ჯარისკაცი გურამ ფირცხალავა

ჯარისკაცი გურამ ფირცხალავა

დღეს კვირაა და ტრადიციულად მორიგ სახალისო ისტორიებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები პოპულარული ქართველი ხელოვანები იქნებიან და ვებ-გვერდის მკითხველებისთვის რამდენიმე „საინტერესო ისტორიას“ გაიხსენებენ.

ნება მომეცით თავდაპირველად სიტყვა ბატონ გურამ ფირცხალავას მივცე. ბატონი გურამი ახალგაზრდობაში ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა ..

„ავედი სათვალთვალო თუ საყარაულო კოშკურაზე. მიჭირავს ჩემზე გაპიროვნებული ავტომატი და ვოცნებობ: „რა იქნება, ახლა დაიწყოს ომი, შემოვიდეს მტერი, აგერ არ მაქვს ავტომატი (იარაღი დიდი იმედია, საერთოდ), ავტომატიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია!“ ამ ფიქრებში რომ ვარ მე უბედური, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და, არ განათდა ამ უკუნ ღამეში მთელი ცა?! ნათდება და ციმციმებს თვალის საწიერზე.

„აუუ! გურამჩიკ! მტერი მოდის!“

„მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები –  გმირობა რო მინდა, მიშველე გიშველის?

არადა, ანათებს და ანათებს მთელი ცა...

ცოტა კი შევშინდისავით...

რაღა ვქნა ახლა?

ავტომატი – კი, მაგრამ, ვის ვესროლო, რომ არავინ ჩანს?!

საერთოდ, ნადირობის ტრფიალი გახლდით. თავის დროზე სურების ტყეში დათვისთვისაც მისვრია; არ მოხვედრია, მაგრამ მაინც ეწყინა...  თუმცა, ის დათვი ჩემს თვალში მაინც მკვდარია.

ის კი იყო დათვი, მაგრამ, ახლა ვის ვესროლო, კაცო, ცას?! გუმანი მეუბნება, რომ ამერიკელი იმპერიალისტები დაგვესხნენ თავს...

ჩამოვცოცდი კოშკურიდან და ვეცი ოპერატიულ ტელეფონს. უფრო განათდა და განათდა ცა... გადავირიე.

– ალო, ალო!

ყურმილი „კომბატმა“ აიღო.

– ჩტო ტაკოე, კაცო? – მეკითხება „კომბატი“ ნამძინარევი, მშვიდი, მოთენთილი ხმით.

– რა ჩტო ტაკოე, ჩტო ტაკოეს დროა ახლა? – გადავირიე მეგრულად. – ტავარიშ სინიაევსკი („კომბატის“ გვარია), ნებო გარიტ! ნებო გარიტ (ხლებ გარიტო – გიორგი მახარაშვილი რომ ყვიროდა, ისე)! – ჩავძახე ყურმილს.

– კაკოე ნებო, ბლიად?! – შეშინდა „კომბატი“.

– ნაშა, სავეტსკი... გარიტ! კაკ დეისტვოვატ?

ყურმილის იქითა მხრიდან მხიარული ხარხარი მომესმა.

ვიცი ახლა, რომ „კომბატი“ ამ მოულოდნელი ამბით შოკში ჩავარდა და ნერვიული სიცილი დაეწყო...

– და... და... გარიტ!

ისევ ხარხარი:

– ეხ, გრუზინ, გრუზინ... ტი ვ შკოლე ხოდილ?

– რის შკოლა, რა შკოლა, ტავარიშ ნაჩალნიკ... ვრაგ ნა გრანიცე!

– ოი, სმეშნოი ტი... – ისევ ხარხარებს ის კაცი, – ეტო ჟე სევერნოე სიანიე („ჩრდილოეთის ციალი“ – გამახსენდა სკოლაში ნასწავლი)... მაგრამ, სად სკოლის შავ-თეთრი ფურცელი და, სად – „ცეცხლწაკიდებული“ ცა!

მოკლედ, პირველი „ფიასკო“ ვიგემე. დაიკარგა გმირობის აშკარა შანსი.

ახლა მიკვირს:

თუ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს უმაღლეს სასჯელს უსჯიან, გმირობის მცდელობისთვის რატომ არ უნდა მისცენ გმირობა? მაგრამ, რას იზამ, „პატარა კაცსა დიდ კაცთან („კომბატთან”) როდის გასვლია მართალი?“

ბატონი გურამის შემდეგ ესტაფეტას ბატონ ზურაბ ქაფიანიძესთან გადავალ რომელიც ერთ შემთხვევას გაიხსენებს. ერთხელ მსახიობი ვახტანგ ნინუა ავად ფახდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა... ალბათ უმჯობესია თხრობა ზურაბ ქაფიანიძემ გააგრძელოს.

„ეზოდან მივდივარ მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელთან. ფანჯრიდან ეზოს გადმოსჩერებია ბატონი ვახტანგი და მეძახის:

– მოდი აქ შენ, მოდი!

– რა იყო, ბატონო ვახტანგ?

– რა იყო და რა ძმაკაცებიცა გყავს, მოგიყვები. კინაღამ მომკლეს შენმა ძმაკაცებმა. ხალხი ხართ თქვენ?

– ბატონო ვახტანგ, ძმაკაცებს ჩემთვის არაფერი უთქვამთ!

– სირცხვილით როგორ გეტყოდნენ, ბიჭო, იმ საქციელს, რაც მათ ჩაიდინეს!

– ვისზეა ლაპარაკი?

– ვისზეა და, თენგიზ არჩვაძეზე და ზურაბ ლაფერაძეზე – შენი ძმაკაცები ხომ არიან? კარგ ბიჭებად რომ მოგაქვთ თავი, რას ჰგავხართ, თქვე უპატრონოებო?

