით დავხვდით და, ჩვენი იუმორით და „ღადაობით“ განთქმული მამა ერთ პრესტიჟულ რესტორანში დავპატიჟეთ.
მადლიერმა ძეებმა მდიდრული სუფრა შევუკვეთეთ ღვაწლმოსილი მამის პატივსაცემად.
ეს ასეა, მაგრამ, თურქული ისე ვიცით, როგორც რუსულად იცის ვიღაცამ – „ტვაია-მაიას“ რომ ვერ არჩევს.
მწვადი და ქაბაბი ოფიციანტს ადვილად ავუხსნით უბრალო ხელის მოძრაობით: საჩვენებელ თითს შემოვაჭვდეთ მეორე ხელის საჩვენებლისა და ცერის შეერთებით გაკეთებული „რგოლი“ და გავუყარეთ შიგ; ქაბაბიც არ გაგვჭირვებია – ეს საიდუმლოდ დარჩეს.
მოკლედ, კარგად ვისიამოვნეთ. კიჭა მამიკოც კმაყოფილია. თურქეთი აზიური ქვეყანაა, მაგრამ, ევროპულს აწვება და, ასეც რომ არ იყოს, „ლანჩის“ შემდეგ ყავა აუცილებელია.
აქ გავიჭედეთ: არ გინდა, ყავა აუხსნა?!
რეზიმ თქვა, მე მაცადეთო და მიმტანს მიმიკით აჩვენებს: ჯერ ვითომ ფინჯანი გააკეთა, მერე პირთან მიიდო ხელი და – „სრუუპ“ – უთხრა.
– თამამ, თამამ (კიო)! – „მიხვდა“ მიმტანი და ორ წუთში ცარიელი, სუფთა ჭიქა მოგვიტანა.
– მაცალე კაცო, მე მაცალეო – შოთიმ და ახლა თვითონ აუხსნა დაახლოებით ისევე, ოღონდ, თვალები მილულა – ვითომ ყავა ძილს გვრისო...
– თამამ, თამამ! – გამხიარულდა თურქი მიმტანი და გაქრა.
არ გასულა სამი წუთი და – ატლასის სარჩულიანი ბალიში მოართვა შოთის.
შემოგვეყარა გულზე.
– კოფეე! – როგორც ყოველთვის, ისევ მშობელმა მამამ გვიხსნა.
ეგრე, თქვე კაი ხალხოო და, რომ უნდა გაიქცეს მოსატანად, უცებ, კიჭამ (მამაჩვენმა) შეაჩერა:
– ბიჭო, მე რძიანი ყავა მინდა... რძიანი.
– აუუუ! – აღმოგვხვდა სამ ძმას სამ ხმაში.
არ გინდა, ახლა, რძიანი გააგებინო ამ შტერ კაცს?!
და, წავიდა:
– ბეე! ბეე! – ოთხზე დადგა რეზი – ბეე! მწპუ, მწპუ!
თურქს შევატყვეთ, რომ ტემპერატურამ და წნევამ ერთად აუწია, მაგრამ, ვერაფერი გაიგო.
ისევ რეზიმ გამოიდო თავი და კომამდე მისულ ოფიციანტს „დაკვირვებით“ უხსნის: – აი, – მოამრგვალა ორივე ხელი და ქალის ძუძუების იმიტაცია გააკეთა მკერდთან, – მწუ! გეიგე, კაცო? მწუ – ძუუ, ძუძუ...
თურქმა მაინც ვერაფერი გაიგო და გული გადაიღეღა – აგერ, ბატონო, ძუძუო...
– მაცალეთ თქვენ, კაცო, მაცალეთ! არ იცით და გაჩერდით! – გააქტიურდა კიჭა, მოამრგვალა ხელი, მერე ორი თითი ასწია (ორი ძუძუო), – შხრრრ... შხრრრ... თამამ?
– თამამ, თამამ! – აშკარად გაუხარდა თურქ მიმტანს და გაიქცა შეკვეთილის მოსატანად.
– ასე ვიცი მე, თქვე უნიათებო, ვერ უნდა გააგებინოთ კაცს ადამიანურად? – დაგვამუნათა მშობელმა ძმები.
ამასობაში მორბის თურქი სინით ხელში და... სინზე დადებული ორი ლიმონი მოაცუნცულა.
კიჭას პირი გაუშრა:
– შე შობელძაღლო! – ქართულად შეუყვირა თურქს იხტიბარწამხდარმა, – ამჟავებული რძით გაგზარდა დედაშენმა? თფუ! ესაა რძე, შე უპატრონო?!“
სანამ ძმები პოპულარული ფეხბურთელები გახდებოდნენ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „მოსწავლეობის“ მძიმე ტვირთს ზიდავდნენ…
„ის პერიოდია, სამივე ძმა რომ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით.
რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთთან მაგ დროს არანაირი შეხება არ გვქონდა, თუმცა, ჩვენს ტოლებში, ანუ „პატარა“ ფეხბურთში, პელეები თუ არა, მარადონები კი ვიყავით.
შუადღეა და სკოლიდან სახლში მოვდივართ სამივე. ერთი კორპუსის წინ, მინიმოედანზე, ბიჭებს ფეხბურთი გაუჩაღებიათ. დაგვაინტერესა, გავჩერდით და ვუყურებთ.
ცოტა შენიშვნა-შესწორება შევკადრეთ ტაქტიკური თვალსაზრისით.
იუკადრისეს.
– თქვენ თუ მაგრები ხართ, ათ-ათწუთიანი ვითამაშოთ სამი სამზეო, – შემოგვთავაზა ერთ-ერთმა.
ვეკვეთეთ ერთმანეთს სამი სამზე. პირველი ათწუთიანი 1:0 მოგვიგეს, მეორე – 3:0.
