სპეცრაზმელები ბრალს აღიარებენ

სპეცრაზმელები ბრალს აღიარებენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელების მიმართ, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებად გამოყო პროკურატურამ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება ან განრიდება გაფორმდეს. საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხდებს, რომ ბრალდებულებთან ამ ეტაპზე მსგავსი შეთავაზება არ არსებობს და შესაბამისად, ბრალდებულების პოზიციაც უცნობია. მისივე განცხადებით, რიგითი სპეცრაზმელები პოზიციებს საქმის არსებით განხილვაზე წარმოადგენენ.

არაოფიცილაური ინფორმაციით, დაკავებული სპეცრაზმელები დანაშაულს აღიარებენ. დაცვის მხარე ახლა სწორედ ამ საკითხს არკვევს და კონკრეტულად ბრალდების მხარის გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

შსს-ს მაღალჩინოსნების ადვოკატი, დავით ხაჟალია ამბობს, რომ კანონში უამრავი ნორმაა, რაც საშუალებას აძლევს ბრალდების მხარეს, გარკვეული სვლა გააკეთოს და დაცვის მხარეც რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობს.

„ამ ვარიანტებს ჯერ ჩვენთვის შევინახავთ, დავაკვირდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს პროკურატურა. რაღაც რომ აქვს დაგეგმილი ბრალდების მხარეს, ეს ფაქტია, სხვა შემთხვევაში 11 პირის საქმე ორად არ გაიყოფოდა. თუმცა, ჩვენ შესაძლოა ვიშუამდგომლოთ ამ საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ, თუკი ამის სამართლებრივი საშუალება მოგვეცემა“, - ამბობს დავით ხაჟალია.

როგორც ადვოკატი განმარტავს სპეცრაზმის 11-ვე ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს იდენტური ბრალდება აქვს წარდგენილი, გარდა ლევან ბეროძისა. კერძოდ, ყველა პირს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში. ლევან ბეროძეს კი - მტკიცებულების გაყალბება.

საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, ამ საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების მხრიდან პროკურატურის მიმართ მომზადდა განცხადება, სადაც რამდენიმე ბრალდებული აცხადებს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებების ნაწილს სადავოდ არ ხდის. 

„ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია განსხვავებული პროცედურა. კერძოდ, საქმის არსებითი განხილვა შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ის ბრალდებულები, ვისაც არ სურს მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა, ცალკე გამოყოფილ საქმეში გაერთიანდნენ. სხვა ბრალდებულებისგან კი ასეთი შეთავაზება არ მიგვიღია მტკიცებულებათა ნაწილის არასადავოობასთან დაკავშირებით, რის გამოც არსებითი განხილვის შემთხვევაში, სასამართლო პროცესზე სრული მოცულობით ჩატარდება მტკიცებულებების გამოკვლევა“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისთვის უცნობია ინფორმაცია, ფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ სპეცრაზმელებთან.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ბრალდებულთან, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით რა მოხდება. მაგრამ, სპეცრაზმელი იქნება, ექიმი, იურისტი თუ ეკონომისტი, თუკი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს ადამიანი, მის მიმართ მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა ზომები. არ ვიცი, სპეცრაზმელი თუ ჩაიდენს დანაშაულს რატომ არ შეიძლება ის ადამიანი დაიჭირო? სპეცრაზმს აქვს შიდა დებულება და წესები, რას უნდა ემორჩილებოდნენ და როგორ უნდა იქცეოდნენ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხის მხოლოდ ნაწილი წარადგინა, რადგან ბრალდებულების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა 5 ივნისისთვის გადაიდო. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე დაასრულებს მტკიცებულების წარდგენას, დაცვის მხარე მტკიცებულებას უკვე, სასამართლოს წარუდგენს და სწორედ, ამის შემდეგ იმსჯელებენ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სულ 11 პირია დაკავებული. სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები - ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, გრიგოლ კვინიკაძე, ლევან ბეროძე და გიორგი ცააძე და 6 სპეცრაზმელი. სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.