ფანჯრიდან მსახიობებმა გადმოყვეს თავები, ეზოშიც მოგროვდა ნაწილი – ყველას ჭინკები დასთამაშებს სახეზე, უყურებენ სეირს. მე ძმაკაცებიანად მიწასთან მასწორებენ.

– რა იყო, რა ქნეს ასეთი?

– რა და, საავადმყოფოში მოვიდნენ სანახავად. საგანგებო ოთახში ვიწექი შლანგებზე მიერთებული. გვერდზე გადაბრუნება რა არის, ის არ შემიძლია, ვერ ვინძრევი! მერე შემოვიდნენ შენი ძმაკაცები. რა იქნებიან შენი ძმაკაცები? – მხეცები და ნადირები! კი არ მკითხეს, როგორა ხარო? გამარჯობაც არ უთქვამთ, სასმელს დაუწყეს ძებნა და ნახეს ორი ბოთლი ღვინო, წამლად მასმევდნენ კოვზით, მიხდებოდა. ნახეს ჭიქაც, დასხდნენ და დაიწყეს დალევა. ღვინო რომ მოამთავრეს, კარადაში შეძვრნენ, კიდევ დაიწყეს ძებნა. კონიაკი ნახეს, ისიც გამოიღეს და დაიწყეს სმა. მე ვწევარ გაჭიმული გაუნძრევლად. სადღეგრძელო მაინც მითხრან. არა, ვინ გელაპარაკება?! დაამთავრეს ეს კონიაკიც, მერე ერთი ერთი მხრიდან მოადგა ჩემს საწოლს, მეორე – მეორე მხრიდან და ლეიბქვეშ დაიწყეს ხელების ფათური – რაღაცას ეძებენ. მე ვფართხალებ ლოგინზე – მაგდებენ რა, ლოგინიდან.

– მიშველეთ! – ვყვირი, მაგრამ, არავინ ჩანს. ექიმმა შემოიხედა, ამათი სიფათები რომ დაინახა, გაიღიმა და უკან გაბრუნდა.

– რა გინდათ, რას ეძებთ?

მე არ მელაპარაკებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან – ეს ისეთი ვინმეა, მნახველებისგან ფულიც ექნებაო. გაწამაწიაში მყოფმა ძლივს გავაჩერე – მაქვს ფული, მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთ. მანდ არ არის, სადაც ეძებთ, აგერ არის, თავქვეშ, ასწიეთ ბალიში და დაინახავთ-მეთქი. ასწიეს ბალიში, თავი გადამაგდებინეს, ორმოცდაათი მანეთი ნახეს და წავიდნენ – კარგად იყავიო. ისიც არ უკითხავთ, როგორ მიდის მკურნალობა, როდის გამოხვალო – აპა, აპ, აპ, აპ, მსგავსი არაფერი! აი, შენი ძმაკაცები რა მნახველები არიან. თქვენ ხომ ადამიანები არა ხართ, თქვენ მხეცები და ნადირები ხართ!”

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კიდევ ერთ „სალაღობო ამბავს“ „გაგაცნობთ“.

საშა ჩხეიძეს ერთი უიღბლო მონადირე მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ან სროლა არ ეხერხებოდა ან ღმერთი არ სწყალობდა. ერთ-ერთი ნადირობისას მონადირეებმა დასცეს ბანაკი და მეგობრები კურდღელზე სანადიროდ მიმოიფანტნენ. საშა ჩხეიძეს სწორედ ეს მეგობარი აეკიდა და უკან გაჰყვა. ერთ ადგილას ბილიკი ორად იყოფოდა. მეგობრები სხვადასხვა მხარეს წავიდნენ და დათქვეს, რომ ისევ გზის ამ გასაყართან შეხვედრილიყვნენ. საშამ მოკლა ორი კურდღელი და შეხვედრის ადგილს მიაშურა, მეგობარი არ ჩანდა.

ცოტა ხნის მერე საშა დაბრუნდა ბანაკში მხოლოდ ერთი კურდღლით. გავიდა ხანი და მოდის ის უიღბლო მეგობარი, ჩანთაზე გადაკიდებული დიდი კურდღლით. დაქანცული სახით, ამაყად დააგდო კურდღელი მეგობრების თვალწინ და დაიწყო მოყოლა, თუ რამდენი სერი გადაირბინა, რამდენი სდია და როგორი შორი მანძილიდან გააგორა ეს კურდღელი. საშა ზის ჩუმად და ულვაშებში ეღიმება. რომ დაამთავრა მოყოლა, საშა ეუბნება იმ ბაქიბუქა მონადირეს:

– კაცო, ერთი შეხედე მაგ უბედურს, უკან რაღაც ქაღალდი აქვს გარჭობილი.

ეცნენ სხვა მონადირეები და კურდღლის უკანალიდან (არა, ისე შეუმჩნევლად, ახლანდელი პოლიცია რომ უდებს ჯიბეში „დამნაშავეს“ არარსებულ ნარკოტიკებს) ყველას თვალწინ გამოიღეს ქაღალდი, რომელზედაც ეწერა:

„მე მომკლა საშა ჩხეიძემ“.

ბანაკში ატყდა ერთი ამბავი. ტრაბახა მონადირემ დაავლო ხელი თოფს და საშას გამოეკიდა. მერე საშა ჩხეიძე ამ ამბავს ბებიას რომ უყვებოდა, სიცილით ამატებდა:

– მე გავიქეცი, შარს მოვერიდე! გიჟის თვალებით მომსდევდა, ორჯერ მესროლა. ამხელა კაცს დამაცილა და ეგ რა კურდღლის მომკვლელი იყოო.