– სლაბები ყოფილხართ, ძმაოო, – შევეცოდეთ.
ჩვენ ვითომ გავბრაზდით. „პროსტო,“ გაგიმართლათო, – ვუთხარით.
– ერთი ამათ უყურეთო, – ახლა ისინი გაბრაზდნენ, – ხმასაც იღებენო.
– ეე, – თქვა ერთმა, – თქვენთან „ხალასტოიზე“ თამაში ბეზინტერესნია, თუ გინდათ, 10-10 მანეთზე ვითამაშოთ „მაზიანიო“.
ჩვენი იდუმალი ჩანაფიქრი მიზანში მოხვდა.
პირველი 15 წუთი 0:0 დამთავრდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და, ე, მაშინ კი ავიწყვიტეთ სამივემ. გიტარასავით აწყობილი „კლასიკა“ დავატრიალეთ და მეორე წუთზე 1:0 ვიგებთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის თამაში დამაჯერებლად, 6:1 მოვიგეთ, პო-თუმან-თუმან ჩავიჯიბეთ, ტანსაცმელი შევიფერთხ-შემოვისუფთავეთ და წასვლას ვაპირებთ.
„მელეხი“ ხალხის შვილები აღმოჩნდნენ:
– მოიცა, არ წახვიდეთ... მოდით, ახლა 20-20 მანეთზე ვითამაშოთ, ძმაო, გაქცევა რა საკადრისიაო.
– 20-იანს წავაგებთ! – „შეგვეშინდა“ ჩვენ.
როგორც იქნა, დაგვიყოლიეს.
დავდეთ 20-20 ლარი თითომ.
პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ ძმებმა.
„მელეხის“ შვილებმა წაგებული თანხა ამოღებულად ჩათვალეს. მეტი მოინდომეს და მეორე ტაიმის წინ „სტავკა“ გაზარდეს.
– 30-30 მანეთი!
– კარგი, ვიცი, არ შეგვარჩენთ და ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, – ვუთხარით და დავამატეთ 10-10 ლარი თითომ.
დაიწყო მეორე ტაიმი და ისევ ავიწყვიტეთ.
დაგვდევენ საცოდავად ენაგადმოგდებულები და ოფლში ცურავენ, მაგრამ ჩვენი გაჩერება უკვე აღარც „ბაიერნს“ შეეძლო და აღარც „ბარსელონას“.
ისევ 4:1 მოვიგეთ და 40-40 მანეთი ჯიბეში გვაქვს – სუფთა მოგება.
– თქვენ ვინ ყოფილხართო, – ცოტა „ვზროსლები“ ჩაერთნენ საქმეში, – მოდი, ჩვენ გვეთამაშეთ 30-30 ლარზეო.
„ვზროსლებთან“ თამაში გაცილებით იოლი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ (ინტერესი რომ გაღვივებოდათ), მეორე ტაიმში კი ისევ ამოქმედდა ჩვენი „ხმაშეწყობილი“ ალიანსი. 5:2 მოვიგეთ და – 70-70 მანეთი სუფთა მოგება ჯიბეშია.
როგორ წამოგვაბნელდა, არ გაგვიგია. სანამ ბურთი ჩანდა სიბნელეში, თავი არ დაგვიზოგავს და...
ამ დროს კი ჩვენს სახლში თურმე განგაშია.
დედაჩვენს უთქვამს მამაჩვენისთვის – ვიღუპებით, ბიჭები არ ჩანან, წადი, კაცო, მიდექ-მოდექი, მამა ხარ, მოძებნეო.
ჩამჯდარა კიჭა მანქანაში და გამოუყვა თურმე სკოლის გზას უმარტივესი მარშრუტით.
ფარების შუქზე დავეჩითეთ სამივე – დაღლილები, მაგრამ, შესანიშნავ ხასიათზე ვართ.
– აიტ, თქვე ყურუმსაღებო! – გვიყვირა, მაგრამ, სიხარულზე მეტი აღარ გაუტ...ბია და – ჩეეგდეთ მანქანაშიო...
ჩავსხედით.
– აბა, სად ბრძანდებოდით, ლოთობა დაიწყეთ? – განაგრძო მანქანაში ჩვენი დატუქსვა.
ჩვენ, როგორც პატიოსანმა ბიჭებმა, ყველაფერი შეუფერადებლად ვუამბეთ – 70-70 მანეთი მოვიგეთ შრომით და პატიოსნადო.
– ფულზე ითამაშეთ, ხომ? ფულზე? ყოჩაღ, ბიჭო!
ჩავქინდრეთ თავები.
– მეტს აღარ ვიზამთ... – ამოილუღლუღა რეზიმ, – აღარ დავაგვიანებთ სახლში მოსვლას...
– რაო, რა ბრძანე? – ირონიად იქცა კიჭა.
– აღარ ვითამაშებთ მეტჯერ ფულზე.
– ეგ მეორედ აღარ გამაგონო! – გადაირია მამა, – რას ჰქვია, აღარ ითამაშებთ! აღარ ითამაშებთ კი არა, რა გეჩქარებათ ამ სახლში! სახლში რა გინდათ შუადღეზე! 70 მანეთს მე ხელფასს არ მაძლევენ თვეში. მიდი, კაცო, ითამაშეთ... ეგ კი არა, იმ მოედანზე კაი პროჟექტორს მოგიტანთ, მაგრად რო ანათებს – ისეთს... დროა, ცხოვრება ისწავლოთ, პატარები კი აღარ ხართ! თქვენი დახეული ფეხსაცმელების ყიდვას ვეღარ ავუდივარ, ბურთებს რომ თავი გავანებოთ